„ფანტასტიკური საქმიანობა“. როგორ გახდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მეფუტკრე
ჟურნალისტიკიდან მეფუტკრეობაში
დილის ექვსი საათი. ელვინს ბაქოს ავტოსადგურში ველოდებით, რათა ევლახში გავემგზავროთ.
ელვინ ბაირამლი ჟურნალისტია. მაგრამ უკვე მერამდენე წელია სრულიად სხვა საქმით არის დაკავებული – მეფუტკრეობით. და ჩვენი ევლახში მოგზაურობაც სწორედ მის ამ საქმიანობას უკავშირდება – გვინდა მისი ფუტკრები ვნახოთ, გავიცნოთ კოლეგა ამ მხრიდან.
- ძროხები, ომი და რწმენა: კრიშნას მიმდევარი ფერმერის ამბავი აზერბაიჯანული სოფლიდან
- ქართული ღვინო: რა დგას წარმატების უკან
- ზარგავას საიდუმლო: აზერბაიჯანული სოფელი უცნაური და ფარული ისტორიით
მომთაბარე ფუტკარი – მთიდან დაბლობამდე
„ჩვენ მთლიანად ბუნებაზე ვართ დამოკიდებული. თუ საკვები ცოტაა, მაშინ იძულებულნი ვართ ფუტკარი სხვა ადგილას გადავიყვანოთ. მეფუტკრეობაში თითოეული საათი მნიშვნელოვანია. თუკი გადაწყვეტილება მიღებულია, საღამოსთვის უკვე მთელი ჩვენი ბარგი მოგროვებული გვაქვს და გზას ვადგებით. თუ დაგაგვიანდათ ან ერთი დღით იჩქარეთ, შეიძლება ფუტკარს ზიანი მიაყენოთ. ამიტომ ვამოწმებთ ფუტკრების რაოდენობას და თუკი ის შემცირდა, ე.ი. მათ ცოტა საკვები აქვთ, ან შეიძლება საერთოდაც არ აქვთ და იმავე საათს მივემგზავრებით“, – გვიყვება ელვინი.
თავიდან გვეგონა, რომ ელვინს მის მშობლიურ რაიონში – აღსთაფაში შევხვდებოდით. მისი ფუტკრები ძირითადად აღსთაფის რაიონის სოფლებში – მუღანლისა და ქიონაქიშლაქში ცხოვრობენ – ბაქოდან 500 კილომეტრში. მაგრამ ამ ზაფხულს ძალიან უხვი ნალექი იყო და ირგვლივ პრაქტიკულად აღარ დარჩა ყვავილები. იმისათვის, რომ ფუტკრებს არ ეშიმშილათ, ისინი ევლახში გადაიყვანეს, რომელიც ბაქოდან 300 კილომეტრში მდებარეობს.
ელვინი მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ბაქოს გარეუბანში, ალბალილიქის დასახლებაში ცხოვრობს. ის კვირაში ერთხელ მაინც მიდის ხოლმე თავის მეურნეობაში ფუტკრების მოსანახულებლად. ამჯერად მისი თანამგზავრები ჩვენ გავხდით.
დანიშნულების ადგილას დილის 10 საათზე ჩავედით. ადრეული დროის მიუხედავად, მზე უკვე ძლიერად ანათებდა. ჩრდილში მინიმუმ 40 გრადუსი იყო. თანაც ამ სტეპებში ჩრდილის მოძებნა იოლი საქმე არ არის. მაგრამ დაბლობზე იზრდება მცენარეები, რომლიდანაც ფუტკარი ნექტარს აგროვებს – იალღუნი, ავშანი და ა.შ.
„დაბლობში ზაფხულში ძალიან ცხელა. ამიტომ დილით ადრე ჩამოვდივარ, რომ შუადღისთვის საქმეები დავასრულო და უკან დავბრუნდე. რა თქმა უნდა, ეს არ შეედრება ჩვენს მთის ტყიან სოფლებს, ულამაზესი პეიზაჟებით. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ზაფხულს არ შეგვეძლო ფუტკრის იქ დატოვება“, – ამბობს ელვინი.
ვიდეო: ალი კაზიმოვი
პროფესიის არჩევა პროტესტის გრძნობის გამო
ელვინი, დაახლოებით, 10 წლის წინ, ერთ-ერთი მედიაპროექტის დროს გავიცანი. მან კარგი მომავლის მქონე, ენთუზიაზმით სავსე, ნიჭიერი ახალგაზრდა ჟურნალისტის შთაბეჭდილება დატოვა. ის ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ საინფორმაციო სააგენტოში მუშაობდა.
ამბობს, რომ ჟურნალისტობას არ აპირებდა. საშუალო სკოლის დასრულებისთანავე, ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მოეწყო. მაგრამ სწავლა პირველი სემესტრის შემდეგ შეწყვიტა. იმავე ზაფხულს ახლიდან ჩააბარა მისაღები გამოცდები და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მოეწყო.
ბავშვობიდანვე ელვინის მამოძრავებელი ძალა პროტესტის გრძნობა იყო.
„მაღალ კლასებში ვფიქრობდი, რომ წავიდოდი ბაქოში, გავაპროტესტებდი ყველაფრის წინააღმდეგ, მოვაწყობდი მიტინგებს. გამოვიდოდი პროტესტით საფრანგეთის საელჩოსთან. თუ გახსოვთ, იმ დროს ერთი მოვლენა მოხდა პარლამენტში – „ჟაკ შირაკი შეშფოთდა“ (იცინის). [2000 წელს, აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატმა შამილ გურბანოვმა მკაცრად დაგმო საფრანგეთის პრეზიდენტი ამ ქვეყნის პროსომხური პოზიციის გამო – JAMnews].
სოფელში, ძირითადად სახელმწიფო ტელევიზია AzTV-ს ვუყურებდით. სხვა ტელეარხები ამ არხის პატარა შვილებად გვეჩვენებოდა.
და ყველა ამ არხზე საუბრობდნენ საფრანგეთის მხარდაჭერაზე სომხების პოლიტიკისადმი. და მართლაც ასე იყო. მე, 17 წლის ახალგაზრდას, ეს მაღელვებდა. გამიჩნდა საფრანგეთის საელჩოს წინ პროტესტის იდეა“.
„გამოხვედი პროტესტით საელჩოს წინ?“, – ვინტერესდები მე.
„არა, არ გამოვსულვარ (იცინის). იყო სხვა პროტესტიც. სტატიების სახით. ასევე ვმონაწილეობდი რამდენიმე მიტინგში. მეგობრებთან ერთად უნივერსიტეტში სტუდენტური ორგანიზაცია შევქმენი“.
„მეფუტკრე ჟურნალისტებს შორის, ჟურნალისტი მეფუტკრეებს შორის“
ელვინის თქმით, რაღაც მომენტში მას სიყვარული გაუჩნდა ჟურნალისტიკის მიმართ, მაგრამ უნივერსიტეტში ოთხწლიანმა სწავლამ ფაქტობრივად არაფერი არ მისცა. სწავლის დამთავრების შემდეგ, ის სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავიდა. შემდეგ კი მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ რამდენიმე მედიაპროექტში.
ამბობს, რომ პროფესიონალური ჟურნალისტიკა ძირითადად ამ ტრენინგებზე ისწავლა. ამავდროულად, მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოში. მაგრამ მან საერთაშორისო ჟურნალისტიკაში ნასწავლის ადგილობრივ მედიაში დანერგვა ვერ მოახერხა.
„ვგრძნობ, როდესაც მასალა კარგად არის დაწერილი, სამართლიანად, მიუკერძოებლად. იმ ადგილას, სადაც ვმუშაობდი, ასეთი პირობები არ იყო. დიახ, იყო დაბრკოლებები, ფინანსურადაც არ ვიყავი დაკმაყოფილებული.
არ ვიცი, შეიძლება სხვა ქვეყანაში პროფესიონალი ჟურნალისტი გავმხდარიყავი და არ მეფიქრა მეფუტკრეობაზე. შესაძლოა, ის საერთაშორისო პროექტები რომ უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო, კიდევ უფრო მაღალი დონის პროფესიონალი გავმხდარიყავი, როგორც ჟურნალისტი.
არ გამოვიდა, ვგრძნობდი, რომ მეფუტკრეობა ძალიან მჭირდებოდა. ახლა ცნობილი ვარ, როგორც მეფუტკრე ჟურნალისტებს შორის და ჟურნალისტი მეფუტკრეებს შორის“.
ელვინი ახლაც არ შეიძლება ჩაითვალოს ჟურნალისტიკისგან ძალიან შორს მდგომად.
ის აზერბაიჯანის მეფუტკრეთა ასოციაციის პრესმდივანია. საზოგადოებას მეფუტკრეების პრობლემებს აცნობს, ცდილობს მათი უფლებები დაიცვას. ასევე, ის მართავს მის მიერ შექმნილი ბრენდის „ბალჩის“ (მეფუტკრე) გვერდებს. ეს გვერდები სპეციალიზებულია არა მხოლოდ „ბალჩის“ პროდუქციის გაყიდვაზე, არამედ მეფუტკრეობის შესახებ საინტერესო მასალებს სთავაზობს საზოგადოებას სტატიების, ფოტო და ვიდეომასალის სახით.
როგორი გარემოა აზერბაიჯანში ახალი ბრენდისთვის?
რადგან „ბალჩიზე“ დავიწყეთ საუბარი, ელვინს ვეკითხები, რამდენად ადვილია აზერბაიჯანში ახალი ბრენდის შექმნა.
„ნუ, როგორ არის ეს ბრენდი? „ბალჩი“ – ეს არის პატარა ოჯახური ბიზნესი. მაგრამ მას შეგვიძლია წარმატებული ვუწოდოთ. შენ არ ხარ ამ სფეროდან მოსული ადამიანი, სრულიად სხვა განათლება გაქვს, არ გაქვს მატერიალური ბაზა და ამ ყველაფრის ფონზე ქმნი მართალია პატარას, მაგრამ ოჯახურ ბიზნესს, ვფიქრობ, ამას შემიძლია ვუწოდო წარმატებული“.
ელვინის თქმით, მამამისს ადრევე სურდა, რომ ის მას მეფუტკრეობაში დახმარებოდა.
„ბავშვობაში მეფუტკრის ოჯახში ვიზრდებოდი. მამა ყოველწლიურად ამბობდა, რომ თაფლის გაყიდვაში უნდა დავხმარებოდი. ვფიქრობდი, როგორ უნდა გავყიდო თაფლი? ჟურნალისტს არ შეუძლია თაფლი გაყიდოს. ვფიქრობდი, რომ თაფლს ბაზარში ყიდიდნენ, და არანაირად არ წარმომედგინა ჩემი თავი გამყიდველის როლში.
ერთხელ Facebook-ში ვნახე, თაფლის მწარმოებელი ერთ-ერთი ფირმა როგორ ფუთავდა თავის პროდუქციას, ეს მომეწონა. ვიფიქრე, რომ მეც შემეძლო ამის გაკეთება. მეგობრებს ვეკითხებოდი რაღაცებს. რა დამერქმია, როგორ მომეფიქრებინა დიზაინი შეფუთვისთვის, სად მენახა ქილები? ნელ-ნელა დავიწყე ამ საკითხების შესწავლა. ბრენდის სახელწოდების მოფიქრება, ვებგვერდის შექმნა, სოციალურ მედიაში გვერდების შექმნა – ეს ყველაფერი ჩემთვის რთული იყო“.
ხალხს არ სჯერა მეფუტკრეების
მეფუტკრეობა ადამიანისგან ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. აურაცხელი რაოდენობის პრობლემები და სირთულეებია. ელვინის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მეფუტკრეების მიმართ ადამიანების უნდობლობაა.
„მეფუტკრეები მათ მიერ წარმოებულ თაფლს ამოწმებენ სურსათის უვნებლობის სააგენტოში, იღებენ სერტიფიკატს. როდესაც ამ დოკუმენტს უჩვენებ მყიდველს, ის ამბობს, რომ ასეთი ფურცლის აღება ნებისმიერს შეუძლია. არსებობს უნდობლობა. იმიტომ რომ თაფლი – ყველაზე რთულად შესამოწმებელი პროდუქტია.
მაგალითად, თაფლის ახალგაზრდა გამყიდველი – საერთოდ სხვა ისტორიაა. აზერბაიჯანში, თაფლის მყიდველები ძირითადად ასაკოვანი ადამიანები არიან. თუკი ბაზარში ერთმანეთის მიყოლებით ათი თაფლის გამყიდველია ჩამწკრივებული, უყურებენ, თუ ადამიანი ასაკშია, ის შეიძლება მეფუტკრე იყოს და მას კარგი თაფლი აქვს. იმ დროს, როდესაც ხედავენ 30-35 წლის ადამიანს, ამბობენ, რომ ძალიან ახალგაზრდაა, ის რა მეფუტკრე უნდა იყოს?
მათი აზრით, მეფუტკრე – გაცვეთილ კოსტიუმში გამოწყობილი ასაკოვანი ადამიანია, რომლის წინსაფარიც აუცილებლად თაფლით უნდა იყოს დასვრილი და მას შემდეგ, რაც ქილას თაფლით შეავსებს, აუცილებლად გაილოკავს თითს. ქილებიც აუცილებლად ძველი უნდა იყოს.
და როდესაც შენ სთავაზობ აკურატულად ჩამოსხმულ თაფლს სპეციალურად შეძენილ ქილებში, რომლებიც სპეციალურ ცელოფანშია შეფუთული, მიკრული აქვს ეტიკეტი და შენ თვითონაც მოწესრიგებული წინსაფარი გიკეთია, თან ხელთათმანებიც გაცვია, შენგან არ იყიდიან. აზერბაიჯანში საერთოდ არავის არ უნდა თაფლის მარკეტში ყიდვა“.
როგორ გავიგოთ ნატურალურია თუ არა თაფლი?
ყველა ერთხელ მაინც დაფიქრებულა, როგორ ისწავლოს ნატურალური თაფლის ამორჩევა. ელვინის თქმით, ხალხში უამრავი მეთოდი არსებობს თაფლის ნატურალურობის ამოსაცნობად, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს – ლაბორატორია.
„ზოგიერთი ადამიანი დარწმუნებულია, რომ მათი გემოს აპარატი მილიონი დოლარი ღირს. და როგორც კი ისინი თაფლს სინჯავენ, მაშინვე ადგენენ – ნატურალურია თუ არა. მაგრამ ასე რომ ყოფილიყო შესაძლებელი თაფლის ნატურალურობის შემოწმება, მაშინ სახელმწიფო რატომ დახარჯავდა ამ საქმეზე მილიონებს, ლაბორატორიის შესაქმნელად?
ერთხელ BBC-ზე ფილმს ვუყურებდი ფუტკრების შესახებ, ერთი დიდი რაიონის ზომის ლაბორატორიაში ამოწმებენ თაფლს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იყო ჩამოტანილი. ძვირადღირებული ცენტრია. იქ ერთი ქალი ჰყვებოდა, რომ ყოველწლიურად ამოწმებენ ჩინეთიდან ჩამოტანილ თაფლს. ვნახულობთ რაღაც ახალ შეცდომას, მაგრამ მომდევნო წელს ჩინელი მეფუტკრეები სრულიად განსხვავებულ ყალბ თაფლს ამზადებენ. სანამ შემოწმება მიდის, დრო გადის და ამ დროის განმავლობაში ადამიანები მოიხმარენ სწორედ იმ ყალბ თაფლს.
ჩვენს ქვეყანაში, საუკეთესო ლაბორატორიებსაც კი არ შეუძლიათ ასი პროცენტით განსაზღვრონ თაფლის ნატურალურობა, იქ რაიმე სხვა მინარევების არსებობა. თუკი შეუძლიათ, ესეც დიდი სირთულით. სწორედ ამ მიზეზით, თუკი ვინმე ამტკიცებს, რომ შეუძლია ერთი გასინჯვით დაადგინოს, ნამდვილია თუ არა თაფლი, ის ცდება“.
„და სინამდვილეში რას ნიშნავს ცნებები „სუფთა“ და „ყალბი“ თაფლი?“, – ვეკითხები ელვინს. ის მპასუხობს, რომ სუფთა თაფლს ფუტკრები აგროვებენ ყვავილებისგან, ფოთლებისგან და ზოგიერთი მწერის გამონაყოფისგან, რომელიც ფოთლებს შორის გროვდება. შემდეგ ფუტკრები შეგროვებული პროდუქტის ფერმენტირებას ახდენენ, წყალი ორთქლდება, მთელი ეს ტკბილი მასა კი მიდის 17/21-თან შეფარდებამდე და პატარა ფიჭებში გროვდება.
ყალბი თაფლი ორი მეთოდით მიიღება: პირველი, როდესაც ფუტკარს აჭმევენ სახაროზას, შარბათს და ფუტკარი თაფლად აქცევს არა ბუნებრივ პროდუქტს, არამედ სამრეწველო შაქარს. მეორე მეთოდი – ჩვეულებრივი მოხარშული შაქარი, რომელსაც დამატებული აქვს ნივთიერება, რომელიც მას თაფლისთვის დამახასიათებელ ფერსა და გემოს აძლევს. ორივე ამ სახეობის თაფლი არათუ სასარგებლო არ არის ჯანმრთელობისთვის, არამედ შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის ორგანიზმს.
ელვინი მოქალაქეებს ურჩევს, საეჭვო შემთხვევებისას კერძო ლაბორატორიებს მიმართონ. ასეთ ლაბორატორიებში შემოწმება ძალიან ძვირი არ ღირს, ამბობს ის.
დაბრკოლებები
კოლეგა-მეფუტკრის თქმით, აზერბაიჯანში რიგი დაბრკოლებები არსებობს, რომელიც ხელს უშლის ამ სფეროს განვითარებას. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ადგილობრივი კავკასიური ფუტკრის გენოფონდის დაღუპვა. აზერბაიჯანელი მეფუტკრეები დღეს ფუტკარს საზღვარგარეთ ყიდულობენ. მართალია ქვეყნის მთიან რაიონებში უკვე დაიწყო სელექციური სამუშაოები, მაგრამ ეს პროცესი დროს მოითხოვს.
„ამასთან, ჩვენ არ გვყავს პროფესიონალი მეფუტკრე-სელექციონერები. ფუტკრის დაავადებების საწინააღმდეგო წამლის ცოტა სახეობა გვაქვს. არ გვყავს ვეტერინარი-მეფუტკრე. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში ყველა ვეტერინარი სწავლობდა საქონლის, ქათმის მკურნალობას, მეფუტკრეებს კი თავისი ვეტერინარი არ გვყავს. ცოტაა ისეთი მეფუტკრე, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობდა, ახალგაზრდებს შორის საერთოდ არ არის ასეთი. როდესაც ჩვენთან მეფუტკრეობაზე ვლაპარაკობთ, იგულისხმებიან ადამიანები, რომლებმაც ეს საქმე საკუთარი ძალებით, პრაქტიკაში ისწავლეს. არ არსებობს სამეცნიერო ცენტრი“, – ამბობს ელვინი.
ის აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უნდა შექმნას მეფუტკრეობის მხარდამჭერი ინსტიტუტები, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი რამ არ არსებობს.
„ცოტა ხნის წინ, ჩვენი მეფუტკრეთა ასოციაცია შეუთანხმდა ერთ-ერთ უნივერსიტეტს თურქეთში. იქ მეცნიერულ საფუძველზე ამზადებენ თაფლის სხვადასხვა ნარევს (სწავლობენ სასარგებლო თვისებებს, ინგრედიენტების შეფარდებას). ადგენენ, როგორ პირობებში და რამდენ ხანს შეიძლება ამ პროდუქციის შენახვა.
და ასეთ მზა რეცეპტებს სთავაზობენ ისინი თავის მეფუტკრეებს, რათა მათ უკვე საბოლოო პროდუქტი მოამზადონ. ამის სანაცვლოდ მათგან იღებენ სიმბოლურ თანხას, ვთქვათ, 50 მანათს [დაახლოებით $30] 10 000 მანეთის [დაახლოებით 5900 აშშ დოლარი] ღირებულების თაფლის გასაყიდად. მათ ასევე შეუძლიათ საჩუქრად მიიღონ გარკვეული აღჭურვილობა მიწოდებული რეცეპტის სანაცვლოდ. ჩვენ კი ამ რეცეპტების საფუძველზე ვამზადებთ თაფლის ნარევს ისეთ პროდუქტებთან ერთად, როგორებიც არის თხილი, ჩირი, ჯანჯაფილი და ა.შ.“.
ამ ყველაფრის გამო, ელვინი თვალს ადევნებს გერმანელი, ინგლისელი, რუსი მეფუტკრეების საქმიანობას, აგროვებს ინფორმაციას. ასევე, საზღვარგარეთ შეიძინა სპეციალური აღჭურვილობა ჩირის დასამზადებლად.
„ეს ყველაფერი ჩვენთვის რთულია ფინანსური თვალსაზრისით. ბევრი კრედიტი დამიგროვდა. დავუშვათ, დავამზადე რაღაც პროდუქტი, ვის უნდა მივცე შესამოწმებლად? რა სასარგებლო თვისებები აქვს? როგორ და რამდენ ხანს შეიძლება შენახვა? ეს ყველაფერი ჩვენით უნდა გავაკეთოთ. ნულიდან“.
„ქალბაჯარის თაფლი“ 30 წლის შემდეგ
სხვადასხვა მიზეზის გამო ფუტკრის კვების ადგილების შემცირება, მეფუტკრეებისთვის კიდევ ერთ პრობლემად იქცა. მტკვრის გასწვრივ მცენარეთა ზოლის მოსპობა, ტყეების მოჭრა არაგაზიფიცირებულ სოფლებში შეშის მოპოვების მიზნით…
ელვინი ამბობს, რომ ფუტკრის კვების ბაზის არარსებობის კიდევ ერთი მიზეზი, წლების განმავლობაში ყარაბაღის ოკუპაცია გახდა.
„ყარაბაღი აზერბაიჯანში მეფუტკრეების ყველაზე დიდი საკვები ბაზა იყო, როგორც ხარისხის, ისე რაოდენობის თვალსაზრისით. მეფუტკრეობის ყარაბაღული სკოლა აზერბაიჯანში ყოველთვის მოწინავედ მიიჩნეოდა. ოკუპაციის წლებში პირველ ადგილზე გადავიდა შექი-ზაქათალას ზონა“.
2020 წელს, 44-დღიანი ომის შემდეგ, რომლის შედეგადაც ამ ტერიტორიებზე კონტროლი კვლავ აზერბაიჯანულ მხარეს გადავიდა, იქ მეფუტკრეობის მეურნეობის შექმნა დაიწყეს. ახლა ელვინის ყველაზე დიდი ოცნებაა – გადაიყვანოს თავისი ფუტკრის ოჯახები ერთ-ერთ გათავისუფლებულ რაიონში. მაგრამ ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ, ის წარმოშობით ყარაბაღიდან არ არის.
„გასულ წელს, ფუტკრის რამდენიმე ოჯახი გადაიყვანეს ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში. წელს კი ყარაბაღის ყველა მცხოვრებს შეუძლია თავისი ფუტკრის ოჯახები გადაიყვანოს აღდამში, შუშასა და ხოჯავენდში, ასევე სხვა ადგილებში, სადაც ეს დაშვებულია. მაგრამ მეფუტკრეს უნდა ჰყავდეს როგორც მინიმუმ ფუტკრის 50 ოჯახი და სუბსიდია, ე.ი. რეგისტრაცია [როგორც ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკის მცხოვრებს – JAMnews]. ასეთ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, პროტესტი გამოვთქვი. მითხრეს, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტის აპარატმა მიიღო.
მესმის, რომ იქ პრობლემები არსებობს – ნაღმების საფრთხე, ადგილმდებარეობის არცოდნა, შესაძლოა ადვილად აგებნეს გზა და მოწინააღმდეგის მხარეს აღმოჩნდე, იქ ჯერ ისევ არიან სეპარატისტები, რუსი სამშვიდობოებიც. მაგრამ ნებართვა უნდა მიეცათ კიდევ ხუთი-ათი მეფუტკრისათვის სხვა რაიონებიდან. მათთვის, ვინც აქტიურია, გამორჩეულია, ფუტკრის ბევრი ოჯახი ჰყავს, სწორად მუშაობს, აქვს სამომავლო გეგმები, გააქვს ბაზარზე საკუთარი პროდუქცია. ეს მინდოდა, მაგრამ არ დამთანხმდნენ“.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ელვინმა ბაზარზე გამოიტანა პროდუქცია, სახელწოდებით „ქალბაჯარის თაფლი“.
„ეს ჩემი თაფლი არ არის, ის მეგობარი მეფუტკრისგან შევიძინე, რომელმაც ფუტკარი ქალბაჯარში გადაიყვანა. ეს 30 წლის შემდეგ, ქალბაჯარში დამზადებული ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც ეს მითითებული აქვს ეტიკეტზე. სპეციალური ძვირადღირებული ქილები შევუკვეთე საზღვარგარეთ, სპეციალური დიზაინი გავაკეთეთ, შევფუთეთ და ეტიკეტზე დავაწერეთ – „ქალბაჯარის თაფლი“. ახლა გეგმა მაქვს, გავაკეთო ყარაბაღის სხვადასხვა რაიონებში წარმოებული თაფლის კოლექცია. მეგობარ დიზაინერთან ერთად ახლა ამაზე ვმუშაობ“.
ერთადერთი სფერო, რომელიც მონოპოლიის მსხვერპლი არ გახდა
ჩემი თანამოსაუბრის თქმით, მეფუტკრეობა, დიდი ალბათობით, ქვეყანაში ეკონომიკის ერთადერთი სფეროა, რომელიც მონოპოლიის მსხვერპლი არ გახდა. ამის მიზეზად ის საქმიანობის სპეციფიკურობას ასახელებს.
„საკვები პროდუქტების მწარმოებელი ყველაზე მსხვილი აზერბაიჯანული კომპანია უკვე მრავალი წელია თაფლის წარმოებით დაკავებას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. თქვენ შეიძლება დათესოთ ჰექტრობით სიმინდი, ეს საქმე ვიღაც აგრონომს ჩააბაროთ, კარგი ხელფასი გადაუხადოთ და შედეგი იქნება. მაგრამ ასეთი რამ მეფუტკრეობაში შეუძლებელია. მეფუტკრე თვითონ უნდა იდგეს თავისი საქმიანობის უკან. შეუძლებელია, რომ ვიღაცამ შენს მაგივრად მიაქციოს ყურადღება ფუტკარს.
მაგალითად, მე მამაჩემისგან განცალკევებული მეურნეობა მაქვს. ვურეკავ მას, ვთხოვ რაღაც გააკეთოს. რა თქმა უნდა, მას სურს, რომ შვილს უფრო უკეთ წაუვიდეს საქმე, ვიდრე თავად. მაგრამ მასაც კი არ შეუძლია გააკეთოს ის, რაც მე შემიძლია გავუკეთო ჩემს ფუტკრებს. ამ მიზეზიდან გამომდინარე, ჩინოვნიკები, მინისტრები, ოლიგარქები არ დებენ დიდ ინვესტიციებს მეფუტკრეობაში. იმიტომ რომ ისინი არ დადგებიან ამ საქმის უკან. ეს ძალიან რთული, სპეციფიკური სფეროა. სწორედ ამიტომ არ არის მონოპოლია“, – ამბობს ელვინი.
არასტაბილური თვითღირებულება და სტაბილური ფასი
ერთი კილოგრამი თაფლი ახლა 30 მანათი (დაახლოებით 18$) ღირს. დაახლოებით, ორი-სამი წლის წინ, ის 25 მანათი (დაახლოებით 15$) ღირდა. თუკი სხვა პროდუქტის ფასები სწრაფად იზრდება, თაფლის ფასი ფაქტობრივად სტაბილურია.
„სხვა პროდუქტის ფასები, შეიძლება სამი-ოთხჯერ გაიზარდა. თაფლი კი 10-20 პროცენტით გაძვირდა, მეტით არა. თვითღირებულება კი განსხვავებულია. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთი კილოგრამი თაფლის თვითღირებულება 10 მანათი (დაახლოებით 6$) იყოს, შეიძლება მთელი 25 მანათიც (დაახლოებით 15$) კი იყოს. დამოკიდებულია წლის პერიოდზე, პროდუქტიულობაზე. შეიძლება თითო კილოგრამ თაფლზე სამი-ხუთი მანათი გამოიმუშაო, შეიძლება – 10-20-იც. აქ ყველაფერი ბუნებაზეა დამოკიდებული, როგორი ამინდი იქნება“.
„მეფუტკრეობასთან დაკავშირებული დიდი გეგმები“
ელვინს ვეკითხები, მისი ჟურნალისტიკაში დაბრუნების ალბათობაზე. ამბობს, რომ თავს ახლაც ჟურნალისტად გრძნობს.
„როდესაც სადღაც რაღაც მოვლენას ვხედავ, მინდა გადავიღო, ამის შესახებ დავწერო, რომ, აი, ასეთი რამ მოხდა. თუკი თავისუფალი დრო მექნება, ვოცნებობ ფოტოგრაფიით დავკავდე. ამ სფეროს განვითარებაც შეიძლება. მაგრამ ვფიქრობ, რომ მეფუტკრეობა უფრო მიზანშეწონილია ჩემთვის. ამ სფეროსთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს.
ეს ფანტასტიკური საქმიანობაა, სიამოვნებას იღებ. ხანდახან საათობით ვწევარ ჩრდილში, ფუტკრები მუშაობენ, ვაკვირდები მათ და მთელი სტრესი ერთი ხელის მოსმით ქრება. უსმინო მათ მუშაობის დროს – ეს არის შესანიშნავი ხმა, შესანიშნავი გრძნობა, თვითონ პროცესია შესანიშნავი“.
„მედიაქსელის“ მხარდაჭერით