აფხაზეთის ახალ ათონში მდებარე ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა – ცნობილი ხელოვნური ტბა – ადგილობრივი ტელეგრამარხების ინფორმაციით, მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაშია და ზოგიერთები მას უკვე “ლპობად ქცეულ ტბად“ მოიხსენიებენ.
ვიდეომასალებში, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ნათლად ჩანს, რამდენად დაბინძურებულია ახალი ათონის ტბა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ და აფხაზეთის ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ითვლება.
მდებარეობის გამო ამ ადგილს ხშირად “გედების ტბასაც” უწოდებენ — აქ თეთრი და შავი გედები ბინადრობენ.
ეს ხელოვნური წყალსაცავი 1880 წელს ახალ ათონში მდებარე მონასტრის ბერებმა გააშენეს. თავდაპირველად ტბა სამეურნეო მიზნებისთვის გამოიყენებოდა — ბერები აქ კარპებს, კარასებსა და კალმახებს ზრდიდნენ. ტერიტორია დეკორატიული მცენარეებით, მათ შორის ტირიფებით, ტოპოლებითა და პალმებით გააშენეს, ხოლო 1908 წელს არქიტექტორ შერვინსკის პროექტით იქ პარკი მოეწყო.
სისტემა იმგვარად არის მოწყობილი, რომ მდინარიდან მიღებული ნაკადით აუზები გამდინარე წყლით ივსებიან, რაც წყლის ბუნებრივ წმენდას უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, პერიოდული წმენდა მაინც აუცილებელია, რადგან დროთა განმავლობაში გრუნტი და ლექი გროვდება.
საბჭოთა პერიოდში ტბას ორ წელიწადში ერთხელ ასუფთავებდნენ, დღეს კი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ასეთი ინტერვალი უკვე საკმარისი აღარ არის — აუზების გაწმენდა მინიმუმ წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს.
აფხაზეთის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, რომან დბარის განცხადებით, პრობლემის ძირითადი მიზეზი ფსირცხის მდინარის დაბინძურებაა, რაც კურორტებიდან ჩაღვრილმა გამონაბოლქვებმა და ქალაქ ახალ ათონში წყლის ფილტრის სისტემის ფაქტობრივმა არქონამ გამოიწვია.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო