ქალაქ შუშაში საქართველოდან ვიზიტები გახშირდა. რა შეიძლება იყოს მიზეზი?
ქალაქ შუშაში საქართველოდან ვიზიტები გახშირდა
2022 წლის აპრილში ქალაქ შუშას საქართველოდან კულტურის სფეროს წარმომადგენლები ეწვივნენ. 19 მაისს აზერბაიჯანში ქართველი სასულიერო პირები ჩავიდნენ. ქალაქი შუშა, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის შედეგად ბაქოს კონტროლს დაუბრუნდა, მათაც მოინახულეს. 22 მაისს ამავე ქალაქში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტარების ერთობლივი შეხვედრაა დაგეგმილი.
რით შეიძლება აიხსნას საქართველოს ასეთი ინტერესი ამ ქალაქის მიმართ? პოლიტიკური მიმომხილველის კომენტარი.
რა ხდება შუშაში?
ქალაქი შუშა აზერბაიჯანის კონტროლს 2020 წლის 8 ნოემბერს, ყარაბაღის მეორე ომის დასრულებამდე ერთი დღით ადრე დაუბრუნდა. აზერბაიჯანში 8 ნოემბერი გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
ქალაქში უკვე აღდგენილია შვიდი ისტორიული ძეგლი, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა შუშას რაიონში აიდინ კარიმოვმა.
მისი თქმით, უკვე მომზადებულია ქალაქ შუშას გენერალური გეგმა. ქალაქში 20-25 ათასი ადამიანი იცხოვრებს. მათთვის 24 საცხოვრებელი კორპუსის აშენება იგეგმება.
გასულ კვირას შუშაში ფოლკლორული მუსიკის მე-5 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მუსიკოსები ესწრებოდნენ.
მეზობელი ქვეყნის – საქართველოს წარმომადგენლების ხშირი მოგზაურობები შუშაში ყურადღებას იპყრობს
კულტურის სფეროს მოღვაწეები და ბლოგერები საქართველოდან შუშაში
2022 წლის აპრილის შუა რიცხვებში შუშას საქართველოდან კულტურის სფეროს მოღვაწეების, ეკოლოგების, თურქოლოგებისა და ბლოგერების დელეგაცია ეწვია.
დელეგაციის წევრებმა ქალაქის ცენტრალური მოედანი, შუშას ციხესიმაგრე და ლეგენდარული “Джыдыр дюзю” [აზერბაიჯანის საკულტო ადგილი_JAMnews] მოინახულეს.
ისინი ასევე გაეცნენ აზერბაიჯანელი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის მოლა პანაჰ ვაგიფის მუზეუმ-მავზოლეუმის რესტავრირებულ კომპლექსს, დაათვალიერეს ბულბულის სახლ-მუზეუმი [Бюль бюль არის აზერბაიჯანელი ოპერის მომღერალი, სახალხო არტისტი_JAMnews]. აქ ქართველმა შემსრულებლებმა რამდენიმე აზერბაიჯანული ხალხური სიმღერაც შეასრულეს.
ქართულმა დელეგაციამ ასევე მოინახულა ფიზული, ჯაბრაილი და აღდამი, – ქალაქები, რომლებიც აზერბაიჯანის კონტროლს ყარაბაღის მეორე ომის შედეგად დაუბრუნდა.
საქართველოს რელიგიური მოღვაწეები და პარლამენტარები შუშაში
2022 წლის 19 მაისს აზერბაიჯანში ქართველი რელიგიური მოღვაწეების დელეგაცია ჩავიდა.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გამართავენ არაერთ ოფიციალურ შეხვედრას. ასევე ეწვევიან განჯას, ფიზულს, აღდამსა და შუშას.
22 მაისს კი შუშაში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
კომენტარი
სამი ქვეყნის პარლამენტარების ერთობლივი შეხვედრა შუშაში მიზნად ისახავს სამმხრივი თანამშრომლობის გაფართოებას თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საკანონმდებლო დონეზე, – განაცხადა პოლიტოლოგმა აგშინ კარიმოვმა.
„ყარაბაღის კონფლიქტის განმავლობაში საქართველო აზერბაიჯანის პოზიციას უჭერდა მხარს. თუმცა, ხანდახან ვხედავდით სხვა მისწრაფებებსაც, რომლებიც ამ ხაზს სცილდებოდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობებმა სტრატეგიული პარტნიორობის დონე შეინარჩუნა და შესამჩნევ განვითარებასაც მიაღწია.
საქართველოს ურთიერთობა სომხეთთან ერთი შეხედვით მეგობრულია. მაგრამ ეს ქვეყნები კონკურენტებიც არიან ეთნიკური ელემენტებით მდიდარი პრობლემების გამო. ხანდახან სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს რეგიონი, რომელიც სომხური მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, იმუქრება, კეთდება განცხადებები, რომლებიც გავლენას ახდენს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.
აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საერთო ინტერესები რეგიონში მიზნად ისახავს სომხური ფაქტორის კონსტრუქციულ პოზიციაზე გადაყვანას. მაგრამ ამავე დროს, საქართველოს ურთიერთობა სომხეთთან სხვა მიმართულებით ვითარდება, ვიდრე ამ ქვეყნის ურთიერთობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან.
არ მგონია, რომ ქართველი პარლამენტარების მონაწილეობამ შუშაში გამართულ ერთობლივ შეხვედრაზე ერევნის მწვავე რეაქცია გამოიწვიოს.
თურქეთი ცდილობს დაიცვას საქართველო რუსული გავლენისგან, მაგრამ რა სცენარებით მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია.
საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე თურქეთისთვის და თბილისი მონაწილეობს ბაქოსა და ანკარას თითქმის ყველა ერთობლივ ეკონომიკურ პროექტში.
საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის უსაფრთხოებას აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის რეგიონალური უსაფრთხოების მნიშვნელობა აქვს. ამ სამმა ქვეყანამ ჩაატარა და გეგმავს ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას, რაც უდავოდ არის გზავნილი რეგიონის სახელმწიფოებისთვის.
სამი ქვეყნის პარლამენტების კომიტეტების ერთობლივი შეხვედრა ასევე სამმხრივი თანამშრომლობის ანონსია ახალ რეალობაში. ამიტომ ამ შეხვედრის ადგილის ქალაქ შუშას არჩევა შემთხვევითი არ არის“.
ქალაქ შუშაში საქართველოდან ვიზიტები გახშირდა