“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით,აზერბაიჯანული მედიაგამოცემა azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი ამბობს, მას თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო დაბრუნება.
მისი თქმით, ეს ილჰამ ალიევის მორიგი პოლიტიკური დაკვეთაა. როგორც ჟურნალისტი განმარტავს, მას ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე უთხრეს, რომ მისი პასპორტი სისტემაში “უბრალოდ” არ ჩანდა.
როგორც “რადიო თავისუფლება” წერს, აფგან სადიგოვი, რომელიც თავს ყოფილ პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ყვება, რომ შვიდი თვეა, რაც თბილისში ცხოვრობს. ჟურნალისტი მანამდე, წელიწად-ნახევრის წინ, საქართველოში სამკურნალოდ ჩამოვიდა. სადიგოვმა გამოცემას უთხრა, რომ ციხეში ხანგრძლივმა შიმშილობამ ჯანმრთელობა შეურყია – ის აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაპატიმრებული.
“მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ სადიგოვს, როგორც თავად ამბობს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კვლავ პრობლემები შეუქმნა. ის ჰყვება, რომ დაშინებისა და ზეწოლის ქვეშ მოექცა, რის შემდეგაც თბილისში ჩამოვიდა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მისთვის უსაფრთხო არ არის აზერბაიჯანში დაბრუნება.” – განმარტავს მედია.
აფგან სადიგოვი იმ ჟურნალისტების ჩამონათვალში იყო, რომელთა გათავისუფლებას 2019 წელს ორგანიზაცია “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ მოითხოვდა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის 12 იანვარს ილჰამ ალიევის რეჟიმის კრიტიკოსი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სეიმურ ჰაზი საქართველოში არ შემოუშვეს. სარფში საზღვრის კვეთაზე მას უარი ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს.
სეიმურ ჰაზი ოპოზიციური გაზეთის ჟურნალისტი იყო, რის გამოც იგი აზერბაიჯანული რეჟიმისგან უკვე დიდი ხანია დევნილია.
სეიმურ ჰაზისთვი საზღვრის კვეთაზე უარს გამოეხმაურა ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. მისი თქმით, ალიევის რეჟიმი ივანიშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს და საქართველოში შემოსვლაზე უარიც ამ თანამშრომლობის შედეგია.