აშშ-ის მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვეს. სუს-ის ამბობს, რომ ის დესტრუქციული ჯგუფების ტრენინგებთან იყო კავშირში
აშშ-ის მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვეს
საქართველოში არ შემოუშვეს ამერიკის მოქალაქე, ევრაზიის საკითხებში სპეციალისტი მარშალ ქომინსი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ადასტურებს, რომ ქომინსის საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე “დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების, დატრენინგებასა და მათთვის მითითებების მიცემაში”.
სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის საელჩო მათი მოქალაქის საქართველოში არშემოშვებაზე სუს-ს არ დაკავშირებია და „ალბათ თვითონაც [აშშ-ის საელჩომ] კარგად იციან”, რატომაც არ შემოუშვეს საქართველოში.
მარშალ ქომინსი, მისი ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში სპეციალისტია. ის უფროსი მრჩეველია და მისი საქმიანობა მოიცავს სტრატეგიულ კონსულტაციებს, საერთაშორისო ადვოკატირებას, კრიზისების მენეჯმენტსა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის კუთხით მუშაობს.
“ამერიკის საელჩო არ დაგვიკავშირდა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ შემოვუშვით ეს კონკრეტული პიროვნება. მე მიზეზი არ ვიცი, სავარაუდოდ, ალბათ თვითონაც კარგად იციან, რატომაც არ შემოვუშვით… მას შემდეგ რაც ის მხილებული იქნა იმ საქმიანობაში, რა საქმიანობითაც წარმოდგენილი იყო აქ. მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე, დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების, ასე ვთქვათ, დატრენინგებასა და მითითებების მიცემაში და ასე შემდეგ,” – განაცხადა მან.
ლილუაშვილი აცხადებს, რომ არ იცის ქომინსის საქართველოში არშემოშვება დაკავშირებულია თუ არა აშშ-ის მხრიდან ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან.
„მე ვერ გეტყვით სანქციები პირდაპირ კავშირში არის ამ არშემოშვებასთან თუ არა. ამ საკითხზე ჰკითხეთ ამერიკულ მხარეს“ – განაცხადა ლილუაშვილმა.
● საქართველოში კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, ალექსანდრა შევჩენკო არ შემოუშვეს
● საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა და მათი უმეტესობა ომის შემდეგ დარეგისტრირდა – TI
● „თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
17 თებერვალს ოცნების სატელიტმა “ხალხის ძალამ” პარლამენტში განსახილველად ორი კანონპროექტი დაარეგისტრირა – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და მეორე – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. როგორც ამას პროცედურები ითვალისწინებს, ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაშია გადაგზავნილი.
ამ ორიდან ერთი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი 7 მარტს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო. კანონის ინიციირებას თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მოჰყვა. კანონპროექტის მიღების შემდეგ კი პროტესტი მრავალათასიან მიტინგებში გადაიზარდა, რომელიც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. მომიტინგეებს დაუშინეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.
ამ კანონპროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ყველა, მთავრობის გარდა, რუსულ კანონს უწოდებს და ამბობს, რომ მისი მიღება ქვეყნისთვის დიდი ბარიერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.