აფხაზეთში ბადრი ჯიქირბა, რომელსაც ანზორ თარბას მკვლელობა ედება ბრალად, გალის რაიონის პოლიციის უფროსად დაინიშნა.
ანზორ თარბა 2019 წლის ივნისში დააკავეს, როგორც გატაცებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი. მალე ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გარდაიცვალა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თარბა წამების შემდეგ გარდაიცვალა. გამოქვეყნდა მისი სხეულის ფოტოები მრავალი სისხლჩაქცევებითა და დაზიანებებით. კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის უფროსი მაშინ ბადრი ჯიქირბა იყო.
თავდაპირველად, დაკითხვაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ ანზორ თარბა შსს-ს შენობის მეორე სართულის შიდა კიბიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. გამოძიება ოთხი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ დაადგინა, რომ თარბა მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, 2023 წლის 30 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ გაამართლა ამ საქმეში მონაწილე ოთხივე პოლიციელი, მათ შორის ბადრი ჯიქირბა.
ბადრი ჯიქირბა
ახლა კი რეაბილიტირებულ ჯიქირბას ახალი სამსახური აქვს.
და არა მარტო მას. ანზორ თარბას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ყოფილი ბრალდებული ასლან ჭედია გალის რაიონის პოლიციაში მის მოადგილედ დაინიშნა.
ბედის ირონიით, გალის რაიონის პოლიციის ყოფილი უფროსი დაკავებულის გარდაცვალების მსგავსი ფაქტის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან.
ეს თანამდებობები ვაკანტურია 2023 წლის დეკემბრიდან. რაიონული პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ტყვარჩელის რაიონის სოფელ წარჩაში მცხოვრები ვიტალი კარბაია პოლიციაში დაკითხვის დროს გარდაიცვალა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო