„მსოფლიომ დემოკრატია გადაიყვარა და დიქტატურისკენ გადაიხარა“ - რუსი ნობელიანტის სიტყვა
ნობელის პრემიის რუსი ლაურეატი მურატოვი
რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი ნობელის მშვიდობის პრემიის 2021 წლის ლაურეატი გახდა. ოსლოში, პრემიის გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მურატოვმა მსოფლიოს მიმართა და ყურადღება გაამახვილა ომის საფრთხეზე, რუსეთში მედიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
„დარწმუნებული ვარ, რომ აზრის თავისუფლება, სხვა სამოქალაქო თავისუფლებებთან ერთად, პროგრესის საფუძველია.
მე ვიცავ თეზისს, ადამიანთა ბედის ფორმირებაში სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების განმსაზღვრელი მნიშვნელობის შესახებ!
დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ნდობა, <…> განიარაღება და უსაფრთხოება წარმოუდგენელია ღია საზოგადოების, ინფორმაციის თავისუფლების, რწმენის, საჯაროობის გარეშე <…>.
მშვიდობა, პროგრესი, ადამიანის უფლებები – ეს სამი მიზანი განუყოფლად არის დაკავშირებული“.
ეს არის – დედამიწის მოქალაქის, დიდი მოაზროვნის, აკადემიკოს ანდრეი სახაროვის ნობელის დაჯილდოების სიტყვიდან ციტატები.
ეს სიტყვა სწორედ აქ, ამ ქალაქში, 1975 წლის 11 დეკემბერს, ხუთშაბათს, წაიკითხა მისმა მეუღლემ, ელენა ბონერმა.
მე აუცილებლად ჩავთვალე, რომ სახაროვის სიტყვები მეორედ გაჟღერებულიყო აქ, მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ დარბაზში.
რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ჩემთვის?
მსოფლიომ დემოკრატია გადაიყვარა.
მსოფლიოს იმედები გაუცრუვდა მმართველ ელიტებში.
მსოფლიო დიქტატურისკენ გადაიხარა.
შეიქმნა ილუზია, რომ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია ტექნოლოგიებით და ძალადობით, არა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით.
ასეთია პროგრესი თავისუფლების გარეშე.
ასეთია რძე ძროხის გარეშე…
დიქტატურებს ძალადობაზე უფრო მარტივი წვდომა აქვთ უზრუნველყოფილი.
ჩვენთან ქვეყანაში (და არა მხოლოდ ჩვენთან) პოპულარულია მოსაზრება: ის პოლიტიკოსები, რომლებიც სისხლს გაურბიან – სუსტი ადამიანები არიან.
და მსოფლიოს ომით დაემუქრო – ნამდვილი პატრიოტების მოვალეობაა.
ომის საფრთხის შესახებ
ხელისუფლება აქტიურად ყიდის ომის იდეას.
ომის აგრესიული მარკეტინგის გავლენის ქვეშ, ადამიანები ეჩვევიან მოსაზრებას მისი დასაშვებობის შესახებ.
ხელისუფლებასა და მასთან დაახლოებულ პროპაგანდისტებს ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტელეარხების მილიტარისტულ რიტორიკაზე.
ახლანდელი იდეოლოგები სამშობლოსთვის სიკვდილის იდეის პროპაგანდას ეწევიან და არა სამშობლოსთვის სიცოცხლის. არ მივცეთ მათ ამ ტელევიზორებს თავის მოტყუების კიდევ ერთი საშუალება.
ჰიბრიდულმა ომმა, „ბოინგ MH-17“-თან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა, მახინჯმა და კრიმინალურმა ისტორიამ გაანადგურა რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები და არ ვიცი, შეძლებენ თუ არა მომავალი თაობები მის აღდგენას… მეტიც, გეოპოლიტიკოსთა ავადმყოფ თავებში აღარ ჩანს შეუძლებელი რუსეთისა და უკრაინის ომი.
მაგრამ მე ვიცი – ომები მთავრდება ჯარისკაცთა ამოცნობით და ტყვეთა გაცვლით. ჩეჩნეთის ომში „ნოვაია გაზეტამ“ და ჩვენმა მიმომხილველმა, მაიორმა იზმაილოვმა ტყვეობიდან 174 ადამიანის გათავისუფლება მოახერხეს. თუკი ჩემს ახალ თანამდებობაზე შემიძლია რამე გავაკეთო, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ტყვეები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ, მითხარით, მზად ვარ.
ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე არსებული კრიზისის შესახებ
მაგრამ ევროპის ცენტრში, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს პრეზიდენტ ლუკაშენკოს დიდი სისხლის ზღვარზე თამაში დაემატა. მისი სამხედროები ავტომატების ლულის ქვეშ მიერეკებიან ახლოაღმოსავლელ დევნილებს ევროკავშირის საზღვრებისაკენ, რომელსაც ავტომატებიანთა ჯაჭვი იცავს. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ, გაგიჟებული ადამიანები კი ორ ცეცხლს შუა არიან ჩავარდნილები.
ჩვენ ჟურნალისტები ვართ, ჩვენი სამუშაო გასაგებია: ერთმანეთისგან გავყოთ ფაქტები და ტყუილი. პროფესიონალი ჟურნალისტების ახალ თაობას შეუძლია მუშაობა დიდ ინფორმაციასთან, საინფორმაციო ბაზებთან. და ჩვენ შევისწავლეთ ისინი, აღმოვაჩინეთ, ვისი თვითმფრინავებით ჩაჰყავთ დევნილები კონფლიქტის ზონაში. მხოლოდ ფაქტები.
ბელარუსულმა თვითმფრინავებმა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ახლო აღმოსავლეთიდან მინსკში რეისები ოთხზე მეტჯერ გაზარდეს. 2020 წლის აგვისტო-ნოემბერში ექვსი რეისი განხორციელდა და 27 რეისი მიმდინარე წლის იმავე თვეებში. ბელარუსულმა კომპანიამ 4.5 ათასი ადამიანი ჩამოიყვანა წელს საზღვრის შესაძლო გარღვევისათვის, და მხოლოდ 600 გასულ წელს. და კიდევ 6000 დევნილი ჩამოიყვანა ავიაკომპანიამ ერაყიდან.
აი, ასე ხდება შეიარაღებული პროვოკაციებისა და კონფლიქტების ორგანიზება. ჩვენ, ჟურნალისტებმა გავარკვიეთ, როგორ არის ეს მოწყობილი, ჩვენი საქმე გავაკეთეთ. ახლა – პოლიტიკოსების დროა.
წამების შესახებ
ხალხი სახელმწიფოსთვის თუ სახელმწიფო ხალხისთვის? დღეს ეს არის მთავარი კონფლიქტი.
ეს კონფლიქტი სტალინმა მასობრივი რეპრესიებით გადაჭრა.
ციხეებსა და გამოძიების მიმდინარეობისას წამების პრაქტიკა თანამედროვე რუსეთშიც შენარჩუნდა. სასტიკი მოპყრობა, გაუპატიურება, დაკავების საშინელი პირობები, პაემნებისა და დედის დაბადების დღეზე ზარის განხორციელების უფლების აკრძალვა, პატიმრობის ვადის გაუთავებელი გახანგრძლივება. სასამართლომდე გისოსებს მიღმა გზავნიან მძიმე დაავადების მქონე ადამიანებს, მძევლად ჰყავთ აყვანილი ავადმყოფი ბავშვები, მათგან მტკიცებულებების წარდგენის გარეშე მოითხოვენ ბრალის აღიარებას.
ჩვენთან, ყალბი ბრალდებებით სისხლის სამართლის საქმეები ხშირად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხეში უმსხვილესი ფრანგული პარფიუმერული კომპანიის რუსი დირექტორის ცრუ დასმენის საფუძველზე ჰყავთ დაკავებული. დირექტორმა განცხადება დაწერა, მაგრამ სასამართლოში არ გამოიძახეს და საკუთარი თავი დაზარალებულად არ უცნია… ნავალნი კი – ზის. თავად პარფიუმერულმა კომპანიამ გვერდზე გადგომა არჩია იმ იმედით, რომ ამ საქმის სუნი მათი პროდუქციის არომატს არ დააზიანებდა.
ჩვენ სულ უფრო ხშირად გვესმის წამების შესახებ, რომელსაც პატიმრებისა და დაკავებულების მიმართ იყენებენ. ადამიანებს აწამებენ, რომ გატეხონ, რათა გაზარდონ სასჯელის ფარგლებს გარეთ სისასტიკე. ეს ველურობაა.
გამოვდივარ წამების წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით, რომლის ამოცანაც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილსა და სახელმწიფოებში ადამიანების მიმართ გამოყენებული წამების შესახებ ინფორმაციის შეგროვება იქნება. ჯალათებისა და მათი ხელმძღვანელების დადგენა იქნება, რომლებიც დაკავშირებულები არიან მსგავს დანაშაულებთან.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მთელი მსოფლიოდან გამომძიებელი ჟურნალისტების იმედი მაქვს.
წამება კაცობრიობის წინააღმდეგ მძიმე დანაშაულად უნდა იყოს აღიარებული.
სხვათა შორის, „ნოვაია გაზეტა“ ქაღალდზეც აგრძელებს გამოსვლას. იმისათვის, რომ ჩვენი წაკითხვა ციხეებშიც შეძლონ: იქ ინტერნეტი არ არის.
„მემორიალისა“ და ჟურნალისტების შესახებ
რუსეთში ახლა ორი ტენდენცია უპირისპირდება ერთმანეთს.
ერთი მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი ეხმარება აკადემიკოს სახაროვის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ძეგლის დადგმას.
მეორე მხრივ კი, ჩვენს ქვეყანაშივე, გენერალური პროკურატურა საზოგადოება „მემორიალის“ გაუქმებას მოითხოვს. „მემორიალი“ დაკავებულია სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციით. პროკურორები კი მას „ადამიანთა უფლებების დარღვევაში“ ადანაშაულებენ! იქნებ იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ, ჩვენს ქვეყანაში, ეფ-ეს-ბემ ისევ გაასაიდუმლოვა სტალინის პერიოდის გამომძიებლებისა და ჯალათების სახელები?
შეგახსენებთ, „მემორიალი“ სახაროვმა შექმნა.
იქნებ, გარდაცვლილი სახაროვის ძეგლი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მისი ცოცხალი, მოქმედი პროექტი?
„მემორიალი“ – „ხალხის მტერი“ არ არის.
„მემორიალი“ – ხალხის მეგობარია.
… ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის: ეს პრემია – ნამდვილი ჟურნალისტების მთელ პროფესიონალ საზოგადოებას ეკუთვნის.
ჩემმა კოლეგებმა გამოავლინეს ფულის გათეთრების ტექნოლოგიები და ბიუჯეტში დააბრუნეს მილიარდობით მოპარული რუბლი, გაიხსნა ოფშორები, შეჩერდა ციმბირის ტყეების ჭრა. შედეგად, სახელმწიფომ მხარი დაუჭირა „ნოვაია გაზეტას“, „ეხო მოსკვის“, „დოჟდისა“ და სხვა კოლეგების ძალისხმევას იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობის მიმართულებით, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მედიკამენტები ესაჭიროებათ.
ჩვენ ამ პრემიას გადავცემთ ავადმყოფების დასახმარებლად და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მხარდასაჭერად.
მაგრამ ჟურნალისტიკას რუსეთში ახლა ბნელი დროება უდგას. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, უკვე 100-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მედიასაშუალებამ, უფლებადამცველმა, არაკომერციულმა ორგანიზაციამ მიიღო „უცხოელი აგენტის“ სტატუსი. რუსეთში ეს – „ხალხის მტერს“ ნიშნავს. ჩვენი ბევრი კოლეგა დარჩა უმუშევარი. ვიღაცები იძულებულები გახდნენ ქვეყნიდან წასულიყვნენ.
ადამიანს გაურკვეველი ვადით ართმევენ ჩვეულ ცხოვრებას. შეიძლება, სამუდამოდაც… ასეთი რამ მომხდარა ჩვენს ისტორიაში.
მაგრამ ვიღაცებს ასეთი შესაძლებლობაც წაართვეს.
ორხან ჯემალი, კირილ რადჩენკო, ალექსანდრ რასტორგუევი უმოწყალოდ დახვრიტეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ისინი ერთ-ერთი კერძო რუსული სამხედრო კომპანიის საქმიანობის გამოსაძიებლად ჩავიდნენ.
… მე, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, შეიძლება მკითხონ: და რატომ წავიდნენ თქვენი კოლეგები იქ?
რათა მტკიცებულებები მოეპოვებინათ. რათა დაემტკიცებინათ. რათა პირადად ენახათ. რათა, როგორც დიდმა სამხედრო ფოტოგრაფმა, რობერტ კაპამ თქვა: „თუკი საკუთარი გადაღებული ფოტო არ მოგწონს, ე.ი. საკმარისად ახლოს არ იყავი“.
„ნუთუ არ გეშინიათ?“ – ყველაზე ხშირი კითხვა, რომელსაც ჩემს კოლეგებს უსვამენ.
ეს მათი მისიაა. როდესაც მთავრობა მუდმივად წარსულის გაუმჯობესებას ცდილობს, ჟურნალისტები მომავლის გაუმჯობესებას ცდილობენ.
და ეს პრემია – მთელი ნამდვილი ჟურნალისტიკისაა. ეს პრემია არის ჩემი დაღუპული კოლეგების „ნოვაია გაზეტადან“ – იგორ დომნიკოვის, იური შჩეკოჩიხინის, ანა პოლიტკოვსკაიას, ანასტასია ბაბუროვას, სტას მარკელოვის, ნატაშა ესტემიროვასი. ეს პრემია ცოცხალი კოლეგებისაც არის, საზოგადოების, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებს.
„ქარავანი მიდის, იმიტომ რომ, ძაღლები ყეფენ“
… რუსულ და ინგლისურ, სხვა ენებზეც არის ერთი ასეთი გამოთქმა: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ – The dog barks, but the caravan goes on. მას ასე განმარტავენ: ქარავნის წინ მოძრაობას ხელს ვერაფერი შეუშლის. ზოგჯერ ხელისუფლება ასე აგდებულად საუბრობს ჟურნალისტებზე. ისინი ყეფენ, მაგრამ გავლენას ვერაფერზე ახდენენ.
მე კი ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ გამოთქმას საპირისპირო მნიშვნელობა აქვს.
ქარავანი წინ მიდის იმიტომ, რომ ძაღლები ყეფენ.
ისინი იზრდებიან და თავს ესხმიან მტაცებლებს მთებსა და უდაბნოებში. და წინ მოძრაობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ისინი მიაცილებენ ქარავანს.
დიახ, ჩვენ ვყეფთ და ვიკბინებით. ჩვენ ეშვები გვაქვს და მაგრად ჩავლებაც შეგვიძლია.
მაგრამ ჩვენ ვართ – მოძრაობის პირობა.
ჩვენ – ტირანიის ანტიდოტი ვართ.