სახალხო დამცველი: მართებულია დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებამდე, ის მართებულად მიიჩნევს, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე, ამის შესახებ ლომჯარიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
სახალხო დამცველი აღნიშნავს იმასაც, რომ მას პრეტენზია აქვს ოპოზიციასთანაც – თუ რატომ არავინ მსჯელობს მათ რიგებში, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება:
“რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო და სავალალო, უფრო ტრაგიკული, თუ არა ის, რაც დღეს ხდება. რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება.“
მისივე თქმით, ის ვერ ხედავს ვერც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ამ თემის სადისკუსიო საკითხად წამოწევას.
“ასეთი ტრაგიკული და რთული დღეები უახლოეს ისტორიაში როდის გვქონია”, – ამბობს სახალხო დამცველი.
მან ხაზი გაუსვა სათანადო რეგულაციების არარსებობასაც მაშინ, როცა კორონავირუსით დღეში 60-70 ადამიანი იღუპება. ასევე, მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსი არა მეცნიერული გათვლების საფუძველზე, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იმართება.
“არ შეიძლება მაშინ, როცა დღეში 60-70 ადამიანი იღუპება, ყველაფერი იყოს ღია.
ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ იმ ადამიანებისგან, რომლებიც საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე არიან პასუხისმგებლები, გვესმის საუბარი ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ყველა ადამიანმა უნდა ილაპარაკოს თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე. ეკონომიკაზე ილაპარაკონ პოლიტიკოსებმა, მინისტრებმა.
ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროზე, არ გვესაუბრებიან იმაზე, თუ რა არის მათი პრინციპული პოზიცია და რატომ არ ლაპარაკობენ ამაზე ხმამაღლა. მინდა, მესმოდეს მათი პრინციპული პოზიციები, რა შეიძლება, რომ დღეს გავაკეთოთ“. – თქვა ნინო ლომჯარიამ.
არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც.
ვაშაძე მიიჩნევს, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით ფართო დისკუსია უნდა დაიწყოს.
მისი თქმით, ეს საკითხი, პირველ რიგში, ხელისუფლების ხელშია.
“ახლა იმის დრო არ არის, ვინ ვისკენ გაიშვერს ხელს და ვის უნდა და ვის არ უნდა არჩევნები. ფაქტია, რომ მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. პოლიტიკაც, არჩევნებიც, ყველაფერი გვაქვს ადამიანებისთვის და თუ ჩვენ ადამიანების სიცოცხლე არ გადავარჩინეთ, წინ ვერ წავალთ”, – თქვა ვაშაძემ.
_____________________________________________
●“კლანი უნდა დასრულდეს” – იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლეები აქციის ფონზე აირჩია
●კარტოგრაფების საქმე, გიორგი რურუა და სასამართლო კლანი – საქართველო სახდეპის ანგარიშში
● აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით
_____________________________________________
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს არის დანიშნული. მმართველი გუნდი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ისევე როგორც ოპოზიცია.
თვითმმართველობის არჩევნები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხელმოწერით ახალი დოკუმენტი შექმნა.
თუმცა, ბოლო თვეებია საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად უკვე 6000-მდე ინფიცირების და 50-მდე გარდაცვალების შემთხვევაა.
18 აგვისტოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ინფიცირების ტემპი ისევ მაღალია და სტაბილიზაციის ნიშნები არცერთ რეგიონში არ არის.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბლა არ იქნება, სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.
ბოლო ერთი კვირაა, ეს მაჩვენებელი 10-12 პროცენტია, ხოლო ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა და დაიღუპა 60 ადამიანი.