არჩევნების შედეგების გაყალბების ფაქტზე ცხინვალში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ოპოზიცია მაინც უკმაყოფილოა
სისხლის სამართლის საქმე ცხინვალში არჩევნების გაყალბებაზე
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ ოპოზიციის მოთხოვნები გაითვალისწინა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა “კენჭისყრის გაყალბებისა და ბიულეტინების დაზიანების საქმეზე”. თუმცა დაზარალებულად არ დასახელდა პარტია “ერთიანი ოსეთი”, რომელმაც გამოძიების დაწყება მოითხოვა, არამედ – მმართველი პარტია – “ნიხასი”.
“ერთიანი ოსეთი” არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და მათ გადახედვას ითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ მან არჩევნებში გაიმარჯვა. პარტია იწრმუნება, რომ რეალურად უფრო მეტი მანდატი ეკუთვნოდა, ვიდრე მიიღო.
«დაჩაგრული» სახელისუფლებო პარტია
„გამოძიების ვერსიით, 2024 წლის 9 ივნისს სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მერვე მოწვევის დეპუტატების არჩევისას, ქალაქ ვლადიკავკაზში, საარჩევნო უბან №73-ში, ერთ-ერთ ხმის მიცემის კაბინაში დაუდგენელმა პირმა შეცვალა ბურთულიანი კალმის მელანი გაქრობადი მელნის შიგთავსით,“ – ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
შედეგად, 695 საარჩევნო ბიულეტენზე მელანი პირდაპირი მნიშვნელობით აორთქლდა და ბიულეტენები გაუქმებულად იქნა ცნობილი.
ამასთან, გენერალური პროკურატურის ვერსიით, ყველაზე მეტი გაფუჭებული ბიულეტენი ხელისუფლების პარტია «ნიხას»-ს ეკუთვნოდა, ხოლო სარჩელის შემტანი «ერთიანი ოსეთი»-ს პარტიას – მხოლოდ 47 ბიულეტენი დაუზიანდა:
„გაუქმებულად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების წინასწარი გამოკვლევისას დადგინდა, რომ პირველ სამ პოლიტიკურ პარტიას შორის, რომელთა დასახელების გვერდით ბიულეტენებში აღმოჩნდა მექანიკური ზემოქმედების კვალი და მელნის კვალი გაქრა, არიან: პოლიტიკური პარტია «ნიხასი» – 403 ბიულეტენი, «სახალხო პარტია» – 146 ბიულეტენი, «ერთიანი ოსეთი» – 47 ბიულეტენი.“
- ცხინვალში ოპოზიციური პარტია “ერთიანი ოსეთი” უარს ამბობს ახალ პარლამენტში შესვლაზე
- „პოლიტიკური ქორწილი“: ცხინვალში წინასაარჩევნოდ შეურიგებელი ოპონენტები გაერთიანდნენ
ბოიკოტი გრძელდება
“ერთიანი ოსეთი” არ ეთანხმება ასეთ ინტერპრეტაციას. პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარემ, ყოფილმა სპიკერმა და პარლამენტის დეპუტატმა ალან თადტაევმა განაცხადა, რომ მათ სარჩელში მიუთითეს სამი სამართალდარღვევის ეპიზოდი, ხოლო გენერალურi პროკურატურა მხოლოდ ერთით დაინტერესდა.
თადტაევი ამბობს: “ჩვენ მივუთითეთ ხმების დათვლის სამ ეპიზოდზე, რა დროსაც ცესკოს წევრებმა დაარღვიეს კონსტიტუცია და სხვა კანონები, რომლებიც ეხება არჩევნებს”. ის ამბობს, რომ პარტია გააგრძელებს ბრძოლას უზენაეს სასამართლოში სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად.
მან მიუღებლად მიიჩნია სხვა საპარლამენტო პარტიების «ნიხას»-ის, სახალხო პარტიისა და კომუნისტური პარტიის დუმილი და არჩევნების გაყალბების ფაქტების უგულებელყოფა (მისი მტკიცებით, კომუნისტურმა პარტიამ ორი მანდატი საერთოდ მხოლოდ გაყალბების შედეგად მიიღო).
“ერთიანი ოსეთი” ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის ამ მოწვევას: ბოლო ორი თვის განმავლობაში ოპოზიციური პარტიის დეპუტატები არცერთ სხდომას არ დაესწრნენ და, შესაბამისად, არც ერთ მნიშვნელოვან საპარლამენტო თანამდებობაზე არ მოხვდნენ. თუმცა, პარტია აპირებს ბოიკოტის გაგრძელებას, სანამ უზენაესი სასამართლო სარჩელზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. სასამართლო სხდომის თარიღი კი ჯერ კიდევ უცნობია.
“პრეზიდენტის ცირკი”
გენერალური პროკურატურის პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან სამხრეთ ოსეთის საზოგადო მოღვაწეებიც. ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე გენპროკურორ გრიგორი სობაევის განცხადებას უწოდეს ცირკი, რომელიც პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მოაწყო.
არხის ავტორები გაღიზიანებული ამბობდნენ: “გაგლოევს და მის თანამზრახველებს არ ჰყოფნით მოპარული არჩევნები – ახლა მათ სურთ თავიანთი თავხედური ქურდობის ლეგიტიმაცია. სანამ ხალხი ასე უპასუხისმგებლოდ მოექცევა თავის მომავალს, ისეთი უსულგულო პერსონაჟები, როგორიცაა გაგლოევი და სობაევი, თავიანთ თამაშებს გააგრძელებენ. ისინი ფიქრობენ, რომ მოქალაქეები უსახო მასაა. ხალხი არ არის მონა, და დროა, ეს ყველამ გაიგოს!”
ტერმინები, ტოპონიმები, მოსაზრებები და იდეები, რომლებიც მოცემულია ამ პუბლიკაციაში, არ შეესაბამება JAMnews-ის ან მისი თანამშრომლების შეხედულებებსა და იდეებს. JAMnews იტოვებს უფლებას წაშალოს კომენტარები, რომლებიც შესაძლოა ჩაითვალოს შეურაცხმყოფელად, მუქარად, ძალადობისკენ მოწოდებად ან ეთიკურად მიუღებლად სხვა მიზეზებით.