სიღარიბე, ინფლაცია, კორონავირუსი. NDI-ს ახალი კვლევის მთავარი მიგნებები და ტენდენციები
NDI-ს კვლევა
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა ახალი სოციოლოგიური კვლევის შედეგები. კვლევის მიხედვით ჩანს, რომ მოსახლეობის უმეტესობას კვლავ სიღარიბე, უმუშევრობა და ინფლაცია აწუხებს. ასევე მნიშვნელოვნად შემცირებულია ნდობა მთავრობისა და პრემიერმინისტრის მიმართ, ხოლო პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.
NDI-ის კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით დარეკვის პრინციპით შეირჩნენ – ჯამში, ჩაიწერა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია, ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება. ინტერვიუები ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე ჩატარდა.
სიღარიბე, ინფლაცია და დემოკრატია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობა ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ პრობლემებად სიღარიბეს და ინფლაციას მიიჩნევს. მოსახლეობის 32 პროცენტის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა სიღარიბეა, ასევე, 32 პროცენტი პრობლემად ფასების ზრდას, ანუ ინფლაციას ასახელებს.
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
● საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების 40.5 პროცენტი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის
საქართველოში უმუშევრობის დონემ 22 პროცენტს გადააჭარბა
მოსახლეობის 29%-ის აზრით, ქვეყნის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, 16% კი მთავარ გამოწვევად ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს, 13% – პენსიებს, 11-11% – განათლებასა და ხელფასებს.
საქსტატის ინფორმაციით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მოსახლეობის 21.3% იმყოფება, ამჟამად კი ქვეყანაში ინფლაცია 13.9%-იან ნიშნულზეა, რაც ბოლო ათი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
NDI-ის მიხედვით, მოსახლეობის 75% ამბობს, რომ ბოლო 10 წელში სიღარიბე გაუარესდა. 17%-ისთვის არაფერი შეცვლილა და მხოლოდ 6%-ისთვის გაუმჯობესდა მდგომარეობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ იმ მოქალაქეების 51%, რომელიც მხარს მმართველ პარტიას უჭერს, ასევე ამბობს, რომ სიღარიბის მხრივ სიტუაცია გაუარესდა, 29% მიიჩნევს, რომ არაფერი შეცვლილა, ხოლო 19%-ისთვის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმის შესახებ, თუ საერთო ჯამში როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა.
მოსახლეობის 43% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 21% ამბობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 27%-ისთვის ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის. NDI-ის კვლევით, კითხვაზე, არის თუ არა ამჟამად საქართველოში დემოკრატია, 50% პასუხობს, რომ არა, 39% პასუხობს, რომ არის, 11%-მა არ იცის.
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველო მეზობლებისთვის არ არის დემოკრატიის კარგი მაგალითი.
მოსახლეობის შეხედულებები ასე ნაწილდება:
- 23% – ქართული დემოკრატია მეზობელი ქვეყნებისთვის მისაბაძი მაგალითია
- 34% – ქართული დემოკრატია ადრე იყო მისაბაძი მაგალითი, მაგრამ ბოლო წლებში აღარ არის
- 25% – ქართული დემოკრატია არასდროს ყოფილა მეზობელი ქვეყნებისთვის მისაბაძი მაგალითი
- 18% – არ ვიცი
- 1% – უარი პასუხზე
მთავრობა და ოპოზიცია
NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა: მოსახლეობის 52% მოქმედი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 39% – კარგად, ხოლო 7%-მა არ იცის.
- პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას 35% ცუდად აფასებს;
- საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას 46% აფასებს ცუდად;
- საქართველოს პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს მოსახლეობის 46%;
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საქმიანობას 35% აფასებს ცუდად.
მოსახლეობას კვლავ არ სჯერა, რომ საქართველოს პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს: 52% არ ეთანხმება, რომ პარლამენტი ამტკიცებს კანონებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. 42% კი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საკანონმდებლო ორგანო ეფექტურ ზედამხედველობას უწევს მთავრობის საქმიანობას.
● საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე უარს ამბობს
● აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ არც მმართველი პარტია და არც ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.
NDI-ის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად კვლავ გადაუწყვეტელია. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა:
● 58% – არცერთი პარტია/არ ვიცი/უარი პასუხზე;
● 24% – “ქართული ოცნება”
● 9% – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
● 8% – სხვა
კვლევაში ნათქვამია, რომ პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.
გაუარესებულია პერსონალურად პრემიერ ღარიბაშვილის შეფასებაც. 2021 წელს პრემიერ ღარიბაშვილის საქმიანობას კარგად აფასებს მოსახლეობის მხოლოდ 27%, როდესაც 2020 წელს, მაშინდელი პრემიერის, გიორგი გახარიას საქმიანობას პოზიტიურად 46% აფასებდა.
ვაქცინაცია
NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 42% COVID-19-ზე აცრას არ აპირებს.
კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა კოვიდის საწინააღმდეგო აცრას, პასუხები ასე ნაწილდება:
- 25% – დიახ, გავიკეთებდი
- 42% – არა, არ გავიკეთებდი
- 29% – უკვე ავიცერი
- 3% – არ ვიცი
კვლევაში ხაზგასმულია ისიც, რომ აცრილთა 63% გაიკეთებს ბუსტერ დოზას, 14% არ გაიკეთებს, 3%-მა უკვე გაიკეთა, 20%-მა კი არ იცის.
ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა COVID-19-ის წინააღმდეგ ბავშვების აცრის წინააღმდეგია.
კითხვაზე, რადგან კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ასაკმა საქართველოში 12 წლამდე დაიწია. აცრიდით თუ არა თქვენს შვილს – პასუხები ასე ნაწილდება:
- 26% – ავცრიდი
- 59% – არ ავცრიდი
- 1% – უკვე ავცერი ჩემი შვილი/შვილები
- 15% – არ ვიცი
აღსანიშნავია ისიც, რომ ვაქცინის ხარისხის მიმართ მოსახლეობაში შიშები კვლავ მაღალია. მოსახლეობის იმ ნაწილის უმეტესობა, რომელიც ამბობს, რომ არ აიცრება, მიზეზად ვაქცინის ხარისხს ასახელებს.
● გარიყული აუცრელები – ანტივაქსერები ევროპაში სულ უფრო მეტ შესაძლებლობასა და უფლებას კარგავენ
● საქართველოს “ომიკრონი” უტევს. ხელისუფლება კი “მწვანე პასპორტის” აღების წესს ამარტივებს
● თითქმის ორი მილიარდი დახარჯა საქართველომ 2021 წელს კოვიდის მართვაში
კითხვაზე, რატომ არ აიცრებოდით – იმ მთლიანი მოსახლეობის 42%-იდან, ვინც თქვა, რომ არ აიცრებოდა – პასუხები ასე ნაწილდება:
- 38% – არ ვენდობი კორონავირუსის ხარისხს
- 20% – ვერ ავიცრები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო
- 15% – ვფიქრობ, ვაქცინაციის გარეშეც გავუმკლავდებით კორონავირუსის პანდემიას
- 7% – არ გავიკეთებ, რადგან ვაქცინას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს
- 6% – ზოგადად ვაქცინების წინააღმდეგი ვარ
- 6% – სხვა
- 7% – არ ვიცი
- 2% – უარი პასუხზე
კვლევის მიხედვით, მოსახლეობა ფიქრობს, რომ ვაქცინაციის შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს. კითხვაზე, გაქვთ თუ არა საკმარისი ინფორმაცია კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, პასუხები ასეთია:
- 64% – დიახ
- 33% – არა
- 3% – არ ვიცი
ევროკავშირი და ნატო
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 83% უჭერს მხარს, NATO-ში – 77%.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ მოქალაქეები პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად თანხმდებიან, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია.
● ადამიანის უფლებები, მედია და არჩევნები. საქართველო HRW-ის ახალ ანგარიშში