მოსყიდვა, დაშინება, ამომრჩეველთა ნების კონტროლი - როგორი იყო არჩევნების დღე საქართველოში
საქართველოში დასრულდა 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც განსაკუთრებული და უპრეცენდენტოა თავისი მნიშვნელობით.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებმა საქართველოში ისევ ვერ ჩაიარა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, დაშინების, უბნებთან მობილიზებული კოორდინატორების, „ძველი ბიჭების“ და სხვა, უამრავი, წვრილ-წვრილი პროცედურული დარღვევის გარეშე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომიისიის მონაცემებით, ამ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა (1 815 776 ამომრჩეველი). თვითმმართველობის წინა, 2017 წლის არჩევნებზე, ეს მაჩვენებელი 45.65% იყო. გასული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი – 56.11%.
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები საქართველოში ამ დრომდე ჩატარებული სხვა, მითუმეტეს თვითმმართველობის არჩევნებისგან, ბევრი რამით განსხვავდებოდა.
ამ არჩევნებით, გარკვეულწილად, საქართველოს საგარეო კურსის ბედიც უნდა გადაწყდეს. გარდა ამისა, ამ არჩევნების შედეგზეა დამოკიდებული გაიმართება თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები.
რეალურად, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის უმოკლესი გზა ცენტრალური ხელისუფლების ცვლილებისკენ.
არჩევნების პირველადი შედეგები ჯერ უცნობია. საუბნო კომისიები შედეგებს ახლა ითვლიან. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ჯერ კიდევ შუადღეს განაცხადა, რომ შემაჯამებელი ოქმების ატვირთვას უბნების დახურვიდან 7-8 საათი დასჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების გამოქვეყნებას გვიან ღამემდე (03:00 – 04:00 საათამდე) არ უნდა ველოდოთ.
- ეგზიტპოლები: თბილისში, დიდი ალბათობით, მეორე ტური იქნება
- თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში: ყველა ეგზიტპოლის წინასწარი შედეგი. პარტიები
არჩევნების პირველად შედეგებამდე, ტრადიციულად, ყველა მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც, ამბობს, რომ ეს არჩევნები მათ მოიგეს. მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” უკვე დაიწყო ზეიმი დიდ სცენაზე, რომელიც თბილისის ცენტრში ჯერ კიდევ არჩევნების დასრულებამდე დაამონტაჟეს.
გამარჯვებას ზეიმობს ოპოზიციაც.
ეგზიტპოლების შედეგებით, რომელსაც სამი ტელევიზია “მთავარი არხი”, “იმედი” და “ფორმულა” ატარებდა, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური იქნება.
დამკვირვებელთა უპრეცენდენტო რაოდენობა
თვითმმართველობის ყველა სხვა, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ეს არჩევნები დამკვირვებელთა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო.
განსაკუთრებით მაღალი იყო საერთაშორისო დამკვირვებელთა რაოდენობა. 2 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი იყო დარეგისტრირებული, რაც ორჯერ მეტია წინა, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით.
გარდა ამისა, არჩევნებს აკვირდებოდა 88 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 2338 დამკვირვებელი.
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მისიების წარმომადგენლები დღეს ჯერ მხოლოდ ზოგად განცხადებებს აკეთებდნენ. მათი ვრცელი ანგარიშები და შეფასებები მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები კი, მთელი დღის განმავლობაში, პროაქტიულად აქვეყნებდნენ მოკლე ანგარიშებს.
ამ ანგარიშების მიხედვით, მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე არაერთ დარღვევას ჰქონდა ადგილი.
რა დარღვევებზე საუბრობენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დამკვირვებლებმა დღის განმავლობაში (07:00-დან 19:30 სთ-მდე პერიოდში) 140-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირეს და 25 საჩივარი დაწერეს.
19:00 საათამდე პერიოდში, 137 საჩივარი დაწერეს და ანაწერთა წიგნში 40 შენიშვნა შეიტანეს კიდევ ერთი ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დამკვირვებლებმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციამ კი დღის განმავლობაში 80-ზე მეტი შენიშვნა და საჩივარი დაწერა.
დარღვევებს შორის, ორგანიზაციები გამოყოფენ: სავარაუდო “კარუსელის”, ამომრჩეველთა მოსყიდვის, უბნის შიგნით ამომრჩეველთა აღრიცხვის, პირადობის გარეშე ხმის მიცემის, მარკირების წესების დარღვევის შემთხვევებს; ასევე, გადასატან ყუთთან და საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ ხარვეზებს;
გარდა ამისა, მათ ანგარიშებში წერია, რომ დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლისა და მათზე ზეწოლის, კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, საარჩევნო უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნისა და კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევის შემთხვევებს.
- სავარაუდო “კარუსელი”
სავარაუდო “კარუსელის” შემთხვევები ორგანიზაციის დამკვირვებლებმა მარნეულში დააფიქსირეს. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, #22-ე მარნეულის საარჩევნო ოლქის #13-ე უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სტუდენტური პროფესიული კავშირის“ დამკვირვებელმა ორჯერ მისცა ხმა და მესამე მცდელობაც ჰქონდა. ამავე უბანზე ხმა ერთზე მეტჯერ მისცა კიდევ რამდენიმე პირმა.
მარნეულში სავარაუდო “კარუსელზე” საუბრობს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც”.
ორგანიზიაციაში აცხადებენ, რომ მარნეულის #7-ე უბანზე მათმა დამკვირვებელმა გამოავლინა ძირითად ყუთში კონვერტების ჩაყრის შემთხვევა, Რაზეც საიამ დაწერა საჩივარი და გადათვლა მოითხოვა.
- სავარაუდო ამომრჩევლის მოსყიდვა
#28-ე დუშეთის პირველი უბნის მიმდებარედ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დამკვირვებელმა დააფიქსირა ერთი პირი, რომელმაც სამ ადამიანს ფული და ამომრჩევლის ბარათები გადასცა.
ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა სხვადასხვა მედიასაშუალებებითაც. საარჩევნო უბნებთან თანხებით ხელში ყოფნას ყველა სხვადასხვა მიზეზით ხსნიდა. ზოგი მაგალითად ამბობდა, რომ რძე იყიდა.
- დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა და ზეწოლა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” დღის განმავლობაში მათი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის არაერთი შემთხვევა აღრიცხა. მათ შორის, ახალქალაქში, #50-ე უბანზე, ზუგდიდში, #15-ე უბნზე, თბილისში, #10-ე გლდანის უბანზე, მარნეულში, #13-ე უბანზე, თელავში, #17-ე უბანზე. ამ უბნებზე მათ დამკვირვებლებს ხელს უმეტესაც კომისიის წევრები უშლიდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ ურეგისტრირებდნენ საჩივრებს, ხელს უშლიდნენ ვიდეოგადაღებაში. ახალქალაქში მაგალითად დამკვირვებელი ეზოდან გამოაგდეს.
“#40-ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქის #50-ე საუბნო კომისიის წევრები კენჭისყრის გვერდით ოთახში ალკოჰოლს სვამდნენ და არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. ჩვენმა დამკვირვებელმა კომისიის წევრებს შენიშვნა მისცა. ამის გამო ჩვენი დამკვირვებელი ეზოდან გამოაგდეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც მან პატრული გამოიძახა“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
“სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს არაეთიკურად მოექცნენ კომისიის წევრები კახეთში, ყვარელში, #15-ე საარჩევნო უბანზე.
“აყენებდნენ შეურაცხყოფას და არ აძლევდნენ დამკვირვებლის უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელების საშუალებას”, – ამბობენ ორგანიზაციაში.
“საიას” დამკვირვებელი კი მარნეულში, #65-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარემ უბნიდან გამოაძევა მას შემდეგ, რაც დამკვირვებელმა მარკირებისა და პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის ფაქტები დააფიქსირა და დარღვევის აღმოფხვრა მოითხოვა.
- ხმის მიცემა პირადობის, ან მარკირების გარეშე
სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის შემთხვევები გამოავლინეს მარნეულში, #65-ე, #48-ე და #14-ე საარჩევნო უბნებზე.
მარკირების გარეშე აძლევდნენ ხმას ვაკეში, #49-ე და #74-ე უბნებში; მარნეულში, #48-ე უბანზე.
- კენჭისყრის ფარულობის დარღვევა
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, ყველაზე ხშირად უბნებზე ხმის მიცემის ფარულობა ირღვეოდა. ამომრჩევლებს საარჩევნო კაბინაში ზოგან საუბნო კომისიის რომელიმე წევრი, ზოგან კი რომელიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიყვებოდა (ფოთი, #33 და თელავის #6-ე უბნები).
იყო შემთხვევები, როდესაც ამომრჩეველი კანდიდატს საარჩევნო კაბინის გარეთ, რეგისტრატორის მაგიდასთანვე ხაზავდა (მაგალითად, დმანისში, #43-ე უბანზე);
აბაშაში კი, #19-ე უბანზე, “სამართლიანი არჩევნების” თქმით, უბანზე მისულმა დაახლოებით 15-მა ამომრჩეველმა “ქართული ოცნებისა” და კომისიის სხვა წამომადგენლებს აჩვენა ვის მისცეს ხმა.
“საია” ამბობს, რომ გორში, #70-ე უბანზე, საერთოდ ისე იდგა საარჩევნო კაბინები, რომ ხმის მიცემის ფარულობა ირღვეოდა.
- არაუფლებამოსილი პირები უბნებში და კოორდინატორები უბნებთან
წინა წლების გამოცდილების მსგავსად, სადამკვირვებლო ორგანიზაციები წერენ, რომ ისევ მავნე ტრადიციად რჩება არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბანში ან უბანთან.
მიუხედავად იმისა, რომ წელს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებით, საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში პარტიული კოორდინატორების თავშეყრა აკრძალული იყო, ეს იყო მთავარი, რაც ამ არჩევნებს ისევ წითელ ხაზად გასდევდა.
კოორდინატორები, ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი და პირადნომრიანი სიებით, საარჩევნო უბნებთან, საქართველოში ბოლო წლების არჩევნების მთავარი მანკიერებაა.
წინა წლებში, როდესაც ასეთ კოორდინატორებთან ჟურნალისტები მიდიოდნენ, ისინი სიებს მალავდნენ და იყ ყოფნას სხვადასხვა, აბსურდული მიზეზებით ხსნიდნენ. მათ შორის, გვესმოდა – ნათესავების თავშეყრა, ქორწილი, ქეიფი, ვალების აკრეფა და ა.შ.
წელს, კოორდინატორების ნაწილი მისი იქ ყოფნის ნამდვილ მიზეზებს აღარც მალავდა. თუმცა, მალავდნენ სიებს, ვინაიდან, სამაგიდო სიების (საუბაროა ამომრჩეველთა ფოტოსურათებიან სიებზე) ვინმესთვის გადაცემა, დანაშაულია.
მუქარა, გინება, ტექნიკის დაზიანების მცდელობა – ჟურნალისტები ისევ სამიზნე იყვნენ
გასული წლის მსგავსად, ვერც წელს ჩაიარა არჩევნებმა ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გარეშე. ესეც ბოლო წლების მანკიერი ტრადიციაა.
გამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტს, ბათუმში, #95-ე უბანზე, კოორდინატორები დაემუქრნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჟურნალისტი მათი ვინაობის გარკვევას ცდილობდა.
“თქვეს, რომ „მოგვხედავენ“, „დაიმახსოვრებდნენ სახელებსა და გვარებს“, თქვეს, რომ აქვე ცხოვრობდნენ, თუმცა არ დაასახელეს ვინაობა, ხოლო სიებზე გვითხრეს, რომ „ჯოკერის სიაა“, – წერს გამოცემა.
“ქართული ოცნების” აქტივისტმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კამერის დამტვრევით დაემუქრა “მთავარი არხის” ჟურნალისტსა და ოპერატორს.
გადაღებაში შეუშალეს ხელი მარნეულში “რადიო მარნეულის” ჟურნალისტს.
ბათუმში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს TV25-ის ჟურნალისტს.
ზუგდიდში, ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე უცხო პირი „ფორმულას” ჟურნალისტს ელექტროშოკით დაემუქრა.
დღეს, 2021 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობას უნდა აერჩია 64 მერი და საკრებულოს 2044 დეპუტატი.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 43 საარჩევნო სუბიექტი.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
ეს რიგით მერვე თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარდა.
ეს არჩევნები, თავისი მნიშვნელობით, ოპოზიციამ და არამხოლოდ ოპოზიციამ, მისი დანიშვნის დღიდანვე შეაფასა რეფერენდუმის ტოლფასად.