კრემლი ლუგარის ლაბორატორიას საშიში მწერების გამოყვანაში სდებს ბრალს. რას პასუხობს თბილისი
ლუგარის ლაბორატორია
უკრაინაში ომის პარალელურად კრემლმა მოიცალა და მორიგი განცხადება გააკეთა ლუგარის ლაბორატორიაზე. რუსული მესიჯი უცვლელია – თბილისში, ამერიკელების დავალებით ადამიანებისთვის საშიში ვირუსები და ორგანიზმები გამოჰყავთ. ამჯერად ითქვა, რომ ლუგარში განსაკუთრებით საშიშ მწერებს “ამზადებენ”.
თბილისში ამ ბრალდებებისთვის ოფიციალური პასუხი არ გაუციათ.
ნაცვლად ამისა, პანდემიიდან ორი წლის თავზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ლაბორატორიაში ქართველი ჟურნალისტებისთვის მედია ტური მოაწყო.
- რა არის ლუგარის ლაბორატორია და რატომ ებრძვის მას კრემლი
- ლუგარის ლაბორატორია კვლავ რუსი ჩინოვნიკების სამიზნე გახდა
ჟურნალისტებმა ლაბორატორიის ის სივრცეები დაათვალიერეს, სადაც მკვლევრები და მეცნიერები მუშაობენ. ექსკურსიას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე უძღვებოდა. იგი ხსნიდა, როგორ მუშაობს ლაბორატორია, რა სახის მიკრობებთან და უსაფრთხოების რა წესების დაცვით მუშაობენ მეცნიერები, როგორი იქნებოდა პანდემიის მართვა, რომ არა ეს ლაბორატორია.
ტურს ესწრებოდა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონული წარმომადგენლობაც. მედია ტურის დასრულების შემდეგ, ისინი ამირან გამყრელიძესთან ერთად პასუხობდნენ კითხვას, რატომ არის ამ ლაბორატორიის არსებობა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი.
ჟურნალისტებს შორის „ალტ-ინფოს” წარმომადგენელიც იყო. ეს ის მედიაა, რომელიც საქართველოში რუსულ პროპაგანდას ავრცელებს, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორიაზეც.
ლუგარის ლაბორატორია თბილისის გარეუბანში, აეროპორტის გზაზე მდებარეობს. იგი ამერიკელი სენატორის, რიჩარდ ლუგარის სახელს ატარებს. ოფიციალურად მას რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ეწოდება.
ლაბორატორია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერაა დაფინანსებული. და როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ამერიკელი ხალხის დახმარების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ლუგარის ლაბორატორია მოწინავეა ამ რეგიონში და მისი არსებობა არამხოლოდ საქართველოსთვის, მეზობელი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ზუსტად ეს არის ის, რის გამოც ის ხშირად ხდება რუსეთის თავდასხმის სამიზნე. მისი თქმით, კრემლს აღელვებს ის, რომ საქართველოს თავად აქვს ასეთი მაღალი დონის სამეცნიერო ლაბორატორია და რუსეთზე დამოკიდებული აღარ არის.
ამ მედია ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ TASS-თან ინტერვიუში თქვა, რომ ლუგარში ვაშინგტონი ბიოლოგიურ კვლევებს ატარებენ.
“ამ ბიოლოგიური ობიექტის ბაზაზე მიმდინარეობს კვლევები მწერების განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური და ინფექციური აგენტების მატარებლებად გამოყენებაზე”, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
ჟურნალისტის კითხვას, როგორ პასუხობს თბილისი ამ პროპაგანდას, ამირან გამყრელიძე მოკლედ პასუხობს: “ამ და ასეთი მედიატურებით. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს”.
ეს მართლაც არ არის პირველი მედიატური, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში მოეწყო. ლაბორატორია დათვალიერებული აქვთ რუს ჟურნალისტებსაც. და არა მხოლოდ მათ – სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს.
ჟურნალისტების ვიზიტი ლუგარის ლაბორატორიაში იმ დღეს დაემთხვა, როდესაც საქართველოში ახალი ვირუსული ინფექციის “მაიმუნის ყვავილის” პირველი შემთხვევა დადასტურდა.
ამირან გამყრელიძემ ახსნა, მსგავსი ინფექციების მართვისას რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ლაბორატორიის არსებობა. სწორედ მსგავსი ლაბორატორიები იძლევა შესაძლებლობას საეჭვო ინფექციებზე სიღრმისეული კვლევები ადგილზევე ჩატარდეს.
გამყრელიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კოვიდ პანდემიის მართვაშიც.
კოვიდის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 27 თებერვალს დაფიქსირდა. ორ წელიწად ნახევარში ამ ლაბორატორიაში ასი ათასობით საეჭვო შემთხვევა გამოიკვლიეს.
ახლა საქართველოში პანდემიას უკვე დამარცხებულს უწოდებენ. მკვეთრად შემცირებულია ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებლები, მოხსნილია ყველა შეზღუდვაც. მაგრამ, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ არასახარბიელო მაჩვენებლები აქვს აცრებს.
დაავადებათა კონტროლის სამსახურს ჰქონდა გათვლა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოსთვის აცრების მაჩვენებელს 70 პროცენტამდე მიეღწია. თუმცა, ეს მაჩვენებელი ჯერ მხოლოდ 44 პროცენტია.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ახლა ამ მიმართულებით იმუშავებენ. სექტემბრიდან აცრების წასახალისებლად ახალი პროგრამები დაიწყება.
ლუგარის ლაბორატორია