ლექსო ლაშქარავას საქმეზე ბრალდებულებს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
5 ივლისის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა
“TV პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეში ბრალდებულებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ნინო ელიშვილმა ამ საქმეზე განაჩენი დღეს, 4 აპრილს გამოაცხადა.
პატიმრობა ექვს პირს შეეფარდა: დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს, გია გიგუაშვილს, თორნიკე დავლაშერიძეს და აკაკი ნაკაშიძეს. ყველა მათგანს, გამოძიება სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლის დარღვევას ედავებოდა. (ესენია: 225-ე მუხლის მეორე ნაწილი, 156-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტები, 154-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილით, 118-ე მუხლის მესამე ნაწილი).
“ყველა ბრალდებულ პირთან მიმართებაში წარდგენილ კვალიფიკაციებს სასამართლო დადგენილად მიიჩნევს”, – განაცხადა მოსამართლემ.
დღესვე განაჩენი გამოცხადდა 5 ივლისის ძალადობის საქმის სხვა ეპიზოდებზეც.
მოსამართლემ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის, რატი წვერავას, ასევე,”მთავარი არხის“ ჟურნალისტების, დეა მამისეიშვილის და დათუნა ახალაძის, „იმედის“ ჟურნალისტების, დიტო ყირიმლიშვილისა და შოთა კერვალიშვილის, „ტაბულას” ჟურნალისტის, მაკა ჯაბუას, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტების, თორნიკე მანდარიას და ოპერატორ დათო ქორიძის და „რუსთავი 2-ის“ ოპერატორის, ბექა ათაბეგაშვილის მიმართ ძალადობის საქმეზე ბრალდებულები.
● “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დაკრძალეს
● “ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა” – ღარიბაშვილი გადადგომას არ აპირებს
მათ ნაწილს სამი, ნაწილს კი ერთი წლითა და სამი თვით პატიმრობა შეუფარდეს.
“ფორმულას” ფოტოგრაფის, ვახო ქარელის ინტერესების მცველი აცხადებს, რომ ძალადობაში ბრალდებულს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათ ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულ პირს ერთი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გამოცემა წერს, რომ მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა რამდენიმე ადამიანი, თუმცა საქმეზე მხოლოდ გიორგი კახიანი იყო დაკავებული.
ასევე, ერთი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯეს “ტაბულას” ჟურნალისტზე მაკო ჯაბუაზე ძალადობაში ბრალდებულ პირს.
დღეს, 4 აპრილს, ჟურნალისტების ძალადობაში ბრალდებულების საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა. საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები იყვნენ მედიის წარმომადგენლები.
სასამართლოსთან მივიდნენ ძალადობრივი ჯგუფის წევრებიც. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
რა მოხდა 5 ივლისს
5 ივლისს, თბილისში, Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია. იგი თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ და ქვეყნის “გაუკუღმართებული ცხოვრების წესისგან” დაცვისკენ მოუწოდებდა.
5 ივლისს ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები დილიდან გამოვიდნენ პარლამენტთან. მათ ჯერ პარლამენტთან თვეების განმავლობაში მდგარი ოპოზიციური კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ამ ამბის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს დაერივნენ. 5 ივლისს თბილისში ნამდვილი ნადირობა მოეწყო ჟურნალისტებზე – რადიკალები 53 ჟურნალისტს დაესხნენ თავს.
შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები. “არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის”, – ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა.
როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, მოძალადეთა ქმედებები წააქეზა პრემიერ ღარიბაშვილის მიერ 5 ივლისს გაკეთებულმა განცხადებამ. ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ “ღირსების მარშის“” ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე.
“ღირსების მარში” გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა. როგორც ჟურნალისტები ამბობდნენ, მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული არასაკმარისი პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, “რისი საშუალებაც იყო”.
როგორც მედიის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, ჰომოფობები მათ მიზანმიმართულად დასდევდნენ. ზოგ ჟურნალისტს ქირურგიული ოპერაცია და სერიოზული სამედიცინო ჩარევა დასჭირდა.
● ჰომოფობების ცეკვა პარლამენტთან. ფოტორეპორტაჟი
● როგორ იბრძვის ლგბტქ თემი საკუთარი უფლებებისთვის საქართველოში და რას მიაღწია?
● ნადირობა მედიაზე. პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე ოცზე მეტი რეპორტიორი მძიმედ დაშავდა
მათ შორის იყო ლექსო ლაშქარავა, ტვ პირველის ოპერატორი. ძალადობრივი ჯგუფები ლაშქარავას და მის კოლეგას, ტვ პირველის ჟურნალისტს მირანდა ბაღათურიას თავს დაესხნენ ორგანიზაცია “სირცხვილიას” ოფისში. როგორც ბაღათურია ამბობს, ლაშქარავას 20 ადამიანი სცემდა. თვითმხილველთა თქმით, მოძალადეებს შორის სასულიერო პირებიც იყვნენ.
ლაშქარავა საავადმყოფოში გადაიყვანეს სახის ძვლების მოტეხილობით, მას ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. სამი დღის შემდეგ მან კლინიკა დატოვა. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 10 ივნისს, იგი “TV პირველის” შუადღის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც 5 ივლისის მოვლენები გაიხსენა.
ლაშქარავა 11 ივლისს დედამ საკუთარ ლოგინში გარდაცვლილი იპოვა.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლაშქარავას ცხვირიდან სისხლი სდიოდა. ოჯახის ახლობლების ერთ-ერთი ვერსიაა, რომ იგი მიყენებული დაზიანებების შედეგად, თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.
ახალგაზრდა კაცის ცხედარი კრიმინალისტებმა ექსპერტიზაზე ოჯახის თანხმობის გარეშე გადაიტანეს. მამაკაცის ცხედარი ლურჯ პარკში გახვეული გამოიტანეს სახლიდან, საკაცის გარეშე და სირბილით მიიტანეს მანქანამდე. გარდაცვლილის მიმართ ასეთი მოპყრობა საზოგადოების უკმაყოფილების კიდევ ერთ მიზეზად და სოციალურ ქსელებში განხილვის თემად იქცა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ლაშქარავას გარდაცვალებიდან ძალიან მალე, ხელისუფლებასთან ასოცირებულმა საიტებმა დაიწყეს გავრცელება ინფორმაციის, თითქოს ლაშქარავა ნარკოდამოკიდებული იყო და იგი ზედოზირებით გარდაიცვალა.
იმავე დღეს, 11 ივლისს საღამოს, შსს-მ გამართა ბრიფინგი, სადაც უწყებამ იგივე ვერსიის გავრცელება დაიწყო, რომ ლაშქარავა “არაფხიზელ მდგომარეობაში” იყო.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე შსს და სამედიცინო კლინიკა დააჯარიმა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი.
ასევე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომლის ვიდეოჩანაწერები შსს-მ გაავრცელა – სადაც, შსს-ს თქმით, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ზედოზირებით მიიყვანეს.
5 ივლისის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა