სოციალური მუშაკები ნინოწმინდის პანსიონიდან 16 მოზარდს გაიყვანენ
ნინოწმინდის პანსიონის შემოწმებისას ექვსმა არასრულწლოვანმა დაწესებულების დატოვების სურვილი გამოთქვა, იდენტიფიცირებულია კიდევ ათი ბავშვი, რომელთა გამოყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა – ამის შესახებ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტომ განაცხადა.
“ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან. გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში ჩაერთვნენ სააგენტოს ფსიქოლოგებიც”, – წერია სააგენტოს განცხადებაში.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მერი მაღლაფერიძის განცხადებით, პანსიონიდან გაყვანილ 6 ბავშვს შორისაა ისიც, ვინც ტელეკომპანია “იმედთან” საუბარში განაცხადა, რომ მასზე 3 დღის წინ აღმზრდელმა ფიზიკურად იძალადა.
“ასეთი ტიპის განცხადებები მნიშვნელოვანია, ბავშვები გამოვიყვანეთ, არ მინდა ამ ბავშვების იდენტიფიცირება მოხდეს. რა თქმა უნდა, დაიწყო გამოძიება ამ ფაქტზეც. გუშინ გამოვიყვანეთ ისინი. მათთან სპეციალისტები ამ წუთებშიც მუშაობენ”, – თქვა მაღლაკელიძემ
მისივე განმარტებით, სააგენტომ პანსიონიდან ძალადობის შესახებ ბოლო ცნობა 10 დღის წინ მიიღო. აღსაზრდელმა მათ უთხრა, რომ 3 წლის წინ აღმზრდელმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა:
“ბავშვმა დაასახელა, რომ მისი პანსიონატში ცხოვრების დროს ერთ-ერთი აღმზრდელი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ეს ბავშვი მანამდე იყო გადმოყვანიული. ახლა, არ ვიცი ეს აღმზრდელი სად არის, შეიძლებას იყოს პანსიონში, შეიძლება არა. ეს დაფიქსირდა შსს-შიც.”
სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ გამოყვანილი ბავშვების ასაკია 10-დან 16 წლამდე, პანსიონიდან გაყვანის ოფიციალურ მიზეზად ისინი ქალაქთან ახლოს გადასვლის სურვილს ასახელებენ.
განცხადება გაავრცელა სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონაც, ვინც რამდენიმე თვეა ომბუდსმენს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებს.
ეპისკოპოსი ამბობს, რომ არ ენდობა მედიას, რადგან ისინი მღვდელმთავრებს პროვოკაციებს უწყობენ და საკითხებს ტენდენციურად აშუქებენ.
„არასასურველი ცილისმწამებლური კამპანია აგორდა ამ ბავშვთა სახლის წინააღმდეგ, ამ ბავშვების წინააღმდეგ. ფაქტობრივად ამის ნამდვილი მიზანი არის ეკლესიის დისკრედიტაცია. უნდათ, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ გარკვეულ არაჯანსაღ ძალებს. ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეულმა არხებმა ძალიან ტენდენციურად დაიწყეს ამის გაშუქება და პირდაპირ საშინელ ცილისწამებაზე გადმოვიდნენ და ამიტომ ჩვენში აბსოლუტურად დაკარგეს ყოველგვარი ნდობა. როგორ შეიძლება მე ვენდო ისეთ ტელევიზიებს, რომლების ამხელა სიწმინდეს აუგად იხსენიებს და რომელიც მღვდელმთავრებს პროვოკაციებს უწყობს. მე პირადად ვერ ვენდობი”, – ამბობს ეპისკოპოსი.
_______________________________
● სახელმწიფოს იქ არ უშვებენ. რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა სახლში
● სახალხო დამცველი: ნინოწმინდის პანსიონზე გამოძიება გაუპატიურების მუხლითაც მიმდინარეობს
● “გააღე პანსიონის კარი!” – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქტივისტებმა აქცია გამართეს
_________________________________
პანსიონის მოსწავლეების ფსიქოლოგიური და ფიზიკური შეურაცხყოფის შესაძლო ფაქტების შესახებ ინფორმაცია მედიაში აქტიურად განიხილება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნებისმიერი დახურული დაწესებულების მონიტორინგზე, სხვა სამთავრობო დეპარტამენტებთან ერთად, პანსიონში არ დაიშვებიან.
მიზეზი მაღალი რანგის სასულიერო პირის – სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის ბრძანება იყო, რომელიც იმავდროულად ამავე პანსიონის რექტორია.
თვით მეუფემ, რომელმაც ვიდეომიმართვა ჩაწერა, თავისი უარი შემდეგნაირად განმარტა:
”ეს ის ხალხია, ვინც ოფიციალურად ითხოვს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ასეთი ადამიანები არ უნდა შეუშვან ბავშვთა სახლში, ან საერთოდ არც ერთ ოჯახში.”
ამ კვირაში სახალხო დამცველმა ნინო ლომაჯარიამ პროკურატურისგან შეიტყო, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ოთხი გამოძიება ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელების მიმართ ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე, მათ შორის – სექსუალური ძალადობის შესახებ.
ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორიგი შემოწმება დაიწყო. ამჯერად, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-1 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვანების მიმართ ძალადობას გულისხმობს.
ფაქტობრივად არ დარჩენილა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ნინოწმინდის პანსიონის ამბებს არ გამოეხმაურა. ამავე დროს, იმართება საპროტესტო აქციები მთავრობის კანცელარიასთან და პროკურატურასთან. გუშინ ერთ-ერთ ასეთ აქციაზე პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა.
სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას სთხოვს სასწრაფოდ მიიღონ ზომები და უზრუნველყონ პანსიონში სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის შესვლა. ხოლო ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” პირდაპირ მოუწოდა ხელისუფლებას, სასწრაფოდ მიიღონ ადეკვატური ზომები.