"ამომრჩევლები იმსახურებენ უფრო მაღალ სტანდარტს" - აშშ-ის საელჩო და ევროკავშირი არჩევნებს აფასებენ
აშშ-ის საელჩო და ევროკავშირი 2 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ქართველი ამომრჩეველი სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს იმსახურებს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ძირითადად მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს, თუმცა საარჩევნო პროცესი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღე.
„აშშ იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ [საარჩევნო] გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც. მაშინ როცა ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ძირითადად მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს, საარჩევნო პროცესი უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღე”, – წერია მათ განცხადებაში.
განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ არსებობდა ცნობები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, რაც არჩევნების სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებს. მათი თქმით მსგავსი ფაქტები არ შეესაბამება საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს.
„სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი ღრმად შემაშფოთებელია. ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ. ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში არჩევნების დღეს. ასეთი ტიპის დარღვევებს ხშირად ჰქონია ადგილი საქართველოს არჩევნებში, რაც სრულად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ იდეალებთან. არსებობს სახიფათო რისკი, რომ ეს და სხვა განმეორებადი ხასიათის საარჩევნო დარღვევები გარდაუვალი გახდეს. საქართველოში ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს.”
საელჩო მწუხარებას გამოთქვამს იმაზეც, რომ ხდება დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის კიდევ უფრო ღრმა პოლარიზაციაში შეყვანა და პარტიები პირად თავდასხმებზე უფრო მეტად არიან კონცენტრირებულნი, ვიდრე ამომრჩეველთა პრიორიტეტებზე.
რაც შეეხება ევროკავშირის წარმომადგენლობას, მათი განმარტებით, არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული – თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა.
“მისიამ დაასკვნა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული – თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა. საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო კამპანია თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში წარემართათ და რომ არჩევნების დღე მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. მან ასევე ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ხარვეზებს, განსაკუთრებით დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულ და თანმიმდევრულ განცხადებებს და არათანასწორ საასპარეზო პირობებს. გარდა ამისა, რესურსებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის დაფინანსების არასაკმარისი მონიტორინგი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა მმართველ პარტიას აძლევდა ხელს. საარჩევნო კამპანიაში ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ საჭიროება უფრო მეტი ვალდებულების აღება პოლიტიკაში ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად”, – წერია მათ განცხადებაში
ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე პოლარიზაცია უარყოფითად აისახება დემოკრატიაზე და ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება.
● მოსყიდვა, დაშინება, ამომრჩეველთა ნების კონტროლი – როგორი იყო არჩევნების დღე საქართველოში
● ეგზიტპოლები: თბილისში, დიდი ალბათობით, მეორე ტური იქნება
● ცესკოს წინასწარი შედეგები: “ქართული ოცნება” ქვეყნის მასშტაბით 49 პროცენტს აგროვებს, თბილისში – 41-ს
2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობას უნდა აერჩია 64 მერი და საკრებულოს 2044 დეპუტატი.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 43 საარჩევნო სუბიექტი.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
ეს რიგით მერვე თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარდა.
ეს არჩევნები, თავისი მნიშვნელობით, ოპოზიციამ და არამხოლოდ ოპოზიციამ, მისი დანიშვნის დღიდანვე შეაფასა რეფერენდუმის ტოლფასად.