საქართველოში ეკლესიას უფრო მაღალი ნდობა აქვს, ვიდრე პარლამენტს, სასამართლოს და პრემიერს ერთად აღებულს
ვის ენდობიან საქართველოს მოქალაქეები, რას ფიქრობენ ისინი კორუფციაზე, ნარკოპოლიტიკაზე და აფგან მუხტარლის საქმეზე.
JAMnews-მა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა შეაჯამა.
_____________________
არის თუ არა კორუფცია?
გამოკითხულთა 99 პროცენტი ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში არც მისთვის და არც მისი რომელიმე ოჯახის წევრისთვის სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამი არ მოუთხოვიათ.
ამასთან, მოქალაქეთა უმრავლესობა (36 პროცენტი) დარწმუნებულია, რომ ქართველი ჩინოვნიკები და საჯარო მოხელეები ბოროტად იყენებენ თანამდებობას პირადი მიზნებისთვის.
ვის ენდობა ხალხი?
ყველაზე ნაკლებად საქართველოს მოსახლეობა პარლამენტს (17 პროცენტი) და სასამართლოს (20 პროცენტი) ენდობა. ბოლო სამეულშია ასევე მედია. ყველაზე მეტ გამოკითხულს (60 პროცენტი) მედიის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს – ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ – არა.
ინსტიტუტი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან, ტრადიციულად, კვლავ ეკლესიაა (76 პროცენტი).
ეკლესიის შემდეგ მაღალი ნდობით სარგებლობენ და პირველ სამეულში შედიან მასწავლებლები (65 პროცენტი) და ექიმები (50 პროცენტი).
36 პროცენტიანი ნდობა აქვს პოლიციას, 32 პროცენტი ენდობა ადგილობრივ ხელისუფლებას.
პრეზიდენტს, რომელსაც საქართველოში კონსტიტუციით მინიმალური უფლებები აქვს, უფრო მეტი ადამიანი ენდობა (41 პროცენტი), ვიდრე პრემიერ-მინისტრს (27 პროცენტი). (თუმცა, ეს გამოკითხვა მარტშია ჩატარებული და აქ ვერ იქნება ასახული ბოლოდროინდელი სკანდალის შედეგები, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ადამიანის შეწყალებას მოყვა).
“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ჩამონათვალში ვერ მოხვდა ვერც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სულ რამდენიმე დღეა, რაც ჩრდილიდან გამოვიდა და მმართველ პარტიას ჩაუდგა სათავეში.
სახელმწიფო ინსტიტუტები პოლიტიზებულია. მათ მმართველი პარტია მართავს
მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი მმართველი გუნდის დაკვეთას ასრულებს და მის ინტერესებს ემსახურება.
გამოკითხულთა უმრავლესობა (58 პროცენტი) ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მიკერძოებულია (51 პროცენტი) და მთლიანად მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა (58 პროცენტი).
გამოკითხულები დარწმუნებულები არიან, რომ მმართველი გუნდის სამსახურშია პროკურატურა (57 პროცენტი), შინაგან საქმეთა სამინისტრო (55 პროცენტი) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც (55 პროცენტი).
უნდა იჯდეს თუ არა ციხეში ნარკომომხმარებელი?
გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება პოლიციის მხრიდან მოქალაქეებისთვის ნარკოტიკების “ჩადების” შემთხვევები. უმრავლესობას (45 პროცენტი) მიაჩნია, რომ მოქალაქეთა დაკავების მიზნით, პოლიცია ამ მეთოდს აქტიურად იყენებს.
ამასთან, მოსახლეობის 36 პროცენტისთვის პრობლემას არ წარმოადგენს საპოლიციო რეიდები, რომლებსაც სამართალდამცავი ორგანობი ქვეყანაში დროდადრო აწყობენ – აჩერებენ ქუჩაში ნებისმიერ ადამიანს ან მანქანას, ჩხრეკენ და ზოგ შემთხვევაში ნარკოტესტირებაზე გადაჰყავთ. მხოლოდ 18 პროცენტი ფიქრობს, რომ რეიდები გამართლებული არ არის.
გამოკითხულთა დიდი ნაწილი – 72 პროცენტი ფიქრობს, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ.
უმრავლესობა (56 პროცენტი) გაუმართლებლად მიიჩნევს ასევე კლუბური ნარკოტიკების (MDMA, ექსტაზი და სხვა) მომხმარებელთა დაპატიმრებასაც. 36 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ისინი ციხეში უნდა ისხდნენ.
განსხვავებული დამოკიდებულებაა ინტრავენური (მორფი, ჰეროინი) ნარკომომხმარებლების მიმართ. გამოკითხულთა უმრავლესობა (53 პროცენტი) ფიქრობს, რომ მათ ციხის სასჯელი ეკუთვნით, 46 პროცენტი კი, ფიქრობს, რომ – არა.
რა მოუვიდა აფგან მუხტარლის?
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კითხვარში ერთი კითხვა გასულ წელს თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალსტის აფგან მუხტარლის საქმესაც ეხებოდა.
უმრავლესობას (36 პროცენტი) არა აქვს საკუთარი აზრი, რა ვითარებაში გაქრა ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან და როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანის ციხეში. 18 პროცენტი ფიქრობს, რომ მუხტარლი ქართულმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს და აზერბაიჯანს გადასცეს. 15 პროცენტი ფიქრობს, რომ ის აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს, ოღონდ ქართული მხარის დახმარებით. აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური ვერსია – რომ მუხტარლიმ თავისით გადაკვეთა საზღვარი, დამაჯერებელი მხოლოდ 6 პროცენტისთვისაა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.