ძალადობა სკოლებში. სად არის გამოსავალი? - კითხვას პასუხობენ ფსიქოლოგები, მოსწავლეები და ექსპერტები
პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბს ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. დანაშაულში ბრალდებულები მათივე თანატოლები – თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მეთერთმეტე კლასელები არიან. ძალადობა სკოლებში – სად არის გამოსავალი?
2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში გულმკერდის არეში დანით მიყენებული ჭრილობით კიდევ ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მოკლულის კლასელი და მეგობარი აღმოჩნდა.
ამ ტრაგედიამ დიდი დისკუსია გამოიწვია ქართულ ფეისბუკზე. ყველა თანხმდება, რომ სკოლა და განათლების სისტემა დღეს სერიოზული პრობლემების წინაშე დგას.
JAMnews-ი ესაუბრა სკოლის მოსწავლეებს, განათლების საკითხების ექსპერტებს და ფსიქოლოგებს. ვეცადეთ გაგვერკვია, რა მდგომარეობაა დღეს სკოლებში და რაში ხედავენ ისინი გამოსავალს?
________________________________________
ნინო, 15 წლის
ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე
“ჩხუბი, გარჩევები და დამცირება ჩვენს სკოლაში სულ ხდება. ერთხელ ძალადობის მსხვერპლი შშმ ბავშვი გახდა. ოღონდ ეს ამბავი არ გახმაურებულა. იმ ბავშვის მშობლებმა გაჩუმება არჩიეს და ბავშვი სხვა სკოლაში გადაიყვანეს. ვინც მას აბულინგებდა, ისინი ისევ ჩვენს სკოლაში სწავლობენ. ხანდახან გოგოები ბიჭებზე უარესად ჩხუბობენ. იყო შემთხვევა, როცა ბიჭის გამო ორმა გოგომ იჩხუბა და მანდატურმა გააშველა.
თუმცა, უფრო ხშირად მაინც სიტყვიერი ძალადობაა. ბევრი ასეთი შემთხვევის შესახებ არც მასწავლებელმა იცის და არც დირექციამ. ერთხელ მეც ვიყავი ბულინგის მსხვერპლი. ერთი ჩემი თანაკლასელი დადიოდა და ყველას ეუბნებოდა, რომ ჩემთვის ხმა არ გაეცათ და არავის არ დავეპატიჟებინე დაბადების დღეზე. დედას ვუთხარი და ის დირექტორთან შევიდა. დირექტორმა ჩემი კლასელი კაბინეტში დაიბარა და ამის შემდეგ მან შეწყვიტა ჩემი დაბულინგება”.
მაია ქურციკიძე,
იუნისეფის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში
“გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატმა 2016–2017 სასწავლო წლის განმავლობაში სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ბულინგი მოსწავლეთა შორის ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა.
ბავშვები ხშირად ხდებიან ღირსების შემლახველი მოპყრობის, ყვირილისა და შეურაცხყოფის ობიექტები. რაც ყველაზე საგანგაშოა, ძალიან დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენციის დონე. მათ არ იციან ძალადობაზე სწორი რეაგირება.
2010 წლიდან საქართველოში არსებობს ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურები, რომლებიც ავალდებულებს ბავშვთან მომუშავე ყველა პროფესიონალს, რომ რეაგირება მოახდინონ ძალადობაზე. თუ მასწავლებელი ხედავს, რომ ბავშვზე ხდება ძალადობა, ის ვალდებულია ამის შესახებ სათანადო სამსახურებს აცნობოს. თუმცა, მონიტორინგმა აჩვენა, რომ სკოლის პერსონალმა კარგად არც კი იცის, რა არის ძალადობა და ძალადობად მიჩნევს მხოლოდ დაპირისპირების ძალიან მძიმე ფორმებს. კვლევამ ისიც აჩვენა, რომ სამწუხაროდ, მასწავლებლები სასწავლო პროცესის დროს თავადაც ხშირად მიმართავენ ძალადობას.
არც მოსწავლეებმა იციან, რა არის ძალადობა, რა უფლებები აქვთ და ვის უნდა მიმართონ ძალადობის შემთხვევაში. ამის შესახებ მათ თითქმის არავინ ესაუბრება.
რაც მთავარია, ბავშვებს არა აქვთ ნდობა სისტემის მიმართ. ფიქრობენ, რომ მასწავლებლისთვის ან მანდატურისთვის მიმართვის შემთხვევაში, შესაძლოა, ისევ მათ შეექმნათ პრობლემა.
სკოლებში დღეს არ არსებობს ძალადობის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ წახალისდეს დანაშაულის პრევენციის მექანიზმები და არა სადამსჯელო ღონისძიებები. დამტკიცებული ფაქტია, რომ სადამსჯელო ღონისძიებები კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. დირექტორებმა და მასწავლებლებმა უნდა გამოიყენონ ისეთი სტრატეგია, რომელიც არ დაემყარება შიშს, ფიზიკური ძალის გამოყენებას, მუქარასა და დამცირებას”.
სიმონ ჯანაშია,
განათლების საკითხების მკვლევარი
“სკოლის მოსწავლეთა შორის ძალადობას მხოლოდ სკოლის გარეთ არსებული კულტურა და სოციალური ნორმები არ იწვევს. ძალადობას განათლების სტრუქტურების არასწორ მოწყობასთანაც აქვს კავშირი.
არასწორია სისტემა, სადაც პრიორიტეტი კონტროლია და არა ღირებულებების და ურთიერთობების განვითარება. მაგალითად, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მანდატურების სისტემაზე 60 მილიონი ლარია დახარჯული. ხოლო ბავშვებში ღირებულებების დამკვიდრებაზე, კონფლიქტების მართვის სწავლებაზე, ჩაგვრის საწინააღმდეგო კამპანიებზე და ასე შემდეგ, ამის ნახევარიც არ დახარჯულა.
არასწორია სისტემა, რომელის მიხედვით სკოლაში 7-8 პარალელური კლასია. ჩვენი სკოლები ამ მხრივ არასწორად არის მოწყობილი. 51-ე სკოლა ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული სკოლაა საქართველოში. რამდენიმე წლის წინ იქ საკლასო ოთახებიც კი გადატიხრეს, რომ 2-ჯერ მეტი ბავშვი მიეღოთ. ახლა იქ იმდენად ბევრი ბავშვია (2500 მოსწავლე), რომ ისინი ერთმანეთს არც კი იცნობენ. სკოლაში, სადაც მოსწავლეები, მასწავლებლები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ, სადაც ერთმანეთს არ უფრთხილდებიან, არ ეხმარებიან, ერთად არ ერთობიან და ა.შ.
უფრო მაღალია კონფლიქტების ალბათობა. დამტკიცებული ფაქტია, რომ მცირე სკოლებში, სადაც ბავშვები ერთმანეთს კარგად იცნობენ, აგრესიის ალბათობა ნაკლებია და პრობლემებზე რეაგირებაც უფრო ადვილია.
დღეს სკოლა უფრო კონტროლზეა ორიენტირებული და არა განვითარებაზე. უნდობლობაა სკოლის სხვადასხვა დონეებს შორის: ბავშვები არ ენდობიან მასწავლებლებს, მასწავლებლები მანდატურებს. ბავშვებმა რომც იცოდნენ კონფლიქტის შესახებ, ისინი არ მიმართავენ მასწავლებლებს და მანდატურებს, რადგან ფიქრობენ, რომ ეს გამოიწვევს კონტროლის გამკაცრებას და დასჯას.
ბავშვს უნდა შეეძლოს კონფლიქტის სკოლაში გადაჭრა და ამისთვის არ უნდა დასჭირდეს ნათესავის დახმარება და ქუჩური გარჩევა. ამავე დროს, ის ამ სიტუაციიდან ღირსეულად უნდა გამოვიდეს.
მახსოვს, 2007 წელს არასრულწლოვანთა დანაშაულის მხრივ ამაზე საშინელი მდგომარეობა იყო. სამინისტრომ გადაწყვიტა, დანაშაულის მასშტაბი შეესწავლა და რამდენიმე სკოლაში რეიდი მოაწყო. გააფრთხილეს მხოლოდ დირექტორები და თან უთხრეს, რომ რეიდის მთავარი მიზანი იყო არსებული მდგომარეობის შესწავლა და ცივი იარაღის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, არავინ დაისჯებოდა.
ეს კამპანია დამთავრდა იმით, რომ სკოლებში, სადაც რეიდები მოეწყო, არცერთ ბავშვს არათუ დანა და სპიცი, სიგარეტიც კი არ აღმოაჩნდა. შემდეგ მშობლები ჰყვებოდნენ, როგორ ეხმარებოდნენ მასწავლებლები მოსწავლეებს სიგარეტებისა და დანების დამალვაში.
საზოგადოებაში და მათ შორის მასწავლებლებშიც, ბევრი არასწორი ნორმა და ღირებულებაა დამკვიდრებული. ბევრი მასწავლებელი ფიქრობს, რომ ბიჭმა უნდა იჩხუბოს კიდეც და ასე უნდა გაიზარდოს.
არის ცოდნის პრობლემაც. ზოგადად, ნორმალურმა სკოლამ ბავშვებს კონფლიქტის განმუხტვა უნდა ასწავლოს. სკანდინავიის ქვეყნებში ასწავლიან, რომ არ შეიძლება გახდე ჩხუბის მაყურებელი – ან ერევი კონფლიქტში და აჩერებ მას, ან მიდიხარ დახმარების დასაძახებლად. ეჭვი მეპარება, საქართველოს რომელიმე სკოლაში მოსწავლეებს ასწავლიდნენ, როგორ უნდა მოიქცეს, როცა ჩხუბის შემსწრე ხდები”.
მაია ცირამუა,
ფსიქოლოგი
“მკაცრი დასჯა რომ გამოსავალი არ არის, ეს დადგენილია ათასობით კვლევით. დასჯის მეთოდები მოზარდების შემთხვევაში კარგად არასოდეს მუშაობს. აქ საუბარი არ არის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაზე. სოციალურ ქსელში ისეთი გამოხმაურებები წავიკითხე, ცუდად გავხდი: ზოგი დამნაშავეების გაზის კამერაში ჩასმას ითხოვს, ზოგი ლინჩის წესით მათ გასამართლებას ან სამუდამო პატიმრობის მისჯას. რა გვინდა? ის, რომ შური ვიძიოთ იმ ადამიანებზე, ვინც დანაშაული ჩაიდინა? რატომ? ეს არის დამაფიქრებელი.
ის რაც დღეს ხდება, არის კრიზისი და ამიტომ კრიზისული ინტერვენცია სკოლებში ახლა გადაუდებელი საჭიროებაა. ის პედაგოგები, რომლებიც დღეს შევლენ გაკვეთილებზე, ძალიან კარგად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რას იტყვიან და გააკეთებენ. მათ მიერ ნათქვამმა ერთმა არასწორმა სიტყვამაც კი, შესაძლოა, ბავშვებს დიდი ტრავმა მიაყენოს.
ახლა ყველაზე საჭირო სკოლის პერსონალთან მუშაობაა, რადგან ისინი იმყოფებიან ძალიან მაღალი სტრესის ქვეშ. განათლების სამინისტროს ამის რესურსი აქვს. მანდატურის სამსახურთან ფსიქოლოგების კარგი ჯგუფი მუშაობს. იქ არიან ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს თავს შესანიშნავად გაართმევენ. იმედია, ისინი დღეიდანვე ჩაერთვებიან ამ პროცესში. დღეს ყველა სკოლაში დაისმება მწვავე კითხვები.
ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს კრიზისის მართვის სტრატეგია და უნდა იცოდეს, რა და როგორ გააკეთოს მაშინ, როცა სახეზეა თანატოლებს შორის დაპირსპირება, ბულინგი ან სუიციდის მცდელობა. ასეთი გაიდლაინი დღეს არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრომ მისი შექმნის რეკომენდაცია არაერთხელ მიიღო. ახლა დავდექით გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე. დღეს ეს არის ის საქმე, რომელიც გუშინ უნდა გაკეთებულიყო”.