რამ დააფრთხო რუსი ტურისტები აფხაზური კურორტების მიმართ?
აფხაზ სამართალდამცავებს ერთ კვირაზე ნაკლები დასჭირდათ, რომ რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების ორ ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმასა და ამის შედეგად დაღუპული ანდრეი კაბანოვის საქმეზე ეჭვმიტანილები დაეკავებინათ. ქვეყნის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა: რატომ? ამ საქმის მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გახმაურებამ ქვეყნის ტურისტულ იმიჯს ავნო, და ეს მაშინვე აისახა იმ სფეროზე, რომელიც ბიუჯეტის შემოსავლების 10 %-ს შეადგენს. ინციდენტმა რესპუბლიკის ხელისუფლება აიძულა, მეტი ყურადღებით მოკიდებოდნენ კრიმინალის გარადა, სხვა ფაქტორებსაც, რაც ტურისტების ნაკადზე უარყოფით გავლენას ახდენს. ასეთებია: ГАИ-ს თანამშრომლების საქმიანობა, რომლებიც რუსებს ატყავებენ, და 2017 წლის ცუდი ამინდი. „ნოვაია გაზეტას“ თხოვნით, Jam News-ის თანამშრომელმა დმიტრი სტატეინოვმა ტურისტული მომსახურების ბაზრის მონაწილეთა აზრი გამოიკითხა და ესაუბრა თავად ტურისტებს: თუ რა შეემთხვათ მათ აფხაზეთში დასვენების დროს.
თავდასხმა ტურისტებზე
11 ივლისს აფხაზეთის გუდაუთის რაიონის მდინარე აპასტას ნაპირზე ორი უცნობი ნიღბიანი პირი, რომლებიც დანით და ცეცხლსასროლი იარღით იყვნენ შეიარაღებულები, თავს დაესხა მოსკოველი ტურისტების ჯგუფს. მსხვერპლი – ორი ახალგზრდა ოჯახია, რომლებსაც ოთხი ბავშვიც ახლდათ – კაბანოვები და ჩიჟიკოვები. თავისიანების დაცვის მცდელობისას ანდრეი კაბანოვი დამნაშავეებს დაესხა, მაგრამ ის მკერდის არეში დანით დაჭრეს. ამის შემდეგ ბანდიტებმა მათთვის ძვირფასეულობისა და ფულის გადაცემა მოითხოვეს. ნიკოლაი ჩიჟიკოვმა თქვა, რომ ფული მას მხოლოდ ბარათზე ჰქონდა, რის შემდეგაც რუსი უახლოეს ბანკომატთან თანხის მოსასხსნელად გაგზავნეს. ქალები და ბავშვები კი მძევლებად აიყვანეს და ტყეში წაიყვანეს. ნაპირზე დასისხლიანებული ანდრეი კაბანოვი დარჩა. მის ყვირილზე ადგილობრივი მცხოვრები მივიდა, და დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც კაბანოვი გარდაიცვალა. ორი დღის შემდეგ მილიციამ ჯერ პირველი, შემდეგ კი მეორე ეჭვმიტანილი დააპატიმრა – ძმები ჯინჯოლიები. 29 წლის აგდურმა და 30 წლის დაურმა ყველაფერი აღიარეს.
შეშინდნენ?
აფხაზეთში რუსეთის საელჩომ მომხდარის შემდეგ თანამემამულეები კრიმინალური ვითარების გაუარესების თაობაზე გააფრთხილა და მათ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა ურჩია. ანდრეი კაბანოვის გარდაცვალების პირველ დღეებში რუსმა ტურისტებმა აფხაზეთის საგზურებზე უარის თქმა დაიწყეს, – აღიარებენ აფხაზეთის „ტურიზმის კავშირის“ პრეზიდენტი და ტურისტული სააგენტოს მფლობელი ანა კალიაგინა. მაგრამ შემდეგ ყველა დაწყნარდა.
“პირველ ორ-სამ დღეში, როგორც კი სიახლემ რუსეთის ყველა მასობრივი საინფორმაციო საშუალება მოიარა, ტურისტები ჯავშანს აუქმებდნენ, საგზურებზე უარს ამბობდნენ. ახლა მოთხოვნები ისევ წამოვიდა. ჩვენს ტურისტულ ფირმაში საგზურზე უარი 20-მა ადამიანმა განაცხადა, ძირითადად – ბავშვიანმა ოჯახებმა, მაგრამ მათ აუხსნეს, რომ ისეთი შემთხვევა, როგორიც ტურისტის მოკვლაა, ჩვენს ქვეყანაში მრავალი წლის განმავლობაში პირველად მოხდა, და ეს გამონაკლისია. საბოლოოდ, უარის მთქმელების ნახევარმა გადაწყვეტილება აფხაზეთში დასვენების სასარგებლოდ შეცვალა“, – თქვა მან
სოხუმის კერძო სასტუმროს დიასახლისი ჰყვება, რომ მისმა სტუმრებმა მკვლელობის დღეს ჩემოდნების ჩალაგება დაიწყეს. „ძლივს გადავაფიქრებინე. თითქოს დაწყნარდნენ, დარჩნენ, მაგრამ ვხედავ, რომ ერთი სული აქვთ, ვიდრე შვებულება დაუმთავრდებათ. ორმა სხვამ ჩამოსვლაზე უარი თქვა, დანარჩენები, მგონი, ჩამოსვლას აპირებენ“, – ამბობს ის.
აფხაზეთი საშიშია? ოფიციალურად – არა
თუ იმ სტატისტიკის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომელსაც ყოველი ტურისტული სეზონის შემდეგ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს, სამართალდამცავი ორგანოები სიტუაციას აკონტროლებენ. მაგალითად 2015 წლის მაისიდან აგვისტომდე რესპუბლიკაში ჩამოსულთა მიმართ 343 დანაშაულია ჩადენილი (უმეტესწილად ძარცვა და ქურდობა), გახსნილია – 43. ხოლო მომდევნო წელს 2016-ში დარეგისტრირებულია მხოლოდ 66 დანაშაული, რომელთაგან გახსნილია – 34.
მართალია, კერძო საუბრებში სოხუმის მცხოვრებლები და სტუმრები ამბობენ, რომ რუსი ტურისტები დანაშაულის მსხვერპლი გაცილებით ხშირად ხდებიან, ვიდრე ეს სტატისტიკაშია ასახული, უბრალოდ მილიციას არ მიმართავენ. უმეტესად ეს არის წვრილმანი ქურდობა ქუჩებში, კაფეებსა და პლაჟებზე – საფულეები, ჩანთები ტექნიკა. ბოლო ხანს კი ბინის გაქურდვის ფაქტებიც გახშირდა.
„ჩემს ბინაში დღისით-მზისით ორი ადამიანი შემოძვრა. გავიგონე, ჩემს კარს ვიღაც როგორ უჩხიკინებდა; მივედი, ვხედავ ორი კაპიუშონიანი ახალგზრდა დგას. ყვირილი რომ დავიწყე, წავიდნენ“, – ჰყვება სანკტ-პეტებურგის მცხოვრები, რომელიც სოხუმში ისვენებს.
„ჩემს მეზობელს დღისით, სახლიდან ყველაფერი მოჰპარეს, ავეჯის გარდა. უბრალოდ სახლის პატრონის არყოფნისას კარი გააღეს და ყველაფერი წაიღეს“, – ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი.
არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში მილიციისთვის არ მიუმართავთ.
„გასულ წელს ერთ დამსვენებელ ქლს, რომელიც ბინას ჩვენთან ქირაობდა, დამნაშავეებმა ხელიდან ჩანთა გამოსტაცეს. ისინი დაიჭირეს და მილიციაში წაიყვანეს, დამსვენებლებმა განცხადება დაწერეს, მეორ ედღეს კი ეს ბანდიტები ისევ ჩვენს უბანში დასეირნობდნენ. რა აზრი აქვს მილიციასთან საქმის დაჭერას? მაინც არავის დასჯიან“, – მსჯელობს სოხუმის ერთ-ერთი უბნის მკვიდრი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პრობლემას აშკარად აცნობიერებს – წელს, შვებულებების სეზონის დროს მასობრივი თავშეყრის ადგილებში მილიციის შემადგენლობები გაძლიერებულია. როგორც უწყების პრეს-სამსახურში გვიამბეს, მილიციის თანამშრომლები ტურისტებისთვის პოპულარული მარშრუტების პატრულირებას ახდენენ, მათ შორის – სანაპიროს ზონისა და მდინარეების ნაპირების. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ადგილას მოხდა ის თავდასხმა.
ის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები, რაც მოსახლეობას 1992–93 წლების საქართველო-აფხაზეთის ომის შემდეგ შემორჩა – პრობლემის მხოლოდ ნაწილია. ეს იარაღი აღრიცხვას პრაქტიკულად არ ექვემდებარება, სამაგიეროდ ხშირად გამოიყენება კრიმინალური მიზნებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში ამბობენ, რომ არსებობს ელექტრონული ბაზა, რომელშიც დარეგისტრირებული იარაღია შეტანილი. თუმცა, უცნობია, თუ რამდენია დაურეგისტრირებელი.
იაფად,მაგრამ მოუხერხებლად
რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის 240-ათასიანი აფხაზეთი – ეს, პირველ რიგში, თბილი ზღვა და ვიზების არარსებობაა – რესპუბლიკაში მოხვედრა რუსეთის შიდა პასპორტით შეიძლება. როსსტატის მონაცემებით, 2016 წელს აფხაზეთში 4 მილიონი რუსი იმყოფებოდა, ყველაზე პოპულარულ უცხოურ მიმართულებებს შორის ის პირველ ადგილს იკავებს, – იუწყება „ინტერფაქსი“. რუსეთის სტატისტიკის სამსახური ითვალისწინებს ყველას, ვინც საზღვარს კვეთს, ხოლო აფხაზეთის ტურიზმის სამინისტრო – მხოლოდ მათ, ვინც სასტუმროებსა და კერძო სექტორში ჩერდება. ამიტომ, სოხუმი გასული წლის განმავლობაში შემოსული ტურისტების ნაკადს მილიონნახევრის დონეზე აფასებს. უკანასკნელი ორი წელიწადი საერთოდ რეკორდული იყო ადგილობრივი ტურისტული ბიზნესისთვის. 2016 წელს ტურისტულმა მომსხურებამ აფხაზეთს ოფიციალურად 2,57 მილიარდი რუბლი მოუტანა, ანუ რესპუბლიკის ეკონომიკის თითქმის 8%.
საგადასახადო გადარიცხვების გარდა, რასაც სასტუმროების პატრონები და მეიჯარეები იხდიან, რესპუბლიკა ირიბ შემოსავალსაც იღებს, როდესაც ჩამოსულები საქონელსა და სხვადსხვა მომსახურებას ყიდულობენ. ოღონდ ფული საგადასახადო უწყებას გვერდს უვლის: „ ტურიზმის საშუალებით აფხაზეთში დაახლოებით 6-დან 8 მილიონამდე რუბლია ბრუნვაში, რაც ჩვენი მოქალაქეების ხელში ხვდება, და რითაც შემდეგ სასტუმროებს, კაფეებსა და რესტორნებს აშენებენ“, – ჰყვება კურორტებისა და ტურიზმის მინისტრი ავთანდილ გარცკია.
მაგრამ 2017 წელს ტენდენცია აფხაზური კურორტების არცთუ სასარგებლოდ შეიცვალა. აპრილში გარცკია იუწყებოდა, რომ რუსების მხრიდან სასტუმროების შეკვეთების რიცხვმა იკლო. ზაფხულისკენ ტენდენცია თვალსაჩინო გახდა. როგორც სოხუმში, „აფხაზეთის ტურიზმის საბჭოს“ სხდომაზე ივლისის დასაწყისში ლაპარაკობდნენ, ფასების 20%-ით კლების მიუხედავად, სასტუმროების შევსებამ 30-დან 80-პროცენტამდე იკლო. სპეციალისტები ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობას აღნიშნავენ. აფხაზური ტურისტული ფირმების ხელმძღვანელები, საგზურების გაყიდვის შემცირების გარდა, საექსკურსიო მარშრუტების შემცირებასაც უჩიოდნენ. რუსი ტუროპერატორები მაშინვე იუწყებოდნენ, რომ აფხაზეთში დასვენების მსურველთა რაოდენობამ 2017 წლის ზაფხულში 15-20%-ით იკლო.
გარცკიას აზრით, ტურისტები ცუდმა ამინდმა და აფხაზეთის შესახებ ნეგატიურმა ინფორმაციამ დააფრთხო. ამ წელს ივნისი წვიმიანი გამოდგა, ზღვა ცივი იყო. და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ტურიზმის სფეროზე გავლენას ახდენს – ეს არის ინფორმაცია ამ თუ იმ ქვეყნის შესახებ, სადაც ტურისტი მიმგზავრება. თუ თქვენ რომელიმე ქვეყანაში მიემგზავრებით, წიდაწინ მის შესწავლას იწყებთ, ნახულობთ გამოხმაურებებს; ძალიან მოქმედებს ის ნეგატიური ინფორმაცია, რომელიც მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ყველა წყაროდან ვრცელდება, თანაც ხშირად – გადაუმოწმებელი ინფორმაცია“, – ჰყვება გარცკია „სპუტნიკ აბხაზიასთან“ ინტერვიუში.
ავტომობილი მფლობელებს ამ სიაში საკუთარი დამატებები აქვთ შესატანი. აფხაზეთში ხშირად მანქანებით ჩადიან (მოსკოვიდან სოხუმამდე – 1800 კილომეტრია, ორი დღის გზა), მაგრამ ადგილობრივი ГАИ -ს თანამშრომლები რუსულნომრიან მანქანებს გამძაფრებულ ყურადღებას უთმობენ. რუსი მოქალაქეების მხრიდან ГАИ-ს თანამშრომლების არამართლზომიერი ქმედებების თაობაზე შესული მრავალრიცხოვანი განცხადებისა და საჩივრის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წლევანდელ ზაფხულს გამოსცა ბრძანება, რომელიც საგუშაგოების გარდა, უცხოურნომრიანი მანქანების გაჩერებას და მძღოლებისთვის ფულის გამოძალვას კრძალავს. საბოლოოდ ივნისში სამსხურიდან წასვლის შესახებ განცხადება ГАИ-ს დაახლოებით 60-მა თანამშრომელმა დაწერა.
იყო კრება, სადაც პრეზიდენტმა არსებულ ვითარებას სამარცხვინო უწოდა, და აღნიშნა, რომ „თუკი ГАИ ტურისტების წინააღმდეგ მუშაობს, მაშინ ის სახელმწიფოს წინააღმდეგაც მუშაობს“. ვერ უშველა. „მე ვნახე პრეზიდენტის გამოსვლა, – ჰყვება როსტოველი კირილი, – და ვიფიქრე: ამიერიდან ეს ამხანაგები ჩვენს გაჩერებას მოეშვებიან-მეთქი. მაგრამ, არა – რამდენიმე დღეში „გაიშნიკმა“ შეუფერებელ ადგილას გამაჩერა, და მითხრა, რომ უწყვეტი ხაზი გადავკვეთე. მე მას იმ ადგილს ვუჩვენებ და ვეუბნები, – არ არის იქ არავითარი უწყვეტი ხაზი, ის კი გზადაგზა ცდილობს, რომ რაიმე დარღვევა მოიფიქროს, და ფული აიღოს. საბოლოოდ გამიშვა, მაგრამ ცუდი განწყობა დამრჩა. როგორც ჩანს, პრეზიდენტის და მინისტრის მითითებები ფეხზე ჰკიდიათ“.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო