აზერბაიჯანში მცხოვრები ლესბოსელები ცდილობენ, გადარჩნენ
ნიგიარი
ჩ ემთან შესახვედრად ნიგიარს არც დრო დაენანა და არც ძალისხმევა. ბაქოსათვის უჩვეულოდ თოვლიან დღეს სავაჭრო ცენტრის ხალხმრავალ კაფეში შევხვდით ერთმანეთს. ნიგიარი დაბალი და ჩაფსკვნილი გოგონაა, რომელიც მოზარდისათვის დამახასიათებელი მკვეთრი მოძრაობებით გამოირჩევა. თუმცა, მოვლილი თმები და დახვეწილი მაკიაჟი ცხადყოფს, რომ ჩემ წინაშეა გოგონა, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარ გარეგნობას. იგი შეცბუნებულია და საუბრის დროს ვიზუალურ კონტაქტს გაურბის. შეკითხვებზე ლაკონიურად და თავდაჭერილად პასუხობს, მაგრამ, ამავდროულად, თავისი ნამდვილი სახელის, საცხოვრებელი ადგილისა და სასწავლებლის გამჟღავნებაზე უარს არ ამბობს — «არაა პრობლემა!». მისი „ფეისბუკ პროფაილი“ ღიაა და საკუთარ გვერდზე ნიგიარს თავისი ნამდვილი სახელი და გვარი აქვს მითითებული.
ამ გოგონას ვუცქერდი და უცებ გამახსენდა სიუჟეტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ადგილობრივ ტელეარხზე ვნახე. ჟურნალისტები ლესბოსელ გოგონას ესტუმრნენ სახლში და მასთან ინტერვიუს წერდნენ. დამავიწყდა, რა შეკითხვები დასვეს და რას პასუხობდა გოგონა მაგრამ მახსოვრობას შემორჩა ერთგვარი „ხატება“ – მახსენდება გოგონა, რომელიც ტლანქი მოძრაობებით ცდილობდა თმის „ფარდის“ მიღმა დამალულიყო. მისი მზერა ქვემოდან ზევით იყო მიმართული და შეკითხვებს მოკლედ და კუშტად პასუხობდა.
ჩემი თანამოსაუბრე აბსოლუტური გულახდილობით გამოირჩევა. მისი სიტყვაძვირობა სიფრთხილით როდია გამოწვეული. უბრალოდ, ზოგიერთ საკითხს ის მარტივად უდგება.
ნიგიარი 19 წლისაა. იგი უნივერსიტეტ „ოდლარ იურდუში“ სწავლობს. მეორე კურსის სტუდენტია. ნიგიარი თარჯიმნის პროფესიას ეუფლება. მისი ორიენტაციის შესახებ მისმა ახლობლებმა – ბიძაშვილებმა და რამდენიმე ჯგუფელმა – იციან. «ყველამ ნორმალურად აღიქვა», — დაბეჯითებით აცხადებს გოგონა ჯერ კიდევ 8 წლის იყო, როდესაც მიხვდა, რომ გოგონები მოსწონს «როდესაც ფილმებში კოცნის სცენებს ვუყურებდი, შევამჩნიე, რომ გოგონები უფრო მომწონს». 12 წლის იყო, როდესაც პირველი გერლფრენდი გაიჩინა: «ერთმანეთი „ჩატში“ გავიცანით. 18 წლის იყო. ხშირად ვსაუბრობდით ტელეფონით. მეშვიდე კლასში მაისის თვე მთლიანად გავაცდინე, იმიტომ რომ მას ვხვდებოდი. მთელ დღეებს მასთან ვატარებდი. ვერ ვიტყვი რომ სიყვარულით ვიყავით განმსჭვალულნი. ალბათ, უბრალოდ ერთმანეთი გვიზიდავდა. დედას ეჭვი გაუჩნდა და სკანდალი მოაწყო. შედეგად მთელმა სკოლამ გაიგო. რა თქმა უნდა, ჩემი ორიენტაცია ყველასთვის მიუღებელი აღმოჩნდა და საბოლოოდ ყველა მეგობარი დავკარგე».
სწორედ მაშინ სცადა პირველად, ერთგვარი „ქამინგ აუთი“ გაეკეთებინა – შეეცადა დედასთვის ეთქვა, რომ მას გოგონები უფრო მოსწონს.
«როგორც ჩანს, ზუსტად ვერ მიხვდა, რას ვგულისხმობდი, – ამბობს გოგონა, – მოგვიანებით ეს საუბარი დავიწყებას მიეცა».
ნიგიარს თავისი ბუნების არ შეშინებია:
«12 წლის ვიყავი, როდესაც ინტერნეტში ჰომოსექსუალური ურთიერთობების შესახებ არსებული მასალების კითხვა დავიწყე. არც ცუდად მიგრძვნია თავი და არც უცნაურად».
და არც „უმცირესობად“ მიიჩნევს თავს:
«ჩემი აზრით, საკუთარი „არასტანდარტულობის“ გაგება მეტწილად ოჯახიდან მოდის. ჩემი ოჯახის წევრები ზეწოლას არ ახდენენ ჩემზე. არ იციან და იმიტომ». ნიგიარის თქმით, ეს გარემოება მას ხელს უშლის: «მინდა, არ ვიმალებოდე. დიახ, გადავწყვიტე, ინსტიტუტის დასრულების შემდეგ საზღვარგარეთ წავიდე. მაგრამ უფრო მშვიდად ვიქნებოდი იმ შემთხვევაში, თუკი დედას ეცოდინებოდა, რომ ლესბოსელი ვარ».
ნიგიარის თქმით, დედამისი აგრესიულად რეაგირებს ყველაფერზე, რაც ჰომოსექსუალობას ეხება:
«როდესაც ტელევიზორში აცხადებენ, რომ ვიღაც ჰომოსექსუალს სცემეს ან სიცოცხლე მოუსწრაფეს, დიდი ენთუზიაზმით ამბობს, რომ თავადაც ასე მოიქცეოდა. ვფიქრობ, თუკი გაიგებს, რომ არატრადიციული ორიენტია მაქვს, უარს იტყვის ჩემზე».
შესაძლოა, დედამ იცის კიდეც, რომ მისი ქალიშვილი „მთლად ნორმალური არ არის.
«ყურადღებით მაკვირდება. მაკონტროლებს. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გოგონებთან არ მქონდეს ურთიერთობა და, ამავდროულად, ბიჭებთან ურთიერთობას არ მიკრძალავს».
ნიგიარი მართლაც ცდილობდა, ბიჭებთან ჰქონოდა ურთიერთობა:
«ამასწინათ ჩვენი მეზობელი, რომელიც ინგლისში ცხოვრობდა, თავისი ძმის ნიშნობაზე ჩამოვიდა. მიმოწერა დავიწყეთ და დაახლოებით ერთი თვის მანძილზე ვხვდებოდით ერთმანეთს. თუმცა, არაფერი გამოგვივიდა. პაემანზე მივდიოდი და მაინც გამვლელ გოგონებს ვათვალიერებდი. ვერ მიხვდა, რა ხდებოდა».
«სად ეცნობი გოგონებს?», — ვეკითხები ნიგიარს. «მეტწილად ინტერნეტში,— უდარდელად მპასუხობს გოგონა. — მაგრამ ურთიერთობები ყოველთვის სერიოზულ სახეს არ იღებს. ზოგჯერ ყველაფერი უბრალო კოცნით სრულდება ხოლმე. ამჟამად მარტოხელა ვარ. ჩემი ბოლო და ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა შვიდი თვის მანძილზე გრძელდებოდა და ორი წლის წინ დასრულდა. დღემდე მიყვარს ის გოგო. მაგრამ მას ჩემთან შერიგება არ სურს».
დღეს მას ძირითადად მასზე უფროს (25-26 წლის) ახალგაზრდებთან აქვს ურთიერთობა. მათ შორის ბევრი ბისექსუალია. მაგრამ მთლიანობაში „ფეისბუკური“ საზოგადოება მაინცდამაინც არ მოსწონს. «იმ ჯგუფებში გაერთიანებული გოგონები ხელთათმანებივით იცვლიან პარტნიორებს და პრეპარატებს იღებენ. მე კი ზიზღს მგვრის ეს ყველაფერი».
ზოგადად, ნიგიარი ძალიან ჩვეული გოგონაა. უმაღლეს სასწავლებელში დადის, მეგობრებთან ერთად სეირნობს და კინოში დადის ხოლმე.
ნარმინა
ნ იგიარისგან განსხვავებით, ნარმინეს დისკრიმინაციისა და საზოგადოების მხრიდან უსამართლო დამოკიდებულების გადატანა მოუწია. «კოლეჯში „ახალგაზრდა სტუდენტების ორგანიზაციის“ წევრი ვიყავი. ჩემი ერთი ნაცნობიც ამავე გაერთიანების წევრი იყო. გავრცელდა ჭორები თითქოს იმ გოგოს ჩემთან ჰქონდა ურთიერთობა. გოგონას სურდა ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ეყარა კენჭი, მაგრამ ჭორები მასწავლებლების ყურამდეც მივიდა. მას თავმჯდომარეობის უფლება არ მისცეს და საკუთარი გადაწყვეტილება ასეთი განმარტეს: «არ დავუშვებთ, რომ თავმჯდომარის ადგილი ვიღაც ლესბოსელმა დაიკავოსო». თუმცა, ის გოგო ნამდვილად არაა ლესბოსელი.
ორგანიზაციიდან ჩემით წამოვედი. არ დაველოდე იმ მომენტს, როდესაც თავად გამაგდებდნენ. ვცდილობდი განმემარტა, რომ ჩემი ნაცნობი სულაც არ იყო ლესბოსელი, მაგრამ ჩემი ნათქვამის გაგონებაც კი არ სურდათ.
«კოლეჯში ჩემი ორიენტაციის შესახებ შეიტყვეს. აღარავის ვეკონტაქტებოდი, ყველა ზურგსუკან ჭორაობდა ჩემზე და პირში დამცინოდა.
ამის შემდეგ კოლეჯში ბიჭებმა შეყვარებულებს ჩემთან კონტაქტი აუკრძალეს. ამჟამად ვმუშაობ და თუკი თანამშრომლები გაიგებენ, რომ ლესბოსელი ვარ, გამაგდებენ. ჩემი კოლეგების 90 პროცენტი ჰომოფობია».
თანამშრომლის გათავისუფლებისას შრომის წიგნაკში იშვიათად წერენ რეალურ მიზეზებს. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ერთგვარ „ლეგენდას“ იგონებენ ხოლმე. კანონის მიხედვით ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება, მაგრამ ნარმინას დამატებით პრობლემებთან შეჭიდება არ სურს. «თუკი სამსახურში გაიგებენ, ჩემით წავალ. ბრძოლას არ დავიწყებ».
დირექტორი პერიოდულად იბარებს ხოლმე კაბინეტში, ეკითხება, ჰყავს თუ არა ნაცნობი ჰომოსექსუალები. «დირექტორი ფეისბუკის „ფრენდლისტში“ მყავს და ხედავს, რომ სოციალურ ქსელებში LGBT საზოგადოების მხარდამჭერ პოსტებსა და კომენტარებს ვაქვეყნებ. პირდაპირ ლესბოსელობაში არ მდებს ბრალს – როგორც ჩანს, ჰგონია, რომ უბრალოდ ჰუმანისტი ვარ. თავის კაბინეტში შევყავარ და საათობით მელაპარაკება. უნდა, რომ სახიფათო აზრებისგან დამიცვას».
არც ნარმინეს ოჯახში იციან, რომ ის ლესბოსელია:
«ჩემი მშობლები რელიგიურები არიან და არასდროს შეეგუებიან იმას, რომ ლესბოსელი ვარ. ერთხელ დედაჩემმა ასეთი ფრაზა წარმოთქვა:« სიკვდილი სჯობს იმის გაგებას, რომ შენი რომელიმე შვილი გეია». ამიტომ ჩუმად ვარ და მომავალზე არ ვფიქრობ. მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობ».
ნარმინას ძალიან უყვარს დედამისი :
«ბევრჯერ მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ მისი საყვარელი გოგონა სულაც არ არის ისეთი, როგორიც მას ჰგონია. მაგრამ მგონია, რომ ამ სიტყვების შემდეგ უბრალოდ უნდა მოვკვდე. ამიტომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ძალიან ახლოს ვიყავი თვითმკვლელობასთან». ფინანსურად ოჯახზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ დედის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გრძნობს და ამიტომ აზერბაიჯანის დატოვება და უფრო „ტოლერანტულ“ ქვეყანაში წასვლა არ შეუძლია.
ერთხელ ერთმა ნაცნობმა ურჩია, ერთ ფსიქოლოგთან მისულიყო, რომელსაც, რეკომენდატორის თქმით, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და არაერთი ცნობილი ადამიანისთვის გაუწევია ფსიქოლოგიური დახმარება. კონსულტაციის პროცესში „ფსიქოლოგმა“ მეძიებლობა გამოიჩინა.
«მარწმუნებდა, რომ მამაკაცების მიმართ ინტერესს გამიღვივებდა. მეუბნებოდა, რომ“რეაბილიტაციის პროცესში“ ჩემს ქალწულობასაც კი არ დაარღვევდა. კიდევ კარგი, არ შევხვდი. მხოლოდ მიმოწერა გვქონდა. ჰონორარის მიღებას „ნატურით“ აპირებდა».
დინარა
დ ინარა აშკარა „დაიკია“. ასე უწოდებს ის თავის თავს. ადგილობრივ სლენგზე დაიკი ეწოდება ლესბოსელს, რომელსაც მამაკაცის პოზიცია და მამაკაცური ქცევები აქვს. მას მოკლედ შეჭრილი თმა აქვს და მეტწილად სპორტულ ტანსაცმელს ატარებს. მოკლედ, იგი იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც ორიენტაცია „სახეზე აწერია“.
დინარას მამამ იცის, რომ მისი ქალიშვილი ლესბოსელია და გოგონას მხარს უჭერს, რაც საკმაოდ უჩვეულოა აზერბაიჯანელი მამაკაცის მხრიდან. «დედა კი პირიქით, ძალიან აგრესიულია. შეურაცხყოფას მაყენებს ხოლმე. ამბობს, რომ გოგონებს უბედურებას მოვუტან».
დედამ აიძულა, „გერლფრენდს“ დაშორებოდა. « ერთხელ ჩემს შეყვარებულს ველაპარაკებოდი და დედამ შემომისწრო. ტელეფონი წამართვა, გამლანძღა და მცემა. შემდეგ კი ის გოგო სტუმრად დაპატიჟა და გაესაუბრა. შედეგად ჩემი „გერლფრენდი“ გულგრილი გახდა. ერთ მშვენიერ დღეს მისგან მოსაწვევი მივიღე. ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა თავის ქორწილში დამპატიჟა».
«დიახ, მიუხედავად იმისა, რომ „დაიკი“ ვარ და „განსაკუთრებულად“ ვითვლები, მუსლიმი ვარ და ორუჯს ვიცავ. ხშირად მეუბნებიან, რისთვის იცავ მარხვას, მაინც არ ჩაგეთვლება, იმიტომ რომ შენ მიერ არჩეული გზა უფლისთვის მოსაწონი არ არისო. შეიძლება ცოდვას ჩავდივარ, მაგრამ ვცდილობ, მარხვა დავიცვა და კეთილი საქმეები ვაკეთო, რათა ალაჰმა ცოდვები მომიტევოს. მცირე ხნის წინ ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ შაითანი („დემონი“) ვარ. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მეწყინა».
გარკვეული მიზეზების გამო (შესაძლოა, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ 17 წლისაა) დინარა მიიჩნევს, რომ LGBT საზოგადოებას ძალიან აზარალებს „გადაჭარბებული ვნება“. მისი აზრით, ლესბოსელებს ასეთი ტემპერამენტი რომ არ ჰქონდეთ და საკუთარ გრძნობების საჯარო გამოხატვა რომ არ უყვარდეთ, საზოგადოებაში უფრო მეტი წმინდა სიყვარული იქნებოდა და საზოგადოებას უკეთესი დამოკიდებულება ექნებოდა მათ მიმართ.
ამჟამად მას გერლფრენდი ჰყავს და უკვე ოთხი წელია, რაც მათი ურთიერთობა გრძელდება. «ერთმანეთის ნახვისა და ურთიერთობის საშუალებას არ გვაძლევენ. ხელს გვიშლიან. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ველოდები დროს, როდესაც 18 წელი შეგვისრულდება. ჯერჯერობით მხოლოდ თექვსმეტი წლისაა და მის გამო გაჩუმება მიწევს»