აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე, ოპოზიციასთან დიალოგსა და ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაზე
ინტერვიუ ბადრა გუნბასთან
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ, საინფორმაციო სააგენტო “Апсныпресс”-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
გუნბას თქმით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი მიზანი უნდა გახდეს საქართველოსა და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება.
მისი შეფასებით, ჟენევის დისკუსიები უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც აფხაზეთს შესაძლებლობა აქვს, საკუთარი პოზიცია გააჟღეროს ისეთ მნიშვნელოვან გლობალურ აქტორებთან, როგორებიც არიან აშშ, გაერო, ევროკავშირი და ეუთო.
“ეს ერთადერთი საერთაშორისო ფორმატია, სადაც აფხაზეთის წარმომადგენლები დიალოგში ერთვებიან საქართველოსთან — ქვეყანასთან, რომელმაც ჩვენს წინააღმდეგ 1992 წელს ომი დაიწყო,“ — განაცხადა გუნბამ.
მისივე თქმით, აფხაზეთში ამ მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ყველაზე ხშირად კრიტიკა უკავშირდება პროგრესის არარსებობას იმ დოკუმენტის შეთანხმებასა და ხელმოწერაში, რომელიც მხარეებს ძალის გამოუყენებლობას იურიდიულად დაუკანონებდა. გუნბას განცხადებით, ამის მიზეზი საქართველოს “დესტრუქციული“ პოზიციაა.
ბადრა გუნბას თქმით, დიპლომატიაში პროგრესი ხშირად დროით განზომილებაში არ ჯდება და კონკრეტულ საკითხებზე სწრაფი შეთანხმება იშვიათად მიიღწევა. მიუხედავად ამისა, აფხაზური მხარე მზად არის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, რაც, გუნბას შეფასებით, აფხაზეთის ღიაობას ადასტურებს.
ჟენევის დისკუსიების მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება ჰუმანიტარული საკითხებიც, რომელთა შორის გუნბამ გამოკვეთა აფხაზური ეროვნული პასპორტის საერთაშორისო აღიარების პრობლემა. მისი თქმით, ეს დოკუმენტი აფხაზეთის მოქალაქეებს გადაადგილების უფლებას არ აძლევს, რაც განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა მაშინ, როდესაც ადამიანებს სამედიცინო დახმარების ან სხვა ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ გამგზავრება სჭირდებათ.
“ეს საკითხი რეგულარულად დგება დღის წესრიგში მოლაპარაკებების რაუნდებზე. ბევრი აფხაზეთის მოქალაქე არ ფლობს რუსეთის მოქალაქეობას, ხოლო აფხაზური პასპორტის საერთაშორისო არაღიარების გამო მათ სამოგზაუროდ გასვლა ფაქტობრივად შეუძლებელია“, — აცხადებს გუნბა.
მისი შეფასებით, ეს თავისუფალი გადაადგილების უფლების, როგორც ფუნდამენტური საერთაშორისო პრინციპის, უხეში და ღია დარღვევაა.
გუნბა კვლავ უსვამს ხაზს ჟენევის დისკუსიების მთავარ მიზანს — საქართველოსა და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის გაფორმებას. მისი თქმით, ეს აუცილებელია არა მხოლოდ აფხაზეთის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების უზრუნველსაყოფად, არამედ სამხრეთ კავკასიაში რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის გასამტკიცებლად.
საჯარო ადმინისტრირების სისტემის რეფორმა
ბადრა გუნბას განცხადებით, აფხაზურ საზოგადოებაში არსებობს მკაფიო მოთხოვნა სახელმწიფო მმართველობის სისტემის შეცვლის, ხელისუფლების რეფორმის, ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებისა და სხვა ფუნდამენტური საკითხების გადაჭრის მიმართ.
“ჩვენ ვგეგმავთ მუშაობის ისე ორგანიზებას, რომ მაქსიმალურად მოვიცვათ ეს მიმართულებები,“ — აღნიშნა მან.
გუნბას თქმით, იგი მხარს უჭერს სახელმწიფო აპარატის შემცირების იდეას, თუმცა არ აპირებს ბიუროკრატიის მექანიკურ შეკვეცას. მისი ხედვით, რეფორმის მთავარი გზა არის ადმინისტრაციული პროცესების ციფრულ პლატფორმაზე გადატანა და მთლიანად სახელმწიფო სისტემის ციფრული ტრანსფორმაცია.
ოპოზიციასთან ურთიერთობა
ბადრა გუნბას თქმით, იგი მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის ქვეყნის ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელთა საქმიანობაც ჯანსაღ იდეებს ეყრდნობა. როგორც თავად ამბობს, მის მიმართ უსაფუძვლოა ბრალდება, თითქოს ოპოზიციასთან ან განსხვავებული პოლიტიკური პოზიციების მქონე ადამიანებთან დიალოგს თავს არიდებს.
“რაც თანამდებობაც არ უნდა მეკავოს, დიალოგზე უარი არასდროს მითქვამს. პირიქით — მტკიცედ მჯერა, რომ კონსტრუქციული დიალოგი საზოგადოებრივი და სახელმწიფო სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია,“ — განაცხადა გუნბამ.
მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კულტურაც. დე ფაქტო პრეზიდენტის შეფასებით, მიუღებელია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ქვეყნის რესურსებს შიდა დაპირისპირებაში ხარჯავს და საფრთხეს უქმნის “რესპუბლიკის” მდგრადობას, მაშინ როცა მიზანი მხოლოდ მოკლევადიანი პოლიტიკური უპირატესობის მოპოვებაა.
ენერგეტიკა
გუნბამ აფხაზეთში არსებულ ენერგეტიკულ კრიზისზე ისაუბრა და გამოსავლის მიზნით დაგეგმილი ქმედებების ერთობლივი გეგმა წარადგინა.
მისი თქმით, აუცილებელია “რესპუბლიკაში” ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, რაც მოხდება აღრიცხვის სისტემის დანერგვით — მოსახლეობისთვის ინდივიდუალური მრიცხველების მასობრივი დაყენების გზით. პარალელურად, გუნბა ხაზს უსვამს საჭიროებას, რომ მოქალაქეები წახალისდნენ ენერგოეფექტურად და რაციონალურად მოიხმარონ რესურსები.
გუნბამ ცალკე გამოყო უკანონო კრიპტოვალუტის მაინინგის წინააღმდეგ ბრძოლაც, რაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვან წილად წარმოადგენს ენერგოდეფიციტის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს.
კიდევ ერთი პრიორიტეტი, გუნბას თქმით, ენერგიის მოხმარებაზე გადასახადების ამოღების ზრდაა. სწორედ ამ გზით, მისი შეფასებით, შესაძლებელი გახდება დეფიციტის პირობებში ელექტროენერგიის საჭირო რაოდენობით შესყიდვა “რესპუბლიკის” შიდა ბიუჯეტური სახსრებით.
საგადასახადო რეფორმა საარჩევნო სისტემის შეცვლა
ბადრა გუნბას განცხადებით, ამ ეტაპზე მუშავდება კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გადასახადების გამარტივებული სისტემის ამოქმედებას. დაგეგმილი ცვლილების თანახმად, ოთხი სახის გადასახადის — მოგების, დამატებითი ღირებულების, ქონებისა და ფიზიკური პირი მეწარმეების შემოსავლის გადასახადის — ნაცვლად დაწესდება ერთიანი გადასახადი.
ახალი სისტემის მიხედვით, გადასახადის განაკვეთი 6%-ს შეადგენს, რაც არსებულთან შედარებით შემცირებული ტვირთია: ამჟამად მოქმედი საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 10%-ს, ხოლო მოგების გადასახადი — 18%-ს.
გუნბამ ასევე გააკეთა განცხადება საარჩევნო სისტემის შესაძლო რეფორმაზეც. მისი შეფასებით, მოქმედი მაჟორიტარული სისტემა “მორალურად მოძველებულია“ და ვერ უზრუნველყოფს ამომრჩევლის ნების სრულფასოვან გამოხატვას.
“ვიხილავ საკითხს, პარლამენტს წარედგინოს ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს შერეულ პროპორციულ-მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას. მჯერა, რომ ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ინსტიტუტების განმტკიცებას და პოლიტიკურ პოლარიზაციასაც შეამცირებს.“ — განაცხადა გუნბამ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო