აფხაზეთში ომის შემდეგ მიტოვებული ობიექტების აღდგენა დაიწყება
აფხაზეთში ომის შემდეგ მიტოვებულ ობიექტებს აღადგენენ. მათ შორის – ცნობილ შენობებს, რომლებიც ოდესღაც აფხაზეთის “სავიზიტო ბარათები” იყო. ასეთი განკარგულება ასლან ბჟანიამ გასცა. მან ასევე ობიექტების ამჟამინდელ მფლობელებს კონკრეტული ვადა მისცა – თუ ისინი აღდგენას არ დაიწყებენ, შესაძლოა ქონება დაკარგონ.
ამ ნუსხაში საკულტო შენობები შედის – სოხუმის სასტუმრო “აფხაზეთი”, რომელიც გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში ცნობილი საბჭოთა არქიტექტორის, შჩუკოს მიერ აშენდა, ასევე სოხუმის სანაპიროზე მდებარე რესტორანი “ამრა”, რომლის შესახებაც წერდა ცნობილი მწერალი ფაზილ ისკანდერი.
- ანაკლია – შავი ზღვის მარგალიტი, რომელიც პოლიტიკის მძევალი გახდა
- აქტივისტები აფხაზეთში: ”ქალაქი მთლიანად დავკარგეთ”
- უშუქობა. ამბები აფხაზეთიდან
ამ ორი ობიექტის გარდა, იმ სიაში, რომელიც პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა, ბევრი ცნობილი შენობაა. კერძოდ, ოლიმპიური ბაზა სოფელ ეშერაში, რომელიც საბჭოთა სპორტსმენების მომზადების მთავარი ცენტრი იყო. ასევე, გულრიფშში რუსი მეცენატის სმეტსკის მიერ მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენებული სანატორიუმი ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის.

საპრეზიდენტო სიის ყველა შენობა 1992-93 წლების ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ დანგრეულია. თუმცა, ისინი პრივატიზებულია და ყველას საკუთარი მფლობელი ჰყავს.
”მალე მოძებნეთ მფლობელები და მოიჯარეები, ჰკითხეთ რა სჭირდებათ. ჩვენ ფული არ გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია შეღავათების მივცეთ “, – დაავალა თავის მთავრობას ასლან ბჟანიამ.
მან აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად მფლობელებს ვადა 2022 წლის ბოლომდე მისცა.
”ეს ის ობიექტებია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახეს განსაზღვრავს, რომლებიც აღტაცებას იწვევდა და ახლა განადგურებული დგას. არ ვიცი ვინ ფლობს ან ქირაობს ამ ობიექტებს, მაგრამ 2022 წელს უნდა დაიწყოს მათზე სამშენებლო სამუშაოები, ან ახალი მფლობელი გამოუჩნდეს სახელმწიფოს ან ინვესტორის სახით. 2022 წლის ბოლომდე, თუ ისინი არ მოვლენ სამშენებლო ობიექტებზე შეთანხმებული პროექტებით, მაშინ ჩვენ სხვა მფლობელებს მოვძებნით,” – თქვა ასლან ბჟანიამ
პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა რეგულარულად წერილობით აცნობოს მას შესრულებული სამუშაოს შესახებ.
”ამოცანა რთულია, მაგრამ დადგა მისი გადაჭრის დრო. რამდენი დაკარგა სახელმწიფომ იმით, რომ ეს ობიექტები უმოქმედოა? რამდენი დამატებითი სამუშაო ადგილი არ შეიქმნა? და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ვიღაცას სურს სპეკულაციური სარგებელი ნახოს. და ჩვენ ეს უნდა ვითმინოთ? ეს პრინციპული საკითხია”, – თქვა ბჟანიამ.