არასამთავრობოები: ვიბრძვით ერთად - ერთმანეთისთვის, ბენეფიციარებისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის
არასამთავრობოების განცხადება
არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და რუსული კანონის ამოქმედებას გმობენ. ენჯეოები სოლიდარობას უცხადებენ კოლეგებს, რომლებსაც ანტიკორუფციულმა ბიურომ “ყოვლისმომცველი და კონფიდენციალური ინფორმაციის” მოთხოვნით მიმართა.
ისინი აცხადებენ, რომ ამ ბრძოლაში ერთიანები არიან და არ დაუთმობენ საქართველოს მომავალს – “არც ივანიშვილის რეჟიმს, არც მურუსიძის სასამართლოს, არც პუტინისა და ლუკაშენკოს ავტორიტარულ სისტემას”.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 17 ივნისს რუსული კანონების აღსრულება დაიწყო. როგორც ენჯეოები განმარტავენ, მათ უკვე მოსთხოვეს ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემა, ვინც მათი დახმარებით ისარგებლა.
განცხადება
“ჩვენ, ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს – სამოქალაქო საზოგადოების ფონდს, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს, საფარს, მომავლის აკადემიას“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს – რომელთა წინააღმდეგაც 17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ, მურუსიძის სასამართლოს გამოყენებით, მიმართა ყოვლისმომცველი და კონფიდენციალური ინფორმაციის მოთხოვნით.
ეს მოთხოვნა არ ეფუძნება არც სამართლებრივ საფუძველს და არც ლეგიტიმურ ინტერესს. იგი წარმოადგენს პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმს და მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას. მოთხოვნილი ინფორმაცია მოიცავს ჩვენს ბენეფიციარებზე – მათ შორის ქალებზე, ბავშვებზე, ძალადობის მსხვერპლზე, უმცირესობებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე – პირად, საბანკო, სამედიცინო და სოციალური მონაცემებს. მათი დაცვა ჩვენი პროფესიული და მორალური ვალდებულებაა.
ჩვენ ვაცხადებთ მკაფიოდ და ერთხმად – ამ ბრძოლაში არავინ რჩება მარტო. სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ეს იდეოლოგიური და ინსტიტუციური დევნა წარმოადგენს რუსული მოდელის პირდაპირ კოპირებას. ჩვენ არ დავუთმობთ საქართველოს მომავალს – არც ივანიშვილის რეჟიმს, არც მურუსიძის სასამართლოს, არც პუტინისა და ლუკაშენკოს ავტორიტარულ სისტემას.
ჩვენ ვიბრძვით ერთად – ერთმანეთისთვის, ჩვენი ბენეფიციარებისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის.
ჩვენ არ ვცხოვრობთ და არ ვიცხოვრებთ რუსული წესებით.”
“ქართული ოცნების” მიერ მიღებული FARA-ს კანონი 31 მაისიდან ამოქმედა.
ქართული FARA მიზანში იღებს და საქმიანობას უზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. კანონის აღმასრულებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება. განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონპროექტით “FARA”-ს გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი, მარტა კოსი ოცნების “FARA”-ს კანონის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ კანონი საქართველოს დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს და მისი მიღება “ქართული ოცნების” კიდევ ერთი აგრესიული ქმედებაა განსხვავებული აზრის ჩასახშობად.
ამასთან, 2024 წლის აპრილში, საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს დროში მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველოში ვერანაირი უცხოური გრანტი ვერ გაიცემა მთავრობის თანხმობის გარეშე. ანუ, თუ რომელიმე ფონდს ან ორგანიზაციას – მაგალითად, ევროკავშირს ან გაეროს – სურს დაეხმაროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას, ამისთვის ჯერ ირაკლი კობახიძის მთავრობისგან ოფიციალური ნებართვა უნდა აიღოს.
10 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ “ქართულ ოცნებას” 15 აპრილს მიღებულ ე.წ. გრანტების კანონში, რომლის მიხედვითაც, მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტის გაცემა აიკრძალა, ცვლილებები შეაქვს: ამიერიდან ტექნიკური, საექსპერტო დახმარების თუ ცოდნის გაზიარებისთვის, ივანიშვილის ხელისუფლების თანხმობა იქნება საჭირო.