ქართულ სუს-სა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ამოქმედდა
ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა [КГБ] და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება შევიდა ძალაში.
ინფორმაციის გაცვლა, ხელშეწყობა ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა: სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ტერორიზმი და კიბერტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული, იარაღის უკანონო ბრუნვა, კორუფცია, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება და სხვ. ეს ის ძირითადი პუნქტებია, რომელსაც შეთანხმება ითვალისწინებს.
როგორც reform.by წერს, შეთანხმება შემუშავებული იყო ხუთი წლის წინ და მხარეებმა მას ხელი ჯერ კიდევ 2016 წელს მოაწერეს, მაგრამ შიდა პროცედურების დამტკიცების გამო, შეთანხმების რატიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხერდა.
დოკუმენტზე ხელმოწერის დროს სუს-ს ხელმძღვანელი ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური იყო.
საგულისხმოა ისიც, რომ თანამშრომლობა ითვალისწინებს მოთხოვნების სრულად შესრულებას და პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, ერთობლივი ღონისძიებების გამართვას, გამოცდილების გაზიარებას, უსაფრთხოების საკითხებში წარმომადგენლების ან ატაშეების ერთობლივად გაგზავნას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე კონკრეტული ან განუსაზღვრელი ვადით.
______________
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი.
“მეტი უარესი რაღა უნდა მოხდეს? ახლავე:
ლუკაშენკოს კგბ ხო იცით? აი ის, ბელარუსის მოქალაქეებს რომ აწამებს და კლავს; სხვა ქვეყნების თვითმფრინავებს რომ მუქარით სვამს და იქიდან დისიდენტ ჟურნალისტებს იტაცებს; ლიეტუვას რომ ერაყელ მიგრანტებს უსევს, რათა ევროკავშირში დესტაბილიზაცია მოხდეს; აი ის, რუსეთის კგბ-ზე რომ არის მიერთებული.
ხოდა ლუკაშენკოს კგბ-სთან გააფორმა თანამშრომლობის შეთანხმება ჩვენმა სუს-მა.
თანამშრომლობა ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობას, ბევრ სხვა რაღაცას და ზოგადად, მოთხოვნების შესრულებას.
მაგალითად, ბელარუსმა დისიდენტმა ჟურნალისტმა ან აქტივისტმა რომ საქართველოს შეაფაროს თავი, ხვდებით რა მოხდება?
მაგალითად, რუსეთმა რომ ბელარუსს გამოათხოვნინოს რაიმე ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ხვდებით რა მოხდება?
ზოგადად, ხვდებით რაც მოხდება?” – წერს ბუზიაშვილი.
შეთანხმებას გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია “დროაც”. როგორც პარტიაში ამბობენ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ითანამშრომლოს ბელარუსის კგბ-სთან, საგანგაშოა.
მათივე განმარტებით, აღნიშნული შეთანხმება არა მხოლოდ ლეგიტიმაციას აძლევს ლუკაშენკოს საზარელ და არალეგიტიმურ რეჟიმს, რომელიც პასუხისმგებელია ათასობით ადამიანის სიკვდილზე, წამებასა და პოლიტპატიმრებზე, არამედ საფრთხეს უქმნის იმ ბელორუსელთა სიცოცხლეს, რომლებიც თავშესაფარს საქართველოში ეძებენ.
“უკვე სავსებით ნათელია, სად დგას საქართველოს მთავრობა. მათი ძალაუფლებაში ყოფნის ყოველი დამატებითი დღე საფრთხეს წარმოადგენს ქართველი ხალხისთვის. სწორედ ამიტომ, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, მომავლისთვის”, – აცხადებს “დროა”.
______________________________________________
● “ჩვენც ადამიანები ვართ!” – ლიეტუვა ბელარუსი მიგრანტების ნაკადს ვერ უმკლავდება
●“მეკობრეობა” ცაში და ევროპის პასუხი – ბელარუსთან ავიამიმოსვლა შეჩერდება
●ბელარუსში გამოცემა TUT.by- ს ხელმძღვანელობა და ჟურნალისტები დააკავეს
________________________________________________
რამდენიმე თვის წინ აშშ-ის ადმინისტრაციამ სანქციები დააწესა ბელარუსის 43 მოქალაქის, მათ შორის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც ”პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში დემოკრატიის ხელყოფაზე.”
ბელარუსის ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელნი, სანქციების ნუსხას დიდი ბრიტანეთიც აფართოებს.
სიაში შევიდნენ მოსამართლეები, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, თანამდებობის პირები და პროპაგანდისტები.
2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში რამდენიმე თვის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ.
პოლიციის მიერ დარბევის დროს რამდენიმე მომიტინგე დაიღუპა, ათასობით ადამიანი დააკავეს, ბევრი მათგანი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი დააპატიმრეს, ზოგი – მათ შორის სვეტლანა ტიხანოვსკაია – რომელსაც რეჟიმის ოპონენტები არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევენ, იძულებულნი გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ.
ხოლო ბლოგერი და ფოტოგრაფი, ოპოზიციური ტელეგრამ-არხების დამფუძნებელი რომან პროტასევიჩი ბელარუსში მას შემდეგ დააკავეს, რაც თვითმფრინავი, რომლითაც პროტასევიჩი საბერძნეთიდან ლიტვის დედაქალაქში მიემგზავრებოდა, მინსკის აეროპორტში ავარიულად დასვეს.
მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ევროკავშირი ბელარუსის ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკოს ახალი სანქციებით დაემუქრა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დაწყების წლისთავზე.
“დასავლეთი არალეგიტიმურ ლიდერად მიიჩნევს ლუკაშენკას და სანქციების რამდენიმე რაუნდი დაუწესა მის რეჟიმს. ბელარუსის ლიდერისგან მოითხოვენ, შეწყვიტოს საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ სისასტიკე, დაელაპარაკოს ოპოზიციას და უზრუნველყოს ახალი დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარება”, – წერია მათ განცხადებაში.