"გოგონა გამოძახებით", რომელმაც აშშ-ის არჩევნებში კრემლის შესაძლო მონაწილეობა დაადასტურა
ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა რუსმა ჩინოვნიკმა, რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგეი პრიხოდკომ რამდენიმე დღე გავლენიან რუს ოლიგარქთან, ოლეგ დერიპასკასთან და დაქირავებულ მეძავებთან ერთად იახტაზე გაატარა. ამ თავყრილობის შესახებ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თავის ახალ საგამოძიებო ფილმში – „იახტები, ოლიგარქები, გოგონები: კაცებზე მონადირე გოგონა მექრთამეს ამხელს“.
თუმცა, 25-წუთიანი ვიდეო (რომელიც ნახვაც ამ სტატიის დასაწყისში შეგიძლიათ), იახტაზე გლამურულ გართობას როდი ეხება – ეს არის სერიოზული გამოძიება, რომელიც ნავალნის “კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა” ჩაატარა.
ფილმში პრიხოდკო „უაღრესად გავლენიან რუს ჩინოვნიკადაა“ მოხსენიებული, რომელიც კრემლში საერთაშორისო ურთიერთობებს კურირებს და ამ სფეროში ყველაზე დიდი წონა აქვს. ნავალნი და მისი გუნდი პრიხოდკოს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასგან ქრთამის აღებაში ადანაშაულებს.
ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, დერიპასკა 2000-იანი წლების ბოლოს ყველაზე მდიდარი რუსი იყო და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეცხრე ადგილს იკავებდა. გამოძიების ავტორების აზრით, ის ჩინოვნიკს იმისთვის უხდიდა ფულს, რომ მას კრემლში მისი ინტერესებისთვის ლობირება გაეწია. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არამხოლოდ ამისთვის.
ფილმის ავტორები ამტკიცებენ, რომ ფეშენებელურ იახტაზე განვითარებული მთელი ეს ისტორია კარგად აჩვენებს, თუ როგორ ერეოდა კრემლი ამერიკის არჩევნებში.
მიყვვეთ თანმიმდევრობით:
ა
ამერიკული მედია, უკვე დიდი ხანია ირწმუნება, რომ პრეზიდენტ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი ჯერ კიდევ 2005 წლიდან ლობირებდა ამერიკის მთავრობაში რუსეთის ინტერესებს და ამისთვის ფულს ოლეგ დერიპასკასგან იღებდა. ამერიკული მედიის ცნობით, მანაფორტს და დერიპასკას ერთობლივი ბიზნესიც ჰქონდათ.
ამჟამად აშშ-ში მანაფორტის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. 2018 წლის გაზაფხულზე ის სასამართლოს წინაშე წარსდგება. მას აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან უკანონო თანამშრომლობასა და ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს.
კრემლთან თანამშრომლობაში მანაფორტი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდანაშაულებიათ, თუმცა ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე რამდენჯერმე დაკითხეს და მის სახლში ჩხრეკაც კი ჩაატარეს.
რუსი მეძავი გოგონას გულახდილმა ნაამბობმა, შესაძლოა, მანაფორტის რუსეთთან კავშირისადმი დამატებითი ინტერესი აღძრას. სწორედ ეს გოგონაა ნავალნის გამოძიების ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა.
ფ
ფილმი „იახტები, ოლიგარქები, გოგონები: კაცებზე მონადირე გოგონა მექრთამეს ამხელს“ – ფონდის მიერ ჩატარებული პირველი ხმაურიანი გამოძიება არ არის. ფონდმა ადრე გამოაქვეყნა გახმაურებული გამოძიებები პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევსა და გენერალურ პროკურორ, იური ჩაიკაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმებმა 40 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, რუსეთის ხელისუფლება მათ იგნორირებას უკეთებს.
სერგეი პრიხოდკოზე ჩატარებული გამოძიების მთავარ წყაროდ ერთ-ერთი გოგონას ინსტაგრამი იქცა. გარდა ინსტაგრამზე დადებული მოკლე ვიდეოებისა, ესკორტ-გოგონამ, რომელიც ოლიგარქის იახტაზე იმყოფებოდა, წიგნიც დაწერა სათაურით – „დღიური – როგორ ვაცდუნოთ მილიარდელი”.
გოგონა საკუთარ თავს ნასტია რიბკად მოიხსენიებს და დაწვრილებით ჰყვება რა ხდებოდა ოლიგარქის იახტაზე. მართალია, იახტაზე მყოფთა სახელები შეცვლილია, მაგრამ პერსონაჟთა აღწერილობა, ასევე ინსტაგრამის ფოტოები და ვიდეო ადასტურებს, რომ იახტაზე სწორედ პრიხოდკო და დერიპასკა იმყოფებოდნენ.
სწორედ რიბკას გულახდილობით “გავიდნენ” გამოძიების ავტორები ოლიგარქისა და ჩინოვნიკის კორუფციულ კავშირზე.
ფილმის ავტორები სერგეი პრიხოდკოს უძრავი ქონებითაც დაინტერესდნენ: უზარმაზარი სახლი და მიწა ქალაქგარეთ, ასევე ორი ბინა მოსკოვში ელიტურ კორპუსებში 5 მილიონ დოლარზე მეტი ღირს. ფილმის ავტორებმა დაითვალეს, რომ ჩინოვნიკი პრიხოდკო ასეთ ქონებას საკუთარი ხელფასით ვერ დააგროვებდა.
ნავალნის გამოძიებას უკვე მოჰყვა რეზონანსი რუსეთში – იუთუბს ნავალნის ფილმის ლინკის აღება მოსთხოვეს, დერიპასკამ კი, ნასტია რიბკას სასამართლოში უჩივლა.