აფხაზეთის ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს საჯარო მოხელეები ბინების შესახებ კანონის გასატანად
ბინების კანონი
აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბინების შესახებ კანონის გატანის მცდელობებს არ წყვეტს. ახლა მათ გადაწყვიტეს ამ მიზნით საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები გამოიყენონ. ამ ორგანიზაციებს გაეგზავნა პარლამენტის წევრების მიმართვის შაბლონი და თანამშრომლებს მოუწოდეს ხელი მოეწერათ მასზე. თუმცა, ზეწოლის მიუხედავად, ბევრი უარს ამბობს ამ მოწოდების შესრულებაზე.
აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია ორი წელია, წარუმატებლად ცდილობს პარლამენტს აიძულოს მიიღოს კანონი, რომელიც რუსებს აფხაზეთში ბინების აშენებისა და ყიდვის უფლებას აძლევს.
ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რადგან ეს ფაქტობრივად გააუქმებდა უცხოელებზე საცხოვრებლის მიყიდვის ამჟამინდელ აკრძალვას, რომელიც მიღებულ იქნა აფხაზეთში დემოგრაფიული დისბალანსის თავიდან აცილების მიზნით.
2024 წლის 25 ივლისს, ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ, პარლამენტმა ბინების კანონპროექტი გაიწვია.
ბჟანიამ ამაში დაინახა „მტრების მაქინაციები“ ადგილობრივი ოპოზიციისა და საგარეო დაზვერვის სამსახურების სახით.
კანონპროექტის წარუმატებლობა რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებში კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად აუცილებელია კრემლსა და აფხაზეთს შორის დაბრკოლებად ქცეული კანონპროექტების მიღება, მათ შორის ბინების შესახებ კანონი.
ეს დოკუმენტი მიიღეს ასევე სკოლებმა, საავადმყოფოებმა და კულტურის დაწესებულებებმა.
სხვა საკითხებთან ერთად, მათ ხელმოწერებით უნდა დაადასტურონ ლოიალობა ამჟამინდელი ხელისუფლების კურსის მიმართ (რუსეთის ფედერაციის წინაშე აღებული ვალდებულებების ფარგლებში) და დაგმონ ოპოზიციონერები, რომლებიც თითქოსდა ერევიან რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებაში.
- ბინების შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტი ასლან ბჟანიამ უცხოეთის დაზვერვის სამსახურების გავლენას დაუკავშირა
- “აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაში პრეზიდენტია დამნაშავე” – ინტერვიუ აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან
ზოგიერთ ორგანიზაციაში, ოპოზიციური ტელეგრამის არხების თანახმად, საჯარო მოხელეებს მუქარით აიძულებენ ხელი მოაწერონ დოკუმენტს.
თუმცა ხელმოწერების შეგროვება ძალიან მდორედ მიმდინარეობს. ბევრმა ორგანიზაციამ პირდაპირ თქვა უარი ხელმოწერაზე.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო