აფხაზეთში ლაბორატორიებს QR-კოდების გაცემა აეკრძალათ პაციენტებისთვის, რომლებმაც ვირუსი გადაიტანეს
QR-კოდი აფხაზეთში
აფხაზეთში, კერძო ლაბორატორიებს QR-კოდების გაცემა აეკრძალათ პაციენტებისთვის, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს და ანტისხეულები აქვთ. არაოფიციალური წყაროს თანახმად, ხელისუფლება ამ გზით მოსახლეობის ვაქცინაციის სტიმულირებას ცდილობს, რომლის ტემპიც ამ დრომდე უკიდურესად დაბალია.
სულ, ნოემბრის ბოლოსთვის, აფხაზეთის მოსახლეობისთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი პრეპარატით, „Спутник – V“-ით ვაქცინაცია ჩაიტარა 12 ათასმა ადამიანმა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობა 240 ათას ადამიანს შეადგენს, გამოდის, რომ ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 5%.
- მოსაზრება: როგორ ეხმარება ეგოიზმი და უპასუხისმგებლობა ვირუსს აფხაზეთში
- რა ელის ქართულ ენას გალის სკოლებში – რეპორტაჟი კონფლიქტის ორივე მხრიდან
QR-კოდის გარეშე აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის რუსეთში შესვლა პრობლემა იქნება. რუსეთში QR-კოდების წარმოდგენა აუცილებელია ნებისმიერ მასობრივ კულტურულ, სპორტულ, გასართობ ღონისძიებაზე დასასწრებად, თეატრებსა და მუზეუმებში შესასვლელად. რუსეთის ბევრ რეგიონში QR-კოდები საჭიროა სასტუმროში დარჩენისთვის, სასწავლო დაწესებულებაში მისასვლელად (სკოლებისა და საბავშვო ბაღების ჩათვლით), ჯანდაცვის დაწესებულებებში მისასვლელად ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის.
ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი აისახება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაზეც.
ნოემბრის ბოლოსთვის არსებული მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა აფხაზეთში 35 ათას ადამიანს შეადგენს. დარეგისტრირებულია გარდაცვალების 530 შემთხვევა. რეალურად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ოფიციალურ მონაცემებს აღემატება, რადგან ოფიციალურ მონაცემებში ხვდება მხოლოდ ის გარდაცვალების შემთხვევები, რომლებიც აფხაზურ კლინიკებში ფიქსირდება.
ყველა ინფიცირებული, რომელიც რუსულ და ქართულ კლინიკებში გადაიყვანეს და იქ გარდაიცვალნენ, ოფიციალურ მონაცემებში არ აისახება. გარდა ამისა, სტატისტიკის გარეთ დარჩნენ ადამიანები, რომლებიც კლინიკიდან გამოწერის შემდეგ კორონავირუსის შემდგომი გართულებით გარდაიცვალნენ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აფხაზეთში COVID-19-ით და მისი შემდგომი გართულებებით გარდაცვლილთა რაოდენობა 800-დან 900-მდე ადამიანს შეადგენს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო