ორშაბათიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება. იქნება სკოლა უსაფრთხო?
4 ოქტომბრიდან საქართველოს სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს. განათლების სამინისტრო ამბობს, რომ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ დისტანციურად სურთ სწავლა თუ დასწრებით.
მას, ვინც სკოლაში სიარულს აირჩევს, სულ უნდა ეკეთოს პირბადე. ეს სავალდებულოა და ეს ერთადერთი სიახლეა რეგულაციებში.
სხვა მხრივ, გასული ორი, პანდემიური წლისგან განსხვავებით, ბევრი არაფერი შეცვლილა.
ყოველ შემთხვევაში, კითხვაზე, რა გაკეთდა 15 სექტემბრიდან დღემდე ისეთი, რის გამოც, 4 ოქტომბრიდან სკოლა უსაფრთხო იქნება, პასუხი არ არსებობს.
რა იცვლება 4 ოქტომბრიდან
არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, 4 ოქტომბერს, პირველკლასელებისთვის პირველი ზარი დაირეკება. ჯერ მათთვის სასწავლო პროცესი დაწყებული არ არის.
„პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია წარიმართოს საკლასო გარემოში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში“, – ამ არგუმენტით ახსნა სექტემბრის დასაწყისში განათლების სამინისტრომ გადაწყვეტილება, რომ პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დაიწყებდნენ.
უფროსკლასელები კი სკოლას, ამ სასწავლო წელს, ორკვირიანი დისტანციური სწავლების შემდეგ უბრუნდებიან.
- საქართველოში 4 ოქტომბერს სწავლა კლასებსა და აუდიტორიებში განახლდება
- “მშობლები განათლებისთვის”: ვშიშობთ, რომ მივიღებთ “კოვიდის დაკარგულ თაობას”
რა გაკეთდა 15 სექტემბრიდან დღემდე ისეთი, რის გამოც, 4 ოქტომბრიდან სკოლა უსაფრთხო იქნება, ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს.
„ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება“, – ამ მოკლე განმარტებით შემოიფარგლა განათლების მინისტრი 28 სექტემბერს, ამ გადაწყვეტილების გახმოვანებისას.
მინისტრი ფიქრობს, რომ „ეს ძალიან დიდი მიღწევაა“.
Jamnews-ი შეეცადა ამ კითხვებზე პასუხი განათლების სამინისტროდან მიეღო. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ეკა კვირკველიამ გვითხრა, რომ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, დისტანცია, რამდენიმე ცვლაში სწავლა, საჭიროების შემთხვევაში წერტილოვანი შეზღუდვები, უკვე შარშანაც იყო და წელსაც ასე გაგრძელდება.
შეკითხვაზე – თუ არაფერი შეცვლილა და თუ მოსწავლეებს მაინც პირბადით უნდა ევლოთ, მაშინ აქამდე რატომ იყვნენ ისინი სახლებში გამოკეტილი, მან გვიპასუხა, რომ ეს ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელთან იყო დაკავშირებული. უფრო ჩაძიებისას ჯერ კითხვების წერილობით გაგზავნა გვთხოვა, შემდეგ კი დაიკარგა. სამინისტროდან არც წერილზე გვიპასუხეს და აღარც ზარებზე.
რა უსწრებდა წინ ამ გადაწყვეტილებებს
სასწავლო პროცესის სკოლაში განახლების შესახებ გადაწყვეტილება ცნობილი 28 სექტემბერს გახდა. არჩევნების დღემდე ოთხი დღით ადრე.
ამ გადაწყვეტილებას წინ რამდენიმე სკანდალი უსწრებდა. მათ შორის, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამსახურის (NCDC) ამირან გამყრელიძისა და მისი თანამშრომლების ქეიფი კახეთში.
27 სექტემბერს, საგამოძიებო სტუდია „მონიტორმა“ გაავრცელა ფოტო, რომელზეც ჩანდა, როგორ ქეიფობდნენ ამ უწყების თანამშრომლები კახეთში, პირბადეებისა და დისტანციის დაცვის გარეშე. მათ შორის, იყო თავად NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც, რომელიც, კრამიტიდან სვამდა ღვინოს.
იქამდე, 7 აგვისტოს, მძიმე პანდემიურ მდგომარეობაში, ხალხმრავალ სუფრაზე, რეგულაციების დაცვით იქეიფა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.
დაკეტილი სკოლების და სახლებში გამოკეტილი ბავშვების ფონზე, ამ ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი განხილვა და ვნებათა ღელვა მოჰყვა.
პრემიერმა თქვა, რომ ქეიფი დანაშაული არ არის.
„მერე რა რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი“ , – ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტების კითხვებს სოფელ არხილოსკალოში მის ხალხმრავალ სუფრაზე ყოფნის შესახებ.
NCDC-იმ კი კრამიტებით ღვინის სმის ფოტოების კომენტირებისას თქვა, რომ ეს უბრალოდ სადილი იყო, ღია სივრცეში, რეგულაციების დაცვით.
“საქართველოში ბავშვები არ უყვართ”
„საქართველოში ბავშვები არ უყვართ“, „მთავრობამ თქვა, რომ მისთვის რესტორანი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე სკოლა“, – წერდნენ ადამიანები სოციალურ ქსელში.
ისინი ბრაზობდნენ, რომ ასე შეეგუვნენ ბავშვების ორი წლით სახლში გამოკეტვას. რომ უფრო მკაცრები არ იყვნენ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პანდემიიდან ორი წლის შემდეგაც, საქართველოში სკოლები და ბაღები დაკეტილი არ იყოს. რომელმაც არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ვაქცინაციის პროცესი არ ჩავარდნილიყო, მითუმეტეს, სკოლებში.
განათლების სამინისტროს 25 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში აცრილია საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65%. და ეს არ არის ორივე დოზით ვაქცინირებულთა მონაცემი. ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია.
Jamnews-მა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ამ მონაცემი დაზუსტებაც სთხოვა. მათ შორის, აცრების მაჩვენებლის გადანაწილება კერძო და საჯარო, ასევე, თბილისის და რეგიონების მიხედვით. ვერც ეს პასუხი მივიღეთ.
- ექიმებისა და მეცნიერების მიმართვა: “საქართველოში ვაქცინაციის დონე საგანგაშოდ დაბალია”
- ეკლესია და Pfizer-ი: რატომ ჩააგდო საქართველომ ვაქცინაციის კამპანია
ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში განათლების სამინისტრო ირწმუნება, რომ სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია აქტიურ რეჟიმში იმართება. მათივე ცნობით, 9%-დან 65%-მდე ვაქცინაციის მაჩვენებელმა, სწორედ ბოლო ორ თვეში მოიმატა.
NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კი სკოლების თანამშრომლების ვაქცინაციის ვალდებულება და პასუხისმგებლობა სრულიად სკოლების დირექტორებს გადააბარა.
„დირექტორებს რეკომენდაცია მიეცათ, რომ ყველა მათგანმა იცოდეს, რამდენია მასთან აცრილი [თანამშრომელი], რამდენს აქვს ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია და ყველა დირექტორს ჰქონდეს გეგმა, როგორ უნდა აიცრას დანარჩენი, ვინც არ არის აცრილი“, – განაცხადა გამყრელიძემ 28 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
„სკოლები უნდა იყოს პირველი, რომლებიც გაიხსნება და ბოლო, რომლებიც დაიხურება“, – ეს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეკომენდაციაა მსოფლიოს ქვეყნებისთვის.
საქართველოში ეს პირიქითაა.
კოვიდ პანდემიის გამო საქართველოში სკოლა-ბაღები, პირველად გასული, 2020 წლის მარტში დაიკეტა. მთელი სემესტრი ბავშვებმა დისტანციურად ისწავლეს.
შემოდგომით სკოლები მხოლოდ რამდენიმე კვირით გაიხსნა და მალევე ისევ დაიკეტა, რადგან ქვეყანაში კოვიდის ახალი, მეორე, მძიმე ტალღა დაიწყო.
გვიანი შემოდგომიდან ქვეყანაში მძიმე ლოქდაუნი და კომენდანტის საათი მოქმედებდა. ბავშვები სკოლას სასწავლო წლის მიწურულს, მარტში, ისევ მხოლოდ რამდენიმე კვირით დაუბრუნდნენ.
ახლაც, პანდემიის მეოთხე ტალღის ფონზე, მთელი ზაფხულია ქვეყანაში გახსნილია რესტორნები, კაფე-ბარები, სპორტული დაწესებულებები. სკოლები ერთ-ერთი ბოლო იხსნება.
მძიმე ეპიდვითარება და ჩავარდნილი ვაქცინაცია
ბოლო დღეების მონაცემებით, საქართველოში, დღეში საშუალოდ ინფიცირების 2000-მდე და გარდაცვალების 30-35 შემთხვევა ფიქსირდება. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6%-მდე აღწევს.
მაგალითად, 29 სექტემბერს, ინფიციცირების 1929 და გარდაცვალების 33 შემთხვევა აღირიცხა.
ამ მონაცემების ფონზე, ბოლო პერიოდში, მკვეთრად არის შემცირებული ვაქცინაციის მაჩვენებელი. აცრების დღიური მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 10-12 ათასია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისათვის ქვეყანაში აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 34.4%, მათგან სრულად – 27.9%. ბავშვების აცრაზე საუბარი საქართველოში ჯერ არც დაწყებულა.