TV პირველის ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისს სასტიკად სცემეს, გარდაიცვალა
ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს სასტიკად სცემეს, სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი კოლეგების ინფორმაციით, ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი დილით ნახა. ოჯახის წევრების თქმით, ლაშქარავას ცხვირიდან სისხლი სდიოდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მას ექსპერტიზა უტარდება.
ლექსო ლაშქარავას მოძალადე ჯგუფები განსაკუთრებული სისასტიკით 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში გაუსწორდნენ. მას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.
ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ, რომელიც ამ დღეს ლექსო ლაშქარავასთან ერთად მუშაობდა, 6 ივლისს თქვა:
“სირცხვილიას ოფისში როცა პირველად შემოიჭრნენ, პირველი წიხლი მომხვდა მერე. შემდეგ თმაზე მომქაჩა სასულიერო პირმა. მითხრა, ახლა მაინც ძლივს გაგაჩუმებო. ამ დროს ჩემმა ოპერატორმა, ლექსომ უთხრა ასეთი ფრაზა: რას აკეთებ, ჟურნალისტია. ამ დროს ის გადაათრია ასე 20-მა კაცმა. ჩვენ ვიყავით ჩაკეტილები და ვიყავით მარტო მე და ჩემი ოპერატორი. მე და ჩემი ოპერატორი ვიყავით ძალიან დაუცველები, დაუცველი იყო საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი, რომელზეც ვზრუნავდით მე და ჩემი ოპერატორი. მას სისხლის გუბეში 5 წუთის განმავლობაში 20-მდე ადამიანი ისე უმოწყალოდ ურტყამდა. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე გაკავებული. ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ. ერთადერთი ნათელი სხივი იყო, რომ მესმოდა მისი ხმა და როცა ხმა ვერ გავიგე, ვიფიქრე, მოკლეს-მეთქი. მე ტელეფონი გადამიდგეს. 20-მდე ადამიანმა კი ლექსო ჩაითრია და არ ჩანდა”.
ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ტელეკომპანია “ტვ1”-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნება შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“, – წერია განცხადებაში.
_____________________________________________________
- ნადირობა მედიაზე. პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე ოცზე მეტი რეპორტიორი მძიმედ დაშავდა
- ჰომოფობების ცეკვა პარლამენტთან. ფოტორეპორტაჟი
- პრემიერის განცხადების შემდეგ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს
__________________________________________________
5 ივლისს, თბილისში, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, იქ სადაც ქვიარ თემსა და მათ მხარდამჭერებს, „Tbilisi Pride”-ის კულმინაცია, „ღირსების მარში“ უნდა გაემართათ, რამდენიმე საათის განმავლობაში ქვებითა და ხელკეტებით შეიარაღებული, აგრესიული ჯგუფების წარმომადგენლები ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს უსწორდებოდნენ.
ისინი მიდიოდნენ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, ძვრებოდნენ აივნებზე, არბევდნენ ოფისებს, წვავდნენ ორგანიზაციების დროშებსა და ბანერებს. დაშალეს და დააზიანეს პარლამენტის წინ პოლიტიკური პროტესტის ნიშნად გაშლილი კარვები.
მას შემდეგ, რაც ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, ქუჩა-ქუჩა და სადარბაზოებში სდიეს ჟურნალისტებს, დაარბიეს და გაანადგურეს აქტივისტებისა და ქვიარ თემის ოფისები და ინვენტარი, დაამტვრიეს გადამღები ჯგუფების ტექნიკა, პარლამენტის წინ მუსიკა ჩართეს და იცეკვეს.
5 ივლისს მომხდარს ჟურნალისტები და ექსპერტები აფასებენ როგორც „საპატრიარქოს მიერ ინიცირებული და მთავრობის მიერ წაქეზებულ ძალადობრივი აქციას“ და ბრძოლას “სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ“.
ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორია. სულ დაშავებულია 55 ადამიანი და აქედან 53 მედიის წარმომადგენელია.