ევროკავშირი: საქართველომ ვერ შეძლო შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობები
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სპეციალური ბრიფინგით ეხმაურება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, უარი თქვას მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე.
წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ საქართველომ ვერ შეძლო ამ დახმარების ყველა პირობა სრულად შეესრულებინა. ამასთან ერთად, ევროკავშირი საუბრობს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე.
მათი განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა წარიმართა საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, რაც საჭირო იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობისთვის:
“შერჩევის პროცესში არ იყო თანაბარი პირობები კანდიდატებისთვის, ასევე არ იყო მიღებული კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას.”
მათივე თქმით, 150 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება, რომლის ნახევარი გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა მოსახლეობის დახმარებას პანდემიასთან გამკლავებაში, შესაბამისად, “ეს თანხები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა.”
როგორც ევროკავშირი აღნიშნავს, მაკროფინანსური დახმარების პირობები, იმ ვალდებულებებს შორის იყო, რომელიც საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა 2020 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით შეთანხმებული, შარლ მიშელის დოკუმენტით მიიღეს.
“ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
_____________________________________________
●“კლანი უნდა დასრულდეს” – იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლეები აქციის ფონზე აირჩია
●კარტოგრაფების საქმე, გიორგი რურუა და სასამართლო კლანი – საქართველო სახდეპის ანგარიშში
● აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით
_____________________________________________
დღეს საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება თავს იკავებს ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. იგივე თქვა გუშინ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც.
როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, მთავრობამ საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ასევე, ღარიბაშვილი თქმით, საქართველოს აქვს “ძალიან კარგი, ძლიერი ეკონომიკური ზრდა.”
ევროკავშირის მიერ კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების დაძლევის მიზნით, დახმარების სახით გამოყოფილი 150 მილიონი ევროს ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში უკვე მიიღო, მეორე ნაწილის გადმორიცხვა კი 2021 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო.
ექსპერტების და პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება პირდაპირ გადახვევაა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსიდან.
“ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების შეჩერება ნიშნავს მინიმუმ ათჯერ მეტის დაკარგვას, რადგან ყველა პოტენციური ინვესტორი ამ ფაქტის გამო, საქართველოს გადაიყვანს მაღალი რისკის ზონაში და შეაჩერებს აქტივობას”, – ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.