აფხაზეთში საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო
აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, რომელიც რუსული პრეპარატით Sputnik V მიმდინარეობს. ამავდროულად, აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და არსებობს შიში, რომ სიტუაცია შეიძლება ტურისტული სეზონის დაწყებისთანავე და ათიათასობით რუსი ტურისტის ჩამოსვლისთანავე გაუარესდეს. მათ არც ცნობებს და არც ტესტებს არ სთხოვენ.
- როგორ არის მოწყობილი აფხაზეთის მთავარი ბიზნესი – ტურიზმი?
- მანდარინი, ზღვა და მთა – აფხაზურ ტურიზმს ახალი ლოგო აქვს. თუმცა, იგი ბევრს არ მოსწონს
- რუსეთი და აფხაზეთი: მცოცავი “ჰარმონიზაცია”
- კორონავირუსი აფხაზეთში
ვაქცინაციის პირველ დღეს, 14 მაისს, აფხაზეთში 14 ადამიანი აიცრა. ვაქცინაცია ყველას შეუძლია, ამისათვის საჭიროა მხოლოდ დარეკოთ სოხუმის პოლიკლინიკაში და დარეგისტრირდეთ. მაგრამ ჯერჯერობით მსურველი ძალიან ცოტაა, საუბარი ათობით ადამიანზეა.
ვაქცინაციის დაწყების წინ თანამდებობიდან ჯანდაცვის მინისტრი თამაზ ცახნაკია გაათავისუფლეს. ოფიციალურ მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, მისი გადაყენების შესახებ საზოგადოებაში ხმები აქტიურად ვრცელდებოდა – ძირითადად კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ცუდად ორგანიზებაზე საუბრობდნენ.
თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ ამ ამბის საჯაროდ გამოტანა არ ღირდა. დამშვიდობებისას პრეზიდენტმა ყოფილი მინისტრი ღირსებისა და დიდების მე -3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. მის ადგილზე ედუარდ ბუთბა დაინიშნა – ექიმი და მენეჯერი, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა და მუშაობდა.
ოფიციალური მონაცემებით, 14 მაისისთვის აფხაზეთში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 250 ათასი ადამიანია, კორონავირუსული ინფექციის 14 918 შემთხვევა დაფიქსირდა. 224 ადამიანი გარდაიცვალა, 13 868 გამოჯანმრთელდა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდა ფიქსირდება. დღეში დაახლოებით 40 შემთხვევა აღირიცხება, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე მარტში. აფხაზეთის ყველა საავადმყოფო გადავსებულია პაციენტებით, რომლებსაც Covid-19 დაუდასტურდათ.
ექსპერტები ამბობენ, რომ ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად კორონავირუსის ახალი აფეთქების რისკი იზრდება. ტურისტების ძირითადი ნაკადი რუსეთიდან მოდის და აფხაზეთში შესვლა მათთვის რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს, ტურისტებს ცნობების წარდგენა ან ტესტების გაკეთება არ მოეთხოვებათ.
ალბათ ამიტომაა, რომ მაისის პირველი 10 დღე, რომელიც რუსეთში უქმე დღედ იყო გამოცხადებული, ტურისტების რაოდენობით აფხაზეთისთვის ისტორიაში რეკორდული გახდა – კურორტები, სასტუმროები და კერძო სექტორი 80% იყო დაჯავშნილი.
ზაფხულში რუსი ტურისტების კიდევ უფრო დიდი ნაკადია მოსალოდნელი. ამის გვერდითი მოვლენა, შესაძლებელია კორონავირუსული ინფექციების რაოდენობის მკვეთრი ზრდა გახდეს. თუ ეს წინასწარმეტყველება ახდა, ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც უკვე შესაძლებლობების ზღვარზეა, სიტუაციას ვერ გაუმკლავდება.
მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ძალაში შევა შეთანხმება მოსკოვთან და აფხაზეთის დასახმარებლად პროცესში რუსი ექიმები ჩაერთვებიან. მით უმეტეს, რომ აფხაზეთში რუსული საველე ჰოსპიტლის გახსნის გამოცდილება უკვე არსებობს – მან 2020 წელს სოხუმში რამდენიმე თვე იმუშავა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო