აფხაზეთში მძიმე ზამთრისთვის ემზადებიან: დენი დღე-ღამეში 6-8 საათიც არ იქნება
ენერგოკრიზისი აფხაზეთში დენი დღე-ღამეში 8 საათიც არ იქნება
აფხაზეთში, მძიმე ენერგოკრიზისის პირობებში, მძიმე ზამთრისთვის ემზადებიან. ახლა, დენს დღე-ღამეში ორი საათით თიშავენ „მარაოსებრი პრინციპით“, ძირითადად, ღამით. თუმცა, მალე დენი დღე-ღამეში 6-8 საათიც აღარ იქნება.
ასეთი პროგნოზი ჯერ კიდე 2021 წლის ზაფხულში გააკეთა „ჩერნომორენერგოს“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხაილ ლოგუამ. ელექტროენერგია აფხაზეთს ძირითადად ენგურჰესიდან მიეწოდება, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მდებარეობს და ქართული და აფხაზური მხარეების მიერ ერთობლივად იმართება. აფხაზეთი გენერაციის 40%-ს იღებს და ელექტროენერგიის არსებული ხარჯვის პირობებში, ამ მოცულობაში ჩასატევად დღე-ღამეში შუქის 6-8 საათით გათიშვა იქნება საჭირო, განაცხადა ლოგუამ.
- საწვავის დეფიციტი და რიგები ბენზინზე აფხაზეთში
- ვის სჯიან აფხაზეთში კორუფციის გამო. სკანდალური საქმის დეტალები
ოფიციალური მონაცემების თანახმად, აფხაზეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა კრიზისამდე არსებულ 2019 წელთან შედარებით 25%-ით გაიზარდა.
მოხმარების ზრდის მთავარი მიზეზი – კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგია, რომელთან ბრძოლასაც ხელისუფლება, მათივე აღიარებით, აშკარად ვერ უმკლავდება
ზამთრის პერიოდში ელექტროქსელზე ბუნებრივი დამატებითი დატვირთვის გათვალისწინებით, დენის საკმაოდ ხანგრძლივი გათიშვები გარდაუვალია, მიაჩნია „ჩერმნომორენერგოს“ მოქმედ ხელმძღვანელ თენგიზ გირჯინბასაც.
კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც „მარაოსებრი გათიშვების“ დრო გაიზრდება – ენგურჰესის წყალსაცავში ზამთრისთვის დამახასიათებელი წყლის დონის შემცირებაა.
ენერგოკრიზისი აფხაზეთში ღრმავდება. ჯერჯერობით ენერგეტიკოსები ვერ ჩამოყალიბდნენ, ზუსტად რამდენი ხნით გათიშავენ ზამთარში დღე-ღამეში დენს. თანაც, ენერგეტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ პერიოდულად დენის კიდევ უფრო მეტი ხნით გათიშვაც კი გახდეს საჭირო.
„იქ გავთიშავთ, სადაც ფიდერებზე გადატვირთვას შევამჩნევთ. და ამას გავაკეთებთ, რათა ტექნიკა შევინარჩუნოთ, სხვანაირად საერთოდ ელექტროენერგიის გარეშე დავრჩებით“.
კომენტარი
ინალ ხაშიგი, JAMnews-ის აფხაზეთის რედაქციის რედაქტორი / გაზეთ „Чегемская правда“-ს რედაქტორი
„ხელისუფლება მაინც ვერ გაუმკლავდა მაინინგის პრობლემას. ახლა, აქტიურ წინააღმდეგობაზე უარის თქმამ, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი შორს მიმავალი შედეგებით.
ხელისუფლება სიტუაციის მთელ საფრთხეს ხედავს, მაგრამ მათ ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ სიცივის დადგომასთან ერთად, ელექტროენერგიის ნაკადს რუსეთიდან მიიღებენ, თანაც უფასოდ ან ძალიან შეღავათიან ფასად.
თუმცა ახლა ეს ფანტასტიკის სფეროდ გამოიყურება. მოსკოვში აფხაზეთის ენერგოდეფიციტის მიზეზი იციან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ასე უბრალოდ დაეხმარონ.
აფხაზეთს ელექტროენერგია შეიძლება მხოლოდ ენერგეტიკული მეურნეობის პრივატიზაციისა და მასთან რუსული კომპანიების რესურსების დაშვების პირობით მიეწოდოს. ალტერნატივა არსებობს – ელექტროენერგია მიეწოდება საბაზრო ფასად.
სიმართლე რომ ითქვას, მეორე ვარიანტი მაინც პირველთან მიგვიყვანს, იმიტომ რომ აფხაზეთს საბაზრო ფასის გადახდა არ შეუძლია“.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო