საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. რას ნიშნავს ეს
განაცხადი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე
3 მარტს, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა . EU-ს წევრობაზე განაცხადის შეტანას მმართველი პარტია 2024 წელს გეგმავდა, მაგრამ ომმა უკრაინაში და კიევის მიერ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანამ, ეს პროცესი საქართველოშიც დააჩქარა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა.
როგორც პრემიერმა მოქალაქეებისადმი მიმართვისას განაცხადა, ეს დღე ქვეყნისთის ისტორიულია.
„ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე – ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრების განაცხადი, რა პროცედურები უნდა გაიაროს ქვეყანამ იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი და რა შანსები აქვს საქართველოს, JAMnews-ი ექსპერტებს ესაუბრა.
რა უსწრებდა წინ ამ გადაწყვეტილებას
ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის თაობაზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 2 მარტს განაცხადა. ამ განცხადებას უსწრებდა 28 თებერვალს, უკრაინის განაცხადი იგივე მოთხოვნით. საქარველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები დასავლეთში და საზოგადოების მოთხოვნა, მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გაეკეთებინა.
ჯერ კიდევ 1 მარტს მთავრობაში ირწმუნებოდნენ, რომ განაცხადის წარსადგენად ქვეყანა ჯერ მზად არ იყო და პროცესი 2024 წლიდან უნდა დაწყებულიყო.
1 მარტს გამართულ მრავალათასიან აქციაზე თბილისში ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. აქციის მონაწილეებმა ასევე პროტესტს გამოთქვეს უკრაინის მხარდაჭერაზე მთავრობის უარის გამო და პრემიერის გადადგომა მოითხოვეს.
მეორე დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობა, პრემიერის ხელმძღვანელობით, დაჩქარებული წესით ამზადებს განცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად“.
რას ნიშნავს განაცხადი – რა იქნება შემდეგ
„ფონდი ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე JAMnews-თან ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი პირველი ეტაპია, რასაც შემდეგ გრძელვადიანი პროცედურა მოჰყვება:
„მეორე ეტაპი არის ევროკომისიის შეფასება – რამდენად არის მზად ქვეყანა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. შემდეგ, ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ ერთხმად უნდა გადაწყვიტოს, რომ ქვეყანა მზად არის მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამის შემდეგ იწყება გაწევრების მოლაპარაკებები, რომელის არის საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი. ეს მოლაპარაკებები ეხება ყველა სფეროს, 35 თავია ( ადამიანის უფლებები, გარეოს დაცვა, ენერგეტიკა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ა.შ.) და იწყება პროცესი.
როდესაც საქართველო დახურავს 35-ვე თავს, ანუ, იტყვის, რომ მან მოახდინა ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროპულ კანონმდებლობასთან ყველა სფეროში, აღსრულებაც შესაბამისად ხდება, ევროკომისია წარმოადგენს საბოლოო შეფასებას და ისევ და ისევ, 27-ვე ქვეყანა ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას გაწევრების თაობაზე.
და ბოლოს, არის უფრო სიმბოლური მომენტი, წევრ ქვეყნებსა და კანდიდატ ქვეყანას შორის გაწევრიანების შეთანხმების გაფორმება“.
სწორი იყო თუ არა განაცხადის ახლა შეტანა
ყველა ექსპერტი, რომელსაც JAMnews-ი ესაუბრა, ერთხმად ამბობს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მიუხედავად იმისა, რა უძღოდა ამას წინ და მორალურად რამდენად კარგ პოზიციაშია ახლა საქართველო.
„ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით შესაძლებლობის ფაჯარა იღება ძალიან იშვიათად. ახლა ეს ფანჯარა არის გახსნილი და აბსოლუტურად სწორია ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის გიორგი რუხაძის შეფასებით, მათრახის რტყმა, რატომ ვდგამთ ამ ნაბიჯს ახლა, სწორი არ არის. შესაძლოა, ახლა საქართველო სახარბიელო მდგომარეობაში არ არის, მაგრამ ის უფრო ადრე იდგა თავისუფლების დაცვის ფორპოსტთან:
“2008 წელს ჩვენ ვიომეთ. უბრალოდ, მაშინ ევროპამ ვერ გაიაზრა, რა ხდებოდა საქართველოში“.
რა უნდა მოჰყვეს ამ ნაბიჯს
„კარგი, მაშინ მოიქეცით ევროპულად, რათა შეასრულოთ შესაბამისი ვალდებულებები – ეს გზავნილი მიმართულია ყველას მიმართ, ვისაც ამის გაკეთება ევალება“, – ასეთი კომენტარი ევროპალრამენტარმა, მაიკლ გალერმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ფოტოზე დატოვა. ეს ფოტო „ქართული ოცნების“ წევრებმა ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ გადაიღეს.
გიორგი რუხაძის შეფასებით, თუ საქართველო ითხოვს მისი გაწევრიანების განაცხადის დაჩქარებულად განხილვას, მაშინ უნდა გაანალიზოს, რამდენად არის მზად ამ პროცესისთვის:
„საქართველო ახლა არის ყველაზე ცუდ მდგომარეობაში 2012 წლის შემდეგ. ის ამ ნაბიჯს არ დგამს განსაკუთრებული დამსახურებისთვის. არ იბრძვის, პირიქით, იმალება, არ ეხმარება უკრაინას, საჰაერო სივრცის არ ჩაკეტვით ეხმარება რუსეთს. ამ ფონზე ევროკავშირი როგორ დაინახავს ჩვენს განაცხადს?! საქართველოს უნდა უკრაინის ხარჯზე უპირატესობა მოიპოვოს ევროინტეგრაციის კონტექსტში – ამას დაინახავს. ამიტომ, თუ საქართველო არ შეცვლის დამოკიდებულებას უკრაინასთან მიმართებით, ეს პროცესი პირიქით, დამაზიანებელი იქნება“.
ვანო ჩხიკვაძის თქმით, საქართველომ უნდა გაატაროს ის რეფორმები, რაც შარლ მიშელის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
„ეს არის უპირველესად განსახორციელებელი. ეს დოკუმენტი არსად არ გამქრალა. ის „დამოკლეს მახვლივით“ ჰკიდია ჩვენს თავზე და სადაც არ უნდა წავიდეთ, მას შეგვახსენებენ. ამიტომ, მე რომ ახლა პრემიერი ვიყო, განცხადის წარდგენის შემდეგ, ვიტყოდი, რომ ვუბრუნდები მიშელის ხელშეკრულებას“.
რონდელის ფონდის მკვლევარის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, შესაბამისი კრიტრიუმების დაკმაყოფილების გარეშე, ვერ გაწევრიანდება ვერც უკრაინა, რომელიც ახლა იბრძვის თავისუფლებისთვის და ვერც მოლდოვა, რომელსაც ასევე გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს.
„იმის გამო, რომ ახლა ასეთი მდგომარეობაა, საჩუქრად ვერ მივიღებთ ვერც კანდიდატობას და ვერც წევრობას“, – ამბობს იგი.
რა დრო შეიძლება დასჭირდეს გაწევრიანებას
ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია და მნიშვნელოვანია, რომ საზოგდოებაში ცრუ მოლოდინები სწრაფ გაწევრებაზე, არ შეიქმნას:
„ყველა სახელმწიფო, ჩვენც, უკრაინაც და მოლდოვაც, ამ პროცესს გადის უნიკალურად, არავის შეუძლია რომ რომელიმე ქვეყნის გზის კოპირება გააკეთოს. ზუსტი თარიღის დასახელება, როდის გავხდებით წევრები, როდის მოგვენიჭება სტატუსი, შეუძლებელია“.
გიორგი რუხაძის თქმით, კარგ შემთხვევაში, ეს პროცესი 10-15 წელიწადი გაიწელება.
საზოგადოების როლი
ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილების ცვლილებაში საზოგადოებრივ პროტესტს დიდი როლი ჰქონდა.
ისინი ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვტილება, შესაძლოა ხელისუფლების ნიღაბი იყო, პროევროპული კურსის სადემონსტრაციოდ და შედეგის მისაღწევად არაფერი აღარ გააკეთოს. ამიტომ, ახლა გადამწყვეტი როლი ისევ სამოქალაქო სექტორმა და საზოგადოებამ უნდა შეასრულოს.
„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას დაუმკვირდა „გადამგდების“ სახელი, იმიტომ, რომ არცერთი ვალდებულება მან არ შეასრულა. ამიტომ, საზოგადოებამ ახლა უნდა იყოჩაღოს, რომ ხელისუფლებამ ან შეასრულოს ვალდებულებები, და თუ ამას არ გააკეთებს, წავიდეს“, – ამბობს ალექსი პეტრიაშვილი.
„ქვეყანას ბევრი რამ აქვს შესასრულებელი, სასწორის ერთ მხარეს დგას უამრავი რეფორმა, მეორე მხარეს გაწევრების შესაძლებლობა. ევროკავშირმა იქიდან და ჩვენ აქედან უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება საჭირო რეფორმები გაატაროს“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.
გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც აღნიშნეს, რომ ევროინტეგრაციის პროცესის სახე პრეზიდენტი ზურაბიშვილი უნდა გახდეს, მთავრობის რიტორიკა უნდა შეიცვალოს და პრემიერი ღარიბაშვილი დროებით გვერდზე გადგეს.
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კი განაცზადა, რომ ეს იდეა უნდა იქცეს ქვეყნის გაერთიანების და არა კიდევ უფრო გახლეჩვის ან პოლარიზაციის მიზეზად:
“ უნდა გამოვიჩინოთ პოლიტიკური სიმწიფე და არ ავყვეთ დესტრუქციას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის!”, – დაწერა სახალხო დამცველმა ფეისბუკის გვერდზე.