სომხეთ-თურქეთის მოლაპარაკებები: ძველი დღის წესრიგი ახალ რეალობაში. რას უნდა ველოდოთ?
სომხეთი და თურქეთი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს იწყებენ, რომელიც ანკარის ინიციატივით ჯერ კიდევ 1993 წელს შეწყდა ყარაბაღის კონფლიქტის გამო. ორივე მხარემ უკვე დანიშნა თავისი სპეციალური წარმომადგენელი. თურქეთის მხრიდან მომლაპარაკებელი იქნება გამოცდილი დიპლომატი, ყოფილი ელჩი აშშ-ში, სერდარ ქილიჩი. ის ცნობილია, როგორც ოსმალურ იმპერიაში სომხების გენოციდის აღიარების დაბლოკვის აქტიური ლობისტი.
სომხეთმა ქილიჩის კანდიდატურა მისაღებად მიიჩნია და თავის სპეციალურ წარმომადგენლად პარლამენტის ახალგაზრდა ვიცე-სპიკერი, რობერ რუბინიანი დანიშნა, რომელსაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის 9-თვიანი გამოცდილება აქვს. მთავარია, რომ ის მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი იყოს, განმარტა თავისი მიდგომა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მცდელობა ადრეც იყო, მაგრამ მათ შედეგი არ მოიტანეს ანკარის მიერ წამოყენებული წინაპირობების გამო. კერძოდ, საუბარია:
- ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის აღიარებაზე უარის თქმაზე
- თურქეთის ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის აღიარებაზე
- მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღიარებაზე
სომხეთის ხელისუფლება ამ მომენტამდე ნორმალიზაციის პროცესის წინაპირობების გარეშე დაწყებაზე საუბრობდა. თუმცა, ყარაბაღის ომში დამარცხების შემდეგ, სომეხი ექსპერტები იმ ფაქტის კონსტატირებას ახდენენ, რომ ქვეყნის ინტერესების დასაცავად ყველა რესურსი დაიკარგა.
ამის მიუხედავად, პროცესი დაიწყო და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ უკვე დააანონსა „უახლოეს პერიოდში“ სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრა. თურქოლოგისა და ეკონომისტის მოსაზრება იმის შესახებ, შეიძლება თუ არა რეალურად სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზაცია და რა რისკები არსებობს ყოველმხრივ დასუსტებული სომხეთისთვის.
- სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზაცია: წინაპირობებით თუ მის გარეშე?
- 33 წელი სპიტაკის მიწისძვრიდან, რომლის შედეგად 25 ათასი ადამიანი დაიღუპა
თურქოლოგი სურენ მანუკიანი: „ახალი მოლაპარაკებები ძველის შესახებ“
„სომხურ-თურქული მოლაპარაკებების თემა უცნობია, დღეისათვის დღის წესრიგი არ არსებობს, გაუგებარია, რაზე შეიძლება ილაპარაკონ და მოილაპარაკონ მხარეებმა.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სომხურ-თურქული ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ნულოვან დონეზე.
ინტენსიური კონტაქტები იყო სხვადასხვა დონეზე. ერთმანეთს ხვდებოდნენ დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცნიერები და ა.შ. და ეს შეხვედრები იმართებოდა სომხეთის ყველა, სამივე პრეზიდენტის დროს. ლევონ ტერ-პეტროსიანი პირადად შეხვდა თურქეთის პრემიერ-მინისტრს. შეხვედრები იმართებოდა რობერტ კოჩარიანის პერიოდში ნატოს მოედანზე, სერჟ სარგსიანი კი საერთოდაც „საფეხბურთო დიპლომატიას“ აწარმოებდა [მისი მოწვევით თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული ერევანში ჩამოვიდა ორი ქვეყნის საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად, რის შემდეგაც ურთიერთობების ნორმალიზაციის მცდელობა დაიწყო, თუმცა, ის ჩავარდა – JAMnews].
და ძნელი დასაჯერებელია, რომ სამი პრეზიდენტის დროს პრობლემა არ მოგვარდა, დღეს კი უცებ გადაიჭრება. მაქსიმუმი, რასაც შეიძლება მივაღწიოთ – ეს არის უმნიშვნელო წინსვლა და ისიც, სომხური მხარის ცალმხრივი დათმობების გზით“.
თურქეთის მადა
„შესაძლოა, თურქეთმა მთიანი ყარაბაღის საკითხის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება მოისურვოს. სომხეთში, მაღალჩინოსანი თანამდებობის პირების დონეზე არაერთხელ ისაუბრეს არცახის დაკარგვის შესახებ. მაგრამ თურქეთი შეიძლება უფრო შორსაც წავიდეს და მომავალში დღის წესრიგიდან სომხების გენოციდის აღიარების საკითხის მოხსნაც მოითხოვოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა დღეს ჩვენთან განსაკუთრებით აქტუალური არ არის.
საუბარია ოსმალეთის იმპერიაში მე-20 საუკუნის დასაწყისში განვითარებულ მოვლენებზე. 1915 წლამდე იქ, დაახლოებით, ორ-ნახევარი მილიონი სომეხი ცხოვრობდა. მკვლელობებისა და მასობრივი დეპორტაციის შედეგად, მათი ნახევარზე მეტი დაიღუპა. სომხეთი, რამდენიმე დასავლური ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია ამ მოვლენებს ოფიციალურად გენოციდად აღიარებენ. თურქეთისთვის ასეთი ფორმულირება კატეგორიულად მიუღებელია.
შემაშფოთებელია ისიც, რომ თურქეთი ჩვენი მომლაპარაკებლის გამოუცდელობით ისარგებლებს და შეეცდება გაატაროს თავისი დიდი ხნის იდეა – სომხების გენოციდის საკითხი ისტორიკოსთა კომისიას მიანდოს.
ჟირაირ ლიპარიტიანის გააქტიურება (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 1994-97 წლებში სომხეთის პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მთავარი მრჩეველი, საგანგებო დავალებათა ელჩი), რომელიც ერთხელ მონაწილეობას იღებდა მსგავს მოლაპარაკებებში, იმაზე მიანიშნებს, რომ ამ კომისიაში სომხური მხარე შეიძლება სწორედ მან წარმოადგინოს. ამ თვალსაზრისით შიში არსებობს და ის დიდია.
ვფიქრობ, მოლაპარაკებების შემდეგ პირდაპირი ტექსტის მოლოდინი არ ღირს, სავარაუდოდ, მხარეები თანამშრომლობის განზრახვის შესახებ რაიმე სახის განცხადებას მოაწერენ ხელს.
მაგრამ მასში ჩადებული იქნება ფარული ნაღმები, რომელთა ინტერპრეტაციაც ისე იქნება შესაძლებელი, როგორც მოისურვებთ.
შესაძლოა, ეს იყოს წინადადება განიხლონ „პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხი და თურქი ხალხის საერთო ტრაგედია“. ანუ მცდელობა, რომ სომხების გენოციდის დროს დაღუპულები პირველი მსოფლიო ომის მსხვერპლად წარმოადგინონ. მასობრივ ცნობიერებაში ამ თეზისის დანერგვას თურქეთი შეუჩერებლად ცდილობს და ყოველწლიურად, 24 აპრილის მოახლოებისას (სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე), ამ ქვეყნის ხელისუფლება გამოდის ხოლმე ტექსტით „ერთობლივი მსხვერპლისა და საერთო ტკივილის“ შესახებ.
ასევე, თურქეთმა შეიძლება მოითხოვოს თავისი ტერიტორიული მთლიანობის უპირობო აღიარება.
მაგრამ ამით თურქეთის მადა არ შემოიფარგლება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ თურქეთს ურთიერთობის დალაგების სომხეთისთვის მიუღებელი სამი წინაპირობა აქვს. დღეს მან საკუთარ სიას კიდევ ერთი მოთხოვნა დაუმატა – ე.წ. ზანგეზურის დერეფანი (გზა, რომელიც აზერბაიჯანს მის ანკლავთან, ნახიჩევანთან აკავშირებს სომხეთის სამხრეთის გავლით, მაგრამ არ იქნება მის სუვერენულ კონტროლქვეშ)“.
მოკავშირის დათვური სამსახური
„თავად სომხური მხარე, ნორმალური ლოგიკის თვალსაზრისით, ძნელად თუ დაინტერესდება ამ მოლაპარაკებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ბევრი რამ, რასაც სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს, ყველანაირ ლოგიკის ფარგლებს სცდება. შესაძლოა, ჩვენს ხელისუფლებას საკუთარ შესაძლებლობებზე ჰიპერტროფირებული წარმოდგენა აქვს, ფიქრობენ, რომ ეს მათი ისტორიული შანსია და უკვე 30 წლის გადაუჭრელი პრობლემების გადაწყვეტას ისინი შეძლებენ.
ასეა თუ ისე, სომხეთს ამ მოლაპარაკებებისკენ უბიძგებენ.
ჩვენზე ზეწოლაა როგორც თურქეთის სიტუაციური მოკავშირე რუსეთის, ისე მისი დიდი ხნის მოკავშირის, აზერბაიჯანის მხრიდან.
მაგრამ თუკი რუსეთი სომხეთზე დიპლომატიური მეთოდებით ახდენს ზეწოლას, აზერბაიჯანი სამხედრო მოქმედებებს მიმართავს. მათ ყველას ესმით, ახლა რა სუსტ მდგომარეობაში ვართ და მომენტით სარგებლობა სურთ, რათა რაც შეიძლება ბევრი რამ წაგვგლიჯონ. მათ იმის გაცნობიერება აჩქარებთ, რომ სომხეთის ასეთი მდგომარეობა არ შეიძლება სამუდამო იყოს და ოდესმე ის აუცილებლად დაიწყებს ამ ორმოდან ამოსვლას“.
დათმობები დივიდენდების გარეშე
„სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების „ნორმალიზაციისგან“ სომხეთი ვერაფერს მიიღებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ყოველივე ზემოჩამოთვლილს გაიღებს მსხვერპლად. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფოები, რომლებიც ომებს იგებენ, წაგებულ მხარეს საკუთარ პირობებს ახვევს თავს. თავად სომხეთისთვის აქ არანაირი პოზიტიური პროცესი არ შეიძლება იყოს. ყველაფერი, რაც სასურველია, რომ სომხეთისთვის მოხდეს – ეს არის ამ პროცესიდან მინიმალური დანაკარგებით გამოსვლა, ან რაიმე გზით პროცესის გაჭიანურება.
თურქეთი სომხეთს არაფერს ჰპირდება, ის არც საზღვრის გახსნის პირობას დებს, არც ვაჭრობის განვითარების და ა.შ. ჩვენ უბრალოდ გვაძლევენ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მსგავს ფურცელს (ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განცხადება), რომელსაც ხელი უნდა მოვაწეროთ.
სომხეთს ამ ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ძალიან პატარა, ეფემერული რესურსი აქვს – საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელზეც ყოველთვის იყო იმედები დამყარებული, მაგრამ ეს ამაო აღმოჩნდა.
უბრალოდ დღეს სიტუაცია ცოტათი განსხვავებულია. ერდოღანი ძალიან ბევრ წითელ ხაზს კვეთს და დასავლეთის მხარდაჭერას კარგავს.
გარდა ამისა, დასავლეთს თვითონ არ სურს ყარაბაღის საკითხის დაკარგვა, როგორც ერთ-ერთი კოზირის საერთაშორისო პოლიტიკაში. ამასთან, რეგიონში მიმდინარე პროცესები არ მოსწონთ ჩინეთსა და ინდოეთს. ამ მხრივ, ჩვენ დიდ საჭადრაკო დაფაზე თამაშის გარკვეული შესაძლებლობები გვიჩნდება, რათა რამენაირად გამოვიდეთ შექმნილი არასახარბიელო სიტუაციიდან.
სომხეთის საბოლოო კაპიტულაცია წამგებიანია ძალიან ბევრი მოთამაშისთვის და ეს ერთადერთია, რითაც შეგვიძლია ვითამაშოთ.
მაგრამ აქაც ქვეყანას სჭირდება წინააღმდეგობის პოტენციალი. თუკი სახელმწიფო ინსტიტუტები გვაქვს, კარგი დიპლომატია, საკმარისად ძლიერი არმია, რომელსაც თუნდაც წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია?“.
მომლაპარაკებელი ფაშინიანი იქნება
„სამწუხაროდ, ჩვენთან ყველგან დაყოფა მიმდინარეობს – ყველა საკვანძო თანამდებობაზე ინიშნებიან არა ტექნოკრატები, არამედ პარტიული ადამიანები. იგივე ხდება სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებით მომლაპარაკებელზე.
თავად რუბინიანის კანდიდატურა უცნაურია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ან ძალიან არასერიოზულად ვუყურებთ ამ მოლაპარაკებებს, ან უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და დავნიშნეთ ადამიანი, რომელმაც უბრალოდ მოლაპარაკებების იმიტაცია უნდა შექმნას. ძალიან მეეჭვება, რომ რუბენ რუბინიანს საერთოდ შეუძლია ამ მოლაპარაკებების წარმოება. ეს მძიმეწონოსანი პოლიტიკოსიც კი არ უნდა იყოს, არამედ დიპლომატი, რომელსაც შეუძლია გაიგოს, რისკენ მიჰყავს საქმე თურქულ მხარეს და როგორ შეუძლია ამას წინ აღუდგეს.
სავარაუდოდ, რუბენ რუბინიანის მომლაპარაკებლად დანიშვნის გადაწყვეტილება ერთი ადამიანის თავში დაიბადა და ეს – პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანია, რომელსაც თავისი ყველა ნაბიჯი სწორად და გენიალურად მიაჩნია. ვფიქრობ, მის არჩევანზე არც კი უმსჯელიათ.
რეალურად, დიდი ალბათობით, მომლაპარაკებელი თავად ფაშინიანი იქნება, რუბინიანი კი შირმა და „მოლაპარაკე თავი“ იქნება, რომელიც იმას გადასცემს, რასაც ერევნიდან ეტყვიან.
ყარსი-2
„დოკუმენტებზე ხელმოწერის შემდეგ სიტუაციის დარეგულირება შეუძლებელი იქნება. ჩვენ ამ დრომდე ყარსის შეთანხმების რეალობაში ვცხოვრობთ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი საერთაშორისო კრიტერიუმით არ შეიძლება ის ლეგიტიმურ საერთაშორისო დოკუმენტად ითვლებოდეს, რადგან მას ხელი მოაწერა ორმა რეჟიმმა, რომელთაც არ ჰქონდათ სრული ძალაუფლება თავიანთ ქვეყნებში. მოსკოვისა და ყარსის შეთანხმებების შემდეგ, ჩვენ უკვე აღარ გვაქვს არანაირი დოკუმენტი, რომელიც ორი ქვეყნის საზღვრებს განსაზღვრავს.
მოსკოვის „შეთანხმებას მეგობრობისა და ძმობის შესახებ“ ხელი მოეწერა 2021 წლის მარტში, მოსკოვში, თურქეთის დიდი ეროვნული კრების ხელმძღვანელობისა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ხელმძღვანელების მიერ. საბჭოთა-თურქეთის შეთანხმებით დადგინდა თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი. მას ხელი მოეწერა სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების წარმომადგენლების გარეშე. ყარსის შეთანხმება „მეგობრობის“ შესახებ ამ სამ რესპუბლიკასა და თურქეთს შორის გაფორმდა 1921 წლის ოქტომბერში მოსკოვის ხელშეკრულების შესაბამისად.
100 წლის წინ არ არსებობდა დამოუკიდებელი სუვერენული სომხეთი, რომელიც თავისი საზღვრების შესახებ მიიღებდა გადაწყვეტილებებს. პირველ შემთხვევაში, ეს იყო ბოლშევიკური რუსეთი, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ ტერიტორიებთან, მეორე შემთხვევაში, ეს იყო ერევანში მყოფი მარიონეტული ხელისუფლება.
და ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ ამ ორ დოკუმენტს არ აქვს სერიოზული საერთაშორისო მნიშვნელობა და არ შეუძლია დაარეგულიროს სომხეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკასა და თურქეთს შორის საზღვარი“.
ეკონომისტი აშოტ ხურშუდიანი: „ეკონომიკა – ბოლო ადგილზეა“
„სომხურ-თურქული ურთიერთობების თემა წმინდა პოლიტიკურია. ეკონომიკა ამ შემთხვევაში ბოლო ადგილზე გადადის. თურქეთი ყარაბაღის ომში აქტიურად მონაწილეობდა, ამიტომ დღის წესრიგში უნდა იყოს პოლიტიკური საკითხები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს არცახის დღის წესრიგის შეცვლას სომხეთისთვის უმნიშვნელო ეკონომიკური ძვრებით. ამას ისტორია უბრალოდ არ გვაპატიებს. ამიტომ, თავიდან საჭიროა პასუხი გაეცეს ყველა პოლიტიკურ კითხვას და მხოლოდ შემდეგ გადავიდეთ ეკონომიკაზე.
ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პროცესს „სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციას“ არ დავარქმევდი. ეს უბრალოდ სამუშაო ურთიერთობების დამყარებაა“.
თურქეთი სომხეთს ევროპასთან ვერ დააკავშირებს
„სომხეთმა არ უნდა განიხილოს თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება, როგორც ევროპაში გასვლა, რადგან თავად თურქეთმა სრულად დაბლოკა თავისი დასავლეთთან ინტეგრაცია.
დღევანდელი თურქეთი ძალიან განსხვავდება 2016 წლის თურქეთისგან. იმ თურქეთისგან, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფოდა – ევროკავშირი ინერციით მუშაობდა მასთან, დღეს ეს აღარ ხდება.
თურქეთის პოლიტიკა „ნული პრობლემა მეზობლებთან“ მკვეთრად შეიცვალა, თანაც ისეთი ინსტიტუციური კორექტივებით, რომ თურქეთი აღარ დაუბრუნდება ძველ პოლიტიკას. და ეს ძალიან ნეგატიურად აისახება ამ ქვეყნის ეკონომიკაზე. უკვე დღეს ბევრი ქვეყანა უარს ამბობს თურქეთის ეკონომიკაში ინვესტირებაზე.
გარდა ამისა, თურქეთი აქტიურად არის დაკავებული ტერორიზმის დაფინანსებით და ფულის გათეთრებით, ის წელს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის (FATF) ნაცრისფერ სიაში შეიყვანეს“.
ერდოღანს სურს ჭკუაში აჯობოს ბაიდენს
„ორივე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლები ეკონომისტები არ არიან, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ თავად მოლაპარაკებების დღის წესრიგი პოლიტიკური იქნება და არა ეკონომიკური.
თურქეთი 24 აპრილის წინ ყოველთვის ცდილობს ისე წარმოადგინოს, თითქოს სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ხდება, რომ მასთან მიმართებით აშშ-ის პოზიცია და ზეწოლა შეამსუბუქოს.
ახლა განსაკუთრებით, რადგან ბაიდენი – აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტია ათწლეულების განმავლობაში, რომელმაც სიტყვა „გენოციდი“ წარმოთქვა. გამორიცხული არ არის, რომ 24 აპრილის შემდეგ თურქეთი ამ „მცდელობებს“ დაივიწყებს.
თურქეთის დღის წესრიგიდან სომხების გენოციდისა და ყარაბაღის პრობლემა არსად გამქრალა. თურქეთი სომხების გენოციდის უარყოფაზე დიდი რესურსების ხარჯვის პოლიტიკას აგრძელებს, ამიტომ ის ამ შემთხვევასაც არ გაუშვებს ხელიდან“.