„სომხეთი თავისუფალი ქვეყანაა, განსხვავებით რუსეთისგან“. მოსაზრება ერევნის აქციებზე
რუსეთის მხარდამჭერი აქცია ერევანში
19 მარტს, ერევანში რუსეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელიც საზოგადოებაში ნაკლებად პოპულარული პრორუსი პოლიტიკოსების მიერ იყო ორგანიზებული. თავად სომხეთში ამ აქციისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ, თუმცა, ქვეყნის გარეთ ამას დიდი ყურადღებაც მოჰყვა და რეზონანსიც. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გაჩნდა კითხვა, უჭერს თუ არა მხარს სომხეთის ხელისუფლება და საზოგადოება რუსეთს ამ ომში.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი და რუსეთი ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორები არიან, ქვეყნის ხელისუფლება აბსოლუტურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ექსპერტთა წრეებში ღიად საუბრობენ, რომ ძალაგამოცლილ სომხეთს, მით უმეტეს 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ, სჭირდება შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი – რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.
საზოგადოებაში არიან როგორც რუსეთის მხარდამჭერები, ასევე ისინი, ვინც ამ სიტუაციაში უკრაინის მხარესაა.
რუსეთის მხარდამჭერი აქცია ერევნის ცენტრში და ექსპერტების მოსაზრებები რუსეთ-უკრაინის ომის ორივე მხარის სოლიდარობის აქციებზე.
- დასავლეთსა და რუსეთს შორის – სომხეთის რთული არჩევანი. ექსპერტების მოსაზრებები
- რუსეთიდან სომხეთში გადასვლა: ადამიანები და კომპანიები ომის დღეებში ალტერნატივას ეძებენ
აქცია, რომელიც სომხეთში არ შეიმჩნიეს
ომის რუსული სიმბოლოებით – Z” და “V”, რუსეთის მხარდამჭერ აქციაში ასობით ადამიანი მონაწილეობდა. კონკრეტულად ვინ იყო ამ აქციის ორგანიზატორი უცნობია, თუმცა, მას რამდენიმე ისეთი პოლიტიკოსი ესწრებოდა, რომელთაც მკაფიოდ პრორუსული განწყობები აქვთ.
მათ შორის ერთ-ერთი, პარტია „კონსტიტუციური უფლებების” თავმჯდომარე, მოძრაობა „ძლიერი სომხეთი რუსეთთან. ახალი კავშირის” აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ჰაიკ ბაბუხანიანი:
„დღეს ჩვენ ვდგავართ რუსეთის გვერდით, რადგან ჩვენი ძმობა დადასტურდა ბრძოლის ველსა და საზღვრებზე, სადაც რუსი ჯარისკაცი იცავს სომხეთსა და არცახს. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ძმობას, ერთობას. ჩვენ ვართ თავისუფლების, თვითგამორკვევის, სომხურ-რუსული მეგობრობის მომხრეები. დღეს ჩვენი მოკავშირე ცივილიზაციურ ბრძოლას აწარმოებს. ეს არის ცივილიზაციური კონფლიქტი. რუსეთის დაცვით, ჩვენ ვიცავთ ჩვენს იდენტობას, ტრადიციებს, ჩვენს ტრადიციულ ოჯახებს, ეკლესიას“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
„რუსეთთან მეგობრობა გულწრფელი უნდა იყოს. ეს არის ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის საფუძველი. ჩვენ დღეს ვმონაწილეობთ ამ ღონისძიებაში, რადგან გვსურს სომხეთი იყოს ძლიერი და პატიოსანი მეგობრულ ურთიერთობებში. და როცა ნაციზმთან ბრძოლაა, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას. ჩვენ აქ ვართ ძლიერი სომხეთის, მისი ძლიერი ურთიერთობებისთვის სტრატეგიულ პარტნიორთან“, -თქვა კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა, პარტია “ალიანსის” ლიდერმა ტიგრან ურიხანიანმა.
გამოსვლების დასასრულს აქციის მონაწილეები რუსეთის საელჩოსკენ გაემართნენ. მათ განაცხადეს, რომ აქციები პერმანენტული იქნება. უკვე ცნობილია, რომ შემდეგი აქცია 26 მარტსაა დაგეგმილი.
„რომელიმე კავშირში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება“
აქცია, რომელიც რუსეთის სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად იყო ორგანიზებული, ქვეყნის გარეთ აღიქვეს, როგორც სომხეთის ხელისუფლებისა და საზოგადოების მზაობა რუსეთ-ბელორუსის ალიანსში გაწევრიანებაზე.
მოვლენების ასეთ აღქმას ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მორიგმა სკანდალურმა განცხადებამაც შეუწყო ხელი. თებერვლის დასაწყისში სომხურ მედიაში განხილვის თემა იყო ლუკაშენკოს ციტატა: „სომხეთს არსად აქვს წასასვლელი. ფიქრობთ, რომ ის ვინმეს სჭირდება?”
ლუკაშენკოს ამ განცხადებას, არამხოლოდ საზოგადოებაში, სომხეთის პარლამენტშიც დიდი რეზონანსი მოჰყვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ვაჰან ჰუნანიანი იძულებული გახდა განემარტა ხელისუფლების პოზიცია ამ განცხადებაზე:
„დარწმუნებული ვართ, რომ ბელორუსის პრეზიდენტის თავისებური გეოპოლიტიკური ანალიზი , პირველ რიგში, საკუთარ შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს ეხებოდა და საერთო არაფერი აქვს სომხეთსა და მის საგარეო პოლიტიკასთან“.
მაგრამ რადგან ამ საკითხის განხილვა არ ჩაცხრა, სომხურმა საინფორმაციო სააგენტო Infocom-მა საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხა, ხედავს თუ არა სომხეთის შეერთების შესაძლებლობას რუსეთ-ბელორუსის ალიანსთან?
18 მარტს, გამოცემამ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ასეთი პასუხი მიიღო:
„სრ კონსტიტუციის პირველი მუხლის მიხედვით, სომხეთის რესპუბლიკა არის სუვერენული, დემოკრატიული, სოციალური, სამართლებრივი სახელმწიფო“.
ამას მოჰყვა განმარტებაც, რომ მთავრობის დღის წესრიგში ეს საკითხი არ განიხილება.
ექსპერტის კომენტარი
პოლიტიკური მიმომხილველი ჰაკობ ბადალიანი, იმ მცირერიცხოვან აქციებს, რომელიც ერევანში იმართება ცალკე რუსეთისა და ცალკე უკრაინის მხარდასაჭერად, ფეისბუქზე გამოეხმაურა :
„საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სამართლიანად არის აღშფოთებული რუსეთის სამხედრო ოპერაციის მხარდამჭერი აქციებით. […] მაგრამ, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ სომხურ თემს შეუძლია გამართოს ისეთი აქცია, რომელიც იმ ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკას არ შეესაბამება, ასევე, სომხეთში მცხოვრებ ნებისმიერ “თემს” აქვს უფლება გამართოს ასეთი აქცია.
სომხეთი თავისუფალი ქვეყანაა, განსხვავებით იგივე რუსეთისგან.
რა თქმა უნდა, სომხური საზოგადოების ნაწილს არ მოსწონს საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოსთან, მეორე ნაწილს კი არ მოსწონს აქცია რუსული კამპანია „Z“-ის დასაცავად”. […]
ჩემი აზრით, ეს აქციები მნიშვნელობას მხოლოდ მათი დაგმობის გამო იძენს. შესაძლოა, განზრახვაცაა, რომ ხმაურიანი იყოს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ორგანიზატორების “მარგინალიზების” ფარგლებს არ გასცდებოდა. ხმაური, პირველ რიგში, ყურადღების იქცევს, და მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საშუალებაა “დისტანციურად” მართო საზოგადოების დღის წესრიგი და განწყობა.
შესაბამისად, რაც არ უნდა რთული იყოს ემოციებისგან თავის შეკავება, რაციონალიზმი მათ იგნორირებას მოითხოვს, ჩვენებას, რომ სომხურ საზოგადოებას აქვს საკუთარი „წინააღმდეგობის დღის წესრიგი“ და არ ექვემდებარება დისტანციურ მართვას სხვადასხვა მანიპულაციებით.
ბოლოს და ბოლოს, მან, ვინც ინტერესდება სომხეთის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ქცევით, ალბათ, ყველაზე კარგად იცის, რომ ეს ქმედებები არის „მარგინალური“, არ გამოხატავს საზოგადოების საერთო განწყობას ვითარება ამით საერთოდ არ იზომება.