რეფერენდუმი, კოკაინი და სისხლიანი ბანერები. მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ 2 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.
იდეაში, ეს არჩევნები მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებებს შეცვლის და ცენტრალურ დონეზე ცვლილებებს არ განაპირობებს, თუმცა, ამ არჩევნებს საქართველოში “რეფერენდუმს” და “გადამწყვეტს” უწოდებენ.
რატომ არის ეს არჩევნები ასეთი მნიშვნელოვანი? რაშია მთავარი ინტრიგა? როგორ იბრძვის გამარჯვებისთვის მმართველი პარტია “ქართული ოცნება”, რომელიც უკვე ცხრა წელია ხელისუფლებაშია და რისი იმედი აქვს ოპოზიციას?
გიყვებით მოკლედ, რა უნდა ვიცოდეთ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე:
_______________________
რატომ არის 2 ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანი
ბოლო არჩევნები საქართველოში ერთი წლის წინ გაიმართა, 2020 წლის ოქტომბერში – მაშინ ქვეყანამ ახალი პარლამენტი აირჩია. ოპოზიციამ არ აღიარა არჩევნების შედეგები და ქვეყანაში დაიწყო ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი. ოპოზიცია უარს ამბობდა პარლამენტში შესვლაზე, მართავდა ქუჩის აქციებს და ითხოვდა რიგგარეშე არჩევნებს, რადგან მიიჩნევდა, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგები უსამართლო იყო.
კრიზისის განმუხტვის საქმეში დასავლელი დიპლომატები და ევროპელი მაღალჩინოსნები ჩაერთნენ, კონკრეტულად კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც პირადად სამჯერ ჩამოვიდა საქართველოში.
შარლ მიშელის შუამავლობით შეიქმნა დოკუმენტი, რომელსაც ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოეყვანა.
_____________________________________________________________________________
● რა წერია შარლ მიშელის ახალ გეგმაში – ხუთივე პუნქტი მოკლედ
● რატომ ვერ გვარდება პოლიტიკური კრიზისი საქართველოში
● მოსაზრება: რატომ არ გამოდიან ქართველები ქუჩაში?
● რას ფიქრობენ ექსპერტები შარლ მიშელის შეთანხმების გაუქმებაზე
_____________________________________________________________________________
დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი თვითმმართველობის არჩევნებს ეხებოდა – იმ შემთხვევაში თუ 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი გუნდი “ქართული ოცნება” პროპორციული ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებდა, საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.
ოპოზიციის ნაწილმა და “ქართულმა ოცნებამ” ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. თუმცა, ხელმოწერიდან რამდენიმე კვირაში, ყველასათვის მოულოდნელად, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ გადის შარლ მიშელის შეთანხმებიდან. მათ შორის, არ აპირებს რეფერენდუმის დანიშვნასაც იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებზე 43 პროცენტზე მეტ ხმას ვერ აიღებს.
მიუხედავად ამისა, 43 პროცენტიანი ბარიერი მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება ამ არჩევნებზე.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის ეს ლეგიტიმურობის ერთგვარი ტესტია. ხელისუფლების ოპონენტების ლოგიკა ასეთია: თუკი მმართველ ძალას 43 პროცენტიანი მხარდაჭერაც არ აქვს, მაშინ გამოდის, რომ იგი უსამართლოდ ფლობს პარლამენტში კონსტიტუციურ უმრავლესობას.
_____________________________________________________________________________
- რა ხდება ქართულ ოპოზიციაში – ვინ შევა პარლამენტში?
- „მე ხმა ქართულ ოცნებას მივეცი“ VS „მე ხმა ოპოზიციას მივეცი“. ქართველ ამომრჩეველთა მონოლოგები
_____________________________________________________________________________
აქედან გამომდინარე, თუკი ხელისუფლება 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს, გარდაუვალი იქნება სახალხო მღელვარება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით, ფიქრობენ ექსპერტები. ბევრი დამკვირვებელი ასევე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ამ მოთხოვნას მხარდაჭერა ექნება დასავლელ პარტნიორების მხრიდანაც, რადგან აღნიშნული პუნქტი სწორედ შარლ მიშელის შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული.
თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად იმეორებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე 43 პროცენტზე გაცილებით მეტს აიღებენ და ასეც რომ არ მოხდეს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება მაინც არ იქნება.
რაშია მთავარი ინტრიგა
მთავარი ინტრიგა სწორედ იმ კონკრეტულ რიცხვშია, რომელსაც აიღებს “ქართული ოცნება” – შეძლებს ის ლეგიტიმურობის ბარიერად ქცეული 43 პროცენტის აღებას თუ არა. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ის ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.
ასევე, მთავარი ინტრიგაა თბილისი. აქ მერობისთვის ქვეყნის ყველაზე რეიტინგული სამი პოლიტიკოსი იბრძვის – მოქმედი მერი, ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე; ოპოზიციის ლიდერი, ყველაზე პოპულარული ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, უახლოეს წარსულში “ქართული ოცნების” მთავარი სახე და ივანიშვილის თანამებრძოლი გიორგი გახარია, რომელიც თებერვალში საკუთარი სურვილით გადადგა და მოგვიანებით ოპოზიციური პარტია “საქართველოსთვის” დააფუძნა.
◤ საქართველოში ხუთი თვითმმართველი ქალაქია (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და რუსთავი) და 59 მუნიციპალიტეტი.
ყველა ეს ერთეული საკუთარ მერს და საკრებულოს აირჩევს. საქართველოს მასშტაბით 84 საარჩევნო ოლქია. ამ ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად 2770 ადამიანია რეგისტრირებული.
გამოდის, რომ საშუალოდ, ერთ ოლქზე 33 კანდიდატი მოდის. სულ ცესკოში 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის 31 პარტიაა რეგისტრირებული.
არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებელ კანდიდატებსაც შეუძლიათ.
თბილისის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძოლებს. ◢
ნიკა მელია ოთხი ოპოზიციური პარტიის (“ნაციონალური მოძრაობა”, ელენე ხოშტარიას “დროა”, “ევროპული საქართველოს” და ზურაბ ჯაფარიძის “გირჩის”) ერთობლივი კანდიდატია. მელია გამარჯვების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია გახდება – ახალგაზრდა აქტიური. პოლიტიკოსი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ “ევროპული საქართველოს” რიგები დატოვა და საკუთარი პარტია დააფუძნა.
Edison Research-ის კვლევის თანახმად, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პირველ სამ ადგილს სწორედ თბილისის მერობისთვის მებრძოლი პოლიტიკოსები იკავებენ – გიორგი გახარიას და კახა კალაძეს “პოზიტიურად” მოსახლეობის 55% აფასებს, ნიკა მელიას – 46%.
საქართველოში სულ 3 მილიონ 500 ათასამდე რეგისტრირებული ამომრჩეველია, აქედან დედაქალაქის ამომრჩევლების რაოდენობა მილიონს აღწევს.
თბილისის მერს დედაქალაქის მოსახლეობა ოთხ წელიწადში ერთხელ, თვითმმართველობის არჩევნების დროს, პირდაპირი წესით ირჩევს. მერების არჩევნების პირველსავე ტურში მოსაგებად ხმათა 50%-ზე მეტის მიღებაა საჭირო. თუ ვერცერთი კანდიდატი 50%-ზე მეტს ვერ მიიღებს, მაშინ გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდება. მეორე ტური პირველიდან ორი კვირის შემდეგ ჩატარდება.
ვინ მონაწილეობს? ოპოზიცია ერთიანია?
ოპოზიციური ფლანგის მთავარი სიახლეა ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია და მისი ახლადდაფუძნებული პარტია “საქართველოსთვის”.
ექსპერტების ვარაუდით, ყველაზე მეტ ხმას გახარია “ქართულ ოცნებას” წაართმევს, რადგან მისი ამომრჩევლების უმრავლესობა “ქართული ოცნების” ყოფილი მხარდამჭერები არიან, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ივანიშვილის გუნდის მიმართ ნდობა დაკარგეს.
_____________________________________________________________________________
● რას ვირჩევთ 2 ოქტომბერს? ხუთი ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ საქართველოში თვითმმართველობა არ არის
● ფოთი – ღარიბი მდიდარი ქალაქი საქართველოში
● ანაკლია – შავი ზღვის მარგალიტი, რომელიც პოლიტიკის მძევალი გახდა
_____________________________________________________________________________
ტრადიციულად ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის დიდი ნაწილისთვის გახარია მიუღებელი ფიგურაა, რადგან სწორედ გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი მაშინ, როდესაც პარლამენტთან სპეცრაზმმა დაარბია მშვიდობიანი აქცია, სადაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოსვლას აპროტესტებდნენ. აქციის დარბევისას ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, ათეულობით დაშავდა. ამის გამო ახალგაზრდა აქტივისტებმა გახარიას ზედმეტსახელად “თვალთხარია” დაარქვეს.
გარდა ამისა, არიან ისეთებიც, რომლებიც გახარიას ივანიშვილის მორიგ პროექტად აღიქვამენ და მისი “ნამდვილი” ოპოზიციონერობის არ სჯერათ.
ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ ძალად საქართველოში კვლავ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული “ნაციონალური მოძრაობა” რჩება, ყოფილი მმართველი გუნდი, რომელიც ცხრა წელი მართავდა ქვეყანას და უკვე ცხრა წელია, რაც ოპოზიციაში.
ამ პარტიის თავმჯდომარე ახლა ნიკა მელიაა – ქვეყნის ყველაზე რეიტინგული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. თებერვალში ხელისუფლებამ მელია ძალის გამოყენებით დააკავა, რასაც დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციის ლიდერის დაკავების წინააღმდეგი იყო იმდროინდელი პრემიერი გახარიაც, რომელიც სწორედ მელიას საქმის გამო გადადგა პრემიერობიდან.
მელია რამდენიმე თვეში დიდი საერთაშორისო ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს.
Edison Research-ის კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი რეიტინგი სწორედ ამ სამ პარტიას აქვს:
- ქართული ოცნება – 33%;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 25%;
- საქართველოსთვის – გიორგი გახარია – 10%;
არჩევნებში მონაწილეობენ ასევე შედარებით მცირე ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 1-დან 6 პროცენტამდე შედეგს აჩვენებენ სოციოლოგიურ კვლევებში.
- ლეიბორისტული პარტია – 6%;
- გირჩი – მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე) – 4%;
- ლელო – 3%;
- ხალხისთვის – ანა დოლიძე – 3%;
- პატრიოტთა ალიანსი – 3%;
- მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი – 2%;
- ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – 2%;
- გირჩი (იაგო ხვიჩია) – 2%;
- ერი – ლევან ვასაძე – 2%;
- დროა – ელენე ხოშტარია – 1%;
- მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი – 1%;
- სხვა – 2%;
ანუ, იმ ამომრჩეველს, რომელიც არც “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს და არც “ნაციონალურ მოძრაობას” – ქართული პოლიტიკის ორ მთავარ დაპირისპირებული პოლუსს, საარჩევნო მენიუში მრავალფეროვნება დახვდება.
ამ პარტიებიდან ორი – “პატრიოტთა ალიანსი” და “ერი-ლევან ვასაძე” არიან გამოკვეთილად ანტიდასავლური, პრორუსული ყაიდის ძალები. ისინი გამოირჩევიან დასავლეთის კრიტიკით, ტრადიციული ფასეულობებისა და ეკლესიის დამცველებს უწოდებენ საკუთარ თავს, და განსაკუთრებით შეუწყნარებლები არიან ლგბტქ+ ადამიანების მიმართ. სწორედ ბიზნესმენ ლევან ვასაძის მხარდამჭერთა მიერ იყო ინიცირებული 5 ივლისის აქცია პრაიდის წინააღმდეგ, რომელსაც საბოლოო ჯამში ერთი ადამიანის – “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე ემსხვერპლა.
არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიები, რომლებიც 1 პროცენტს მაინც აგროვებენ სოციოლოგიური კვლევებით, პროდასავლური მიმართულების ძალები არიან.
ამ არჩევნებზე ოპოზიცია ერთგვარი ჰიბრიდული რეჟიმით გამოდის – ზოგ ოლქში რამდენიმე ოპოზიციური პარტია მერობის ერთ კანდიდატს უჭერს მხარს, ზოგში კი ყველას თავისი კანდიდატი ჰყავს. ბევრ ოლქში საერთო კანდიდატზე შეთანხმება მოახერხა ოთხმა პარტიამ – “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ევროპულმა საქართველომ”, ზურა ჯაფარიძის “გირჩმა” და ელენე ხოშტარიას “დროამ”.
გახარიას პარტია კანდიდატებთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან არ თანამშრომლობს და ყველგან თავისი კანდიდატი ჰყავს.
წინასაარჩევნო სტრატეგიები
ისევე როგორც ყველა სხვა წინა არჩევნებზე, რომლებიც “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ჩატარებული, ამ არჩევნებზეც მმართველი ძალის მთავარი წინასაარჩევნო ტაქტიკაა ოპოზიციური პარტიების, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების და სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელების “გაშავება” და მათგან მტრის ხატის შექმნა.
მმართველი გუნდის სპიკერები სამთავრობო არხებზე გამოსვლებში ძირითადად წარსულზე საუბრობენ, სააკაშვილის მმართველობას “სისხლიან რეჟიმს” უწოდებენ.
“მთავარი, რაც ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ეს “ნაციონალური მოძრაობის” რევანშია,” – მიმართა ამომრჩეველს “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის მთავარმა სახემ, ირაკლი კობახიძემ.
ამჯერად “ნაციონალურ მოძრაობას” გახარიას წინააღმდეგ პიარიც დაემატა. გახარიას, ყოფილ პრემიერს, რომელმაც სულ რამდენიმე თვეა, რაც სახელისუფლებო გუნდი დატოვა, მმართველი პარტიის ლიდერები ღიად ადანაშაულებენ ნარკოტიკების მოხმარებაში. “კოკაინშიკი”, “მოღალატე”, “ჭანჭიკი”, “მატყუარა” უწოდებს მას კობახიძე.
სამთავრობო არხები კი, გახარიასა და ნარკოტიკების თემას არაერთ სიუჟეტს და გადაცემას უძღვნიან.
ასევე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიდ ქალაქებში გამოკრულია ე.წ. “სისხლიანი ბანერები” – ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს ამჯერად გახარიაც დაემატა.
მართალია, ბანერების განთავსებაზე და მათ დაფინანსებაზე პასუხისმგებლობა ბიზნესმენმა მიხეილ გაბრიჩიძემ აიღო, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ რეალურად ამ საქმის უკან უშუალოდ “ქართული ოცნება” დგას. ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ ე.წ “სისხლიანი პლაკატები” ვაქცინაციისკენ მოწოდების სამთავრობო ბანერებს გადააკრეს ზემოდან.
ადმინისტრაციული რესურსი ერთ-ერთი მძლავრი იარაღია ხელისუფლების ხელში ყველა არჩევნების დროს და როგორც ექსპერტები ამბობენ, არც 2021 წლის არჩევნები იქნება გამონაკლისი.
_____________________________________________________________________________
● ISFED წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს: დარღვევები, ძალადობა და ზეწოლა
_____________________________________________________________________________
ასევე ხელისუფლებას აქვს მძლავრი რესურსი სამი ცენტრალური სატელევიზიო არხის სახით – ტელეკომპანია “იმედი, “რუსთავი 2” და საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულად მმართველი გუნდის მიერ კონტროლდება და მისი საინფორმაციო პოლიტიკის გამტარია.
ოპოზიციის კრიტიკის მთავარი სამიზნეა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა. ოპოზიციის დიდი ნაწილი ხელისუფლებას დასავლური კურსიდან გადახვევაში და რუსეთთან დაახლოებაში სდებს ბრალს. არგუმენტად მოჰყავთ შარლ მიშელის ხელშეკრულებიდან გასვლა, სტრატეგიული პროექტების მშენებლობის შეჩერება (ანაკლია, ნამახვანჰესი), ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიმართ ლოიალობა და ა.შ.
ოპოზიციური პოლიტიკის გამტარია სამი პოპულარული სატელევიზიო – “მთავარი არხი” და “ფორმულა”, რომელთა მფლობელები და დამფინანსებლები სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი წევრები არიან და ასევე “ტვ პირველი”, რომელიც ბიზნესმენ ვატო წერეთელს ეკუთვნის. სამივე არხის მფლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. სამივე არხი მწვავედ კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ.
სააკაშვილი და ივანიშვილი სად არიან?
“ქართული ოცნების” დამფუძნებელი და ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველი ბიძინა ივანიშვილი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში საჯაროდ არ გამოჩენილა.
ის არ ჩნდება მედიასთან და არ მონაწილეობს კამპანიაში.
რაც შეეხება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებისთვის დღემდე რჩება პარტიის მთავარ ლიდერად, იგი ამჟამად უკრაინაშია და საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დაპატიმრება ემუქრება.
ტრადიციულად, სააკაშვილი ყველა არჩევნების წინ აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოვა. ამჯერადაც, მან რამდენიმე განცხადება გააკეთა ჩამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა რაიმე კონკრეტული ქმედებები ამ განცხადებებს ჯერჯერობით არ მოჰყოლია.
ექსპერტები ამბობენ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა მნიშვნელოვნად დაძაბავდა წინასაარჩევნო ვითარებას.
რა შედეგს უნდა ველოდოთ ამ არჩევნებზე
კონკრეტული ციფრების პროგნოზირება რთულია, თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თუკი ხელისუფლება 43 პროცენტზე ნაკლებს აიღებს, მოვლენებმა, შესაძლოა, კვლავ ქუჩაში გადაინაცვლოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით.
ასევე, ბევრი ექსპერტის აზრით, მოსალოდნელია, მეორე ტური გაიმართოს თბილისში სახელისუფლებო კანდიდატსა და ერთ-ერთი ოპოზიციურ კანდიდატს – მელიას ან გახარიას შორის.