აშშ-ის ელჩი წინასაარჩევნო დაშინების და შევიწროების ფაქტებზე შეშფოთებას გამოთქვამს
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში წინასაარჩევნოდ დაფიქსირებული დაშინების ფაქტების გამო და ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები საზოგადოებას კიდევ უფრო პოლარიზებულს ხდის.
დეგნანის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მედიას უნდა მიეცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება, რათა ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. ელჩი განმარტავს, რომ ეს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება დაშინების, შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც დაფიქსირდა წინასაარჩევნო პერიოდში. ასეთი ფაქტები და სიძულვილის ენა ხელს უწყობს ისედაც პოლარიზებული საზოგადოების ერთმანეთთან კიდევ უფრო დაშორებას. მიუღებელია თავდასხმები მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ჟურნალისტებმა უნდა შეძლონ, საკუთარი საქმე განახორციელონ მშვიდ გარემოში, რომ მოქალაქეებს შეეძლოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის”, – აცხადებს დეგნანი.
● რას ვირჩევთ 2 ოქტომბერს? ხუთი ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ საქართველოში თვითმმართველობა არ არის
● ISFED წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს: დარღვევები, ძალადობა და ზეწოლა
ელჩის თქმით, ის დადებითად აფასებს წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც, ამომრჩევლის აქტივობა, სავარაუდოდ, მაღალი იქნება.
“კარგია, როდესაც ხალხს სურს მივიდეს საარჩევნო უბანზე და გამოხატოს საკუთარი პოზიცია. იმედი მაქვს, იქნება მშვიდობიანი და წყნარი გარემო იმისთვის, რომ ადამიანებს მიეცეთ საარჩევნო უბნებზე მისვლის და არჩევანის დაფიქსირების საშუალება”, – ამბობს აშშ-ის ელჩი.
კელი დეგნანმა ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზეც. ელჩის თქმით, საქართველოს სჭირდება მშვიდი გარემო და არა არასტაბილურობა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ სწორედ მშვიდ გარემოს იხილავს საზოგადოება როგორც არჩევნების დღეს, ისე მას შემდეგაც:
“სწორედ ესაა ის, რასაც ჩვენ ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი და იმედი მაქვს, სწორედ ამას ვიხილავთ არჩევნების დღეს და მის შემდეგაც.”
● კრიზისის დასასრული? ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა
● ევროკავშირი სუს-ის მიერ დიპლომატების მოსმენის გამო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს
● ევროკავშირი: საქართველომ ვერ შეძლო შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს არის დანიშნული. მმართველი გუნდი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ისევე როგორც ოპოზიცია.
თვითმმართველობის არჩევნები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხელმოწერით ახალი დოკუმენტი შექმნა.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ათობით ადამიანი სამსახურიდან შესაძლო დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. კერძოდ, ამ პერიოდში 62 დასაქმებულის მიმართ სხვადასხვა სახის ზეწოლა განხორციელდა.
მისი განმარტებით, ამ პირთა უმეტესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან დაადასტურა ზეწოლის და გათავისუფლების ფაქტები და მიზეზად ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა.