რუსეთის მოქალაქე ბებიის გადასარჩენად კოვიდსაავადმყოფოში შეიპარა და გამოძიებას საქართველოში გაექცა
სერგეი სამბორსკი საქართველოში გაიქცა
27 წლის სერგეი სამბორსკი ქალაქ ტომსკიდან ოქტომბრის ბოლოს მთელ რუსეთში ცნობილი გახდა. კორონავირუსით ინფიცირებული ბებიის მოსავლელად ის საავადმყოფოში შეიპარა და ვიდეოზე გადაიღო საშინელი პირობები, რომელშიც კოვიდინფიცირებულები იმყოფებიან, ის შეეცადა მოეყოლა სიმართლე რუსეთში პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ. ამის გამო ხელისუფლებამ დევნა დაუწყო და ის იძულებული გახდა საქართველოში გაქცეულიყო. სერგეიმ თავისი ისტორია Codastory-ს თბილისში მოუთხრო.
სერგეის ბებია 84 წლის იყო, მას ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა. ნახევრად პარალიზებული ქალი მთლიანად შვილიშვილის ზრუნვაზე იყო დამოკიდებული, რომელიც მას ყოველდღიურად უვლიდა. 21 ოქტომბერს ის მოულოდნელად ცუდად გახდა, სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. სერგეი გვიყვება, რა ნახა საავადმყოფოში, როდესაც ბებიის მოსანახულებლად მივიდა და რა მოჰყვა ამას.
სერგეის მონათხრობი. საავადმყოფო
ბებია ხუთსაწოლიან პალატაში იწვა, ყველა პაციენტს კოვიდი ჰქონდა. ექიმმა მითხრა, რომ მას ჟანგბადი ესაჭიროებოდა. მე მისი თანაპალატელი ქალის ტელეფონის ნომერი ჩავიწერე და დაახლოებით ერთი საათის შემდეგ წამოვედი. მეორე დღეს ამ ქალს დავურეკე. მან მითხრა, რომ ბებიაჩემთან არავინ მისულა. არავის უჭმევია, არ დაუბანია და არ გამოუცვლია საფენი. ნაწოლები მისთვის არავის დაუმუშავებია, არ გამოუკვებავს, მხოლოდ ერთი შპრიცი წყალი მისცეს.
მე იმპულსური ადამიანი ვარ, გრძნობებმა, ემოციებმა მომიცვა და მაშინვე გავიქეცი, იმ წამსვე.
ექიმს ნორმალურად ვთხოვე, შიგნით შევეშვი, მზად ვიყავი დავინფიცირებულიყავი, ყველანაირ საბუთზე მომეწერა ხელი. ის მარწმუნებდა, რომ ბებიას ყველაფერი კარგად ჰქონდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. გამოვედი, ვნახე, როგორ გამოდიან სანიტრები იმავე ტანსაცმლით ქუჩაში, რომლითაც კოვიდიანებთან შედიან, ეწევიან და ჭუჭყიანი ბახილებით ბრუნდებიან უკან. სასწრაფოს მანქანა იდგა, მათგან დამცავი კოსტიუმი ვიყიდე. მათ, რა თქმა უნდა, ამის უფლება არ აქვთ, მაგრამ ეს დამცავი კოსტიუმი 400 რუბლი ღირს, მე კი ათასად მომყიდეს. ეს რუსეთია.
შენობას შემოვუარე, გამოვიცვალე ტანსაცმელი, ავდექი და შევედი. დაცვა არ არის, კარი ღიაა, გადაღება დავიწყე, მაგრამ ჩემთვის არავის შემოუხედავს. ვიკითხე: „სად?“, მითხრეს: „იქ“ და მორჩა.
როდესაც ბებიასთან მივედი, თავზარი დამეცა. ის საერთო პალატაში იწვა, საწოლზე დაბმული, მთელი ხელი დალურჯებული ჰქონდა, სახვევებისგან ჩაჭყლეტილი. ჟანგბადის ნიღაბი შუბლზე, საფენი ჭუჭყიანი, ნაწოლებზე უბრალოდ რაღაც წითელი სისულელე წასმული, მორჩა. მას სამი ნაწოლი ჰქონდა: ერთი მუხლზე და ორი თეძოებზე. მარჯვენა სახვევი შეუცვალეს, მარცხენას რაც შეეხება, ბებია არც კი გადაუბრუნებიათ, ისევ ძველი სახვევი ეკეთა.
ეს როგორ ავხსნათ? ეს გულგრილობა, სიზარმაცე. და ეს გამონაკლისი არ არის. ასე ხდება საავადმყოფოებში მთელ რუსეთში, ათასობით ადამიანმა მომწერა, რომლებმაც თავიანთი ისტორიები გამიზიარეს.
განყოფილებაში რვა თუ ცხრა საათი გავატარე. გამოვდიოდი და ძირითადად ვიმალებოდი, რომ უბრალოდ ზედმეტად არ დაესვათ კითხვები. სადღაც ქალმა წყლის მიტანა მთხოვა, ერთს თეთრეული გავუსწორე, სხვაგან ნაგავი მოვაგროვე.
25 ოქტომბერი, კვირა, ჩემი ბოლო დღე იყო საავადმყოფოში. მივედი. უკვე მიხვდნენ, რომ მე ვიყავი. ბებიას საწოლზე ჩამოვჯექი. ის მეუბნება, „სერიოჟა, მიყვარხარ“. რამდენიმე წამით მიცნო, მანამდე სამი წელი არ ვახსოვდი. ეს ამად ღირდა.
ვიდეო ადგილობრივ ტელეარხ ТВ2-ს გავუგზავნე. ორ-სამ დღეში ჩემი ისტორია მთელ რუსეთს მოედო. თავიდან ანონიმად ვრჩებოდი, „ტომსკელ შვილიშვილს“ მეძახდნენ. მას შემდეგ, რაც ТВ2-მა ჩემი ისტორია გამოაქვეყნა, პოლიციამ მათი ჩანაწერების კონფისკაცია მოახდინა და რედაქტორი ალექსანდრ საკალოვი დაკითხვაზე დაიბარა.
ვფიქრობდი, მოსკოვი დამეხმარება-მეთქი. მოსკოვში იმიტომ გავფრინდი, რომ ეს იმედის ბოლო ნაპერწკალი იყო.
მოსკოვი
მოსკოვში პირველად ვიყავი. ვალებში ჩავვარდი, იქ რომ გავფრენილიყავი, იმიტომ რომ, ფული არ მქონდა. საგამოძიებო კომიტეტში მივედი, ვიდეო ჩავრთე. მითხრეს: „თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ განცხადების დაწერა, მაგრამ რეაქცია ერთი თვის შემდეგ იქნება, ალბათ, იქნება“. ვიდეოს ყურება შევთავაზე, ვეუბნებოდი, რომ მზად ვიყავი წარმედგინა ვიდეო და ფოტომასალა, ის კი უბრალოდ ამბობდა: „და ეს რას მოგცემს?“.
საგამოძიებო კომიტეტის შემდეგ გენერალურ პროკურატურაში წავედი. იქ დამხვდა პროკურორი ქალი, ის ძალიან დამეხმარა, მაშინვე სათათბიროდ გაიქცა. ნახევარი საათის შემდეგ ტომსკიდან დამირეკეს და მითხრეს: „ჩვენ რატომ არ მოგვმართე?“. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივედი, განცხადება დავწერე. მაგრამ ყველა ადგილიდან მხოლოდ ფორმალური პასუხი მივიღე.
სანამ მოსკოვში ვიყავი, ჩემი ისტორია ეროვნული მასშტაბის ახალ ამბად იქცა. ძალიან გამანაწყენა ტელეარხმა „РЕН-ТВ“-მ, ყველაზე უარესი, ამაზრზენი არხია, იმიტომ რომ მათთან შეთანხმება მქონდა, რომ ჩემს მონაცემებს არ გაასაჯაროებდნენ – ჩემს სახეს, ბებიას სახეს, სხეულის ყველა ნაწილს დაფარავდნენ.
მათ კი ყველაფერი ცენზურის გარეშე გამოაქვეყნეს. სახელმწიფო არხებმა, პრორუსულმა, ხელისუფლების მიერ მართულმა, ეს სპეციალურად, ჩემს გასაშავებლად გააკეთეს. მაბრალებდნენ, რომ ამ ყველაფერს ბებიას პენსიისთვის ვაკეთებდი, რომ მას ვცემდი, რადიატორზე ვაბამდი, შიმშილით ვკლავდი, ტყვესავით მყავდა. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ყველას დავანახე სიმართლე მედიცინაზე ტომსკში, რუსეთში, ხელისუფლებაზე.
ახლა ისინი ყველა საშუალებით ცდილობდნენ ჩემს ჩაძირვას.
ჩემმა ისტორიამ ადამიანები აიძულა დაფიქრებულიყვნენ, რომ მათი ახლობლები დაიღუპნენ არა ავადმყოფობით, არამედ ექიმების გულგრილობის შედეგად.
აი, ამით ყველაფერი ნათქვამია. არ მიკვირს. იმიტომ რომ ჩვენთან, რუსეთში, ადამიანებს მხოლოდ მიზეზი მიეცი, რომ შეგჭამონ, – შეგჭამენ.
დევნა
როდესაც ტომსკში დავბრუნდი, იმავე საღამოს ადგილობრივ საგამოძიებო კომიტეტში დამიბარეს დაკითხვაზე. ტელეფონის გადაცემა მომთხოვეს და მითხრეს, რომ ეჭვობდნენ, თითქოს ვიდეო – დამონტაჟებული იყო, რომ მე დავამონტაჟე კადრები და ეს ყველაფერი მოვიგონე. დაკავებით და ჩხრეკით მემუქრებოდნენ, მაგრამ ტელეფონის მიცემაზე უარი განვაცხადე.
ბებია – ომის შვილია, ის შიმშილობდა. ის გადასახლებული, რეპრესირებული იყო. რაიმე პატივისცემა მაინც გამოეჩინათ წარსული შეცდომების გამო. ასეთი თვალთმაქცობა, კორუფცია.
30 ოქტომბერს, 7:32 საათზე ის გარდაიცვალა. ექიმმა დამირეკა და მითხრა, რომ სიკვდილის მიზეზი ძალიან გაუგებარი იყო, სისხლის მიმოქცევა შეუწყდაო. გარდაცვალების ცნობაში სიკვდილის მიზეზად მითითებული იყო პნევმონია, კორონავირუსის გარეშე.
გავესაუბრე ადამიანს, რომელიც ორგანოებში მუშაობს. მან მიმანიშნა, რომ უნდა წავსულიყავი, იმიტომ რომ, განიხილავენ ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. ბებია დავკრძალე და მაშინვე დავტოვე იქაურობა.
საქართველოში. „ვერ ვეჩვევი კეთილ პოლიციას“
უკვე საქართველოში ვარ, თუმცა უსაფრთხოდ თავს მაინც არ ვგრძნობ, იმიტომ რომ ჩემთან ჩემი ნათესავები კი არ ჩამოსულან, სამი ადამიანი მოვიდა და სამშობლოში დაბრუნება შემომთავაზა. ესენი ჩემი მეგობრები არ ყოფილან და არა მგონია, რომ მეგობრებს ჩემთვის სამშობლოში დაბრუნება ერჩიათ. ეს ხალხი რაღაცნაირად ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული.
მე რუსი ვარ, პოლიციის მეშინია. ამ დრომდე ვერ შევეჩვიე, რომ აქ პოლიცია კეთილია. როდესაც პოლიციის მანქანის სირენის ხმა მესმის ქუჩაში, მაშინვე ვიძაბები. ეს რუსეთის გამოძახილია.
საერთოდ არსად გამგზავრებას არ ვგეგმავდი, ყველაფერი კი არ მაკმაყოფილებდა, მაგრამ, თავს მშვიდად ვგრძნობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ შემეძლო გადამეხადა კომუნალური გადასახადები, გამომემუშავებინა ფული, საჭმელი მეყიდა, მანქანაში საწვავი ჩამესხა. მეგონა, ბებია სახლში მშვიდად მოკვდებოდა, როგორც წესი და რიგია, შესაძლოა, ძილში – რაზეც ოცნებობდა. საბოლოოდ კი ძაღლურ პირობებში მოკვდა.
დღეს 27 წელი შემისრულდა. იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი ბოლო დაბადების დღე არ არის. იმედი მაქვს, რომ კიდევ შევხვდები გარეთ, თავისუფლებაზე მყოფი, დაბადების დღეებს.