ამირან გამყრელიძე: საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ქვეყანაში მესამე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა.
“მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში, მაგრამ, გვინდა, რომ ის მაქსიმალურად მართვადი იყოს და არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში”, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ყველა ის კლასტერი, რაც დღეს საქართველოშია, პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება თავშეყრებს სხვადასხვა მიზეზით:
“იქნება ეს ქორწილები, იქნება ეს ქელეხი თუ იქნება ეს დაბადების დღეები და ა.შ. მარტო კონტროლი არ უშველის, თუ ჩვენი თვითშეგნება არ იქნა, რომ სწორედ თავი უნდა შევიკავოთ ამ ტიპის თავშეყრებისგან”.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს 50-დან 70%-მდე ცირკულირებს ქვეყანაში ბრიტანული ახალი შტამი.
ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედი ე.წ. კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება.
“საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა”, – ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
ჯერ-ჯერობით უცნობია, იგეგმება თუ არა ქვეყნის ისევ მკაცრ ლოკდაუნზე გადასვლა.
________________________________
● NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53 პროცენტი კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა
● საპატრიარქო არ ჩაერთვება ვაქცინაციის პროპაგანდაში – ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქს შეხვდა
● 30 მარტიდან საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინით აცრა დაიწყო
_______________________________
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID 19-ის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 8 ადამიანი. ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსაც.
პარალელურად, საქართველოში, კორონავირუსზე ვაქცინაცია ნელი ტემპებით მიმდინარეობს.
ქვეყანაში ამჟამად ორი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი – “ფაიზერი” და “ასტრაზენეკა”. რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში შემოვიდა ჩინური ვაქცინის 100 000 დოზაც, თუმცა მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ გამოიყენებენ.
საქართველო კორონავირუსის პანდემიის გამო შარშან, მარტში ჩაიკეტა. თუმცა მანამდე, 2019 წელს, საქართველოს 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია და ტურიზმმა ჯამში ქართულ ეკონომიკას 3.2 მილიარდი დოლარი მოუტანა.