პროექტი „საქართველოს მომავალი“: უნდა გადაიხედოს კონფლიქტისადმი რადიკალური დამოკიდებულება
საქართველოში, საზოგადოებაში არსებულმა განხეთქილებამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტებთან დაკავშირებით, დააზიანა უფრო ფართო სამშვიდობო პერსპექტივები და დაჩრდილა პრობლემები, რომლებსაც საზოგადოება აწყდება ამ ტერიტორიებზე.
ეს სტატია – არის რიგით მესამე, სერიიდან „საქართველოს მომავალი“, რომელიც ხუთი პუბლიკაციისგან შედგება. პროექტს ახორციელებს Carnegie Europe და ლევან მიქელაძის ფონდი და ეძღვნება ქართულ საზოგადოებაში არსებული სადავო საკითხების ანალიზს.
ამ პუბლიკაციის ორიგინალი Carnegie Europe-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული
პირველი პუბლიკაციის სახელწოდება იყო „დაუსრულებელი მცდელობა: საქართველო ევროპაში საკუთარი ალაგის ძიებაში“ და მისი წაკითხვა შესაძლებელია აქ.
მეორე პუბლიკაცია, სახელწოდებით „ბრძოლა და მსხვერპლშეწირვა: საქართველოს უახლესი ისტორიის ნარატივები“ აქ შეგიძლია ნახოთ.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო გაჭიანურებულმა კონფლიქტებმა, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისში წარმოიშვა, თითქმის სამი ათწლეული მოახდინა ამ ორი საზოგადოების იზოლირება უშუალოდ საქართველოსგან. ორივე რეგიონი უკვე ოცდაათი წელია თბილისის კონტროლის გარეთაა და იმართება დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ, რომლებიც რუსეთის ძლიერი გავლენის ქვეშ არიან.
- ვინ და რატომ ებრძვის არასამთავრობო ორგანიზაციებს აფხაზეთში
- თბილისი: “მზად ვართ არაფორმალური დიალოგისთვის”. სოხუმი: “დიალოგი არ შედგება”
ყოველდღიური ურთიერთქმედების არარსებობამ, ადამიანებს შორის ურთიერთობის შესაძლებლობის შეზღუდვამ და პოლიტიკური დიალოგის თითქმის სრულმა არარსებობამ განაპირობა ის ფაქტი, რომ ქართველები, აფხაზები და სამხრეთოსები დაიშალნენ.
შესაბამისად, 1990-იან წლებამდე მშვიდობიანი თანაცხოვრების ხსოვნა თანდათანობით გაქრა, იმ დროს, როდესაც ოპოზიციური და კონფლიქტის არსთან დაკავშირებული რადიკალური ნარატივები ცეცხლზე ნავთს ასხამს საჯარო დისკურსს სამივე საზოგადოებაში.
უკიდურესად აუცილებელია იმ რადიკალური ნარატივების კრიტიკული ანალიზი, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ დისკურსში დომინირებს. როგორც სარა კობი განმარტავს, რადიკალური ნარატივები ამარტივებს რთულ კონფლიქტებს, ამტკიცებს გარკვეულ ხედვებს საზოგადოებრივ დისკურსში და გმობს ნებისმიერს, რომელიც სადავოს ხდის მათ ან განსხვავებულად საუბრობს პრობლემებზე.
პირიქით, ამ საკითხის განხილვა ქართველებს უნდა დაეხმაროს გააცნობიერონ კონფლიქტის სირთულე და განსაზღვროს განსხვავებული მიდგომები იმ წინააღმდეგობების დასაძლევად, რომლებიც მშვიდობის დამყარების გზაზე აფხაზებსა და სამხრეთ ოსებთან არსებობს. ეს არ ამცირებს რუსეთის როლსა და პასუხისმგებლობას ამ რეგიონებში კონფლიქტის ინიცირებასა და მხარდაჭერაში. საქართველოს უფრო აქტიურმა მიდგომამ ასევე უნდა შეამსუბუქოს რუსეთის მზარდი გავლენა ქვეყანასა და მის სეპარატისტულ რეგიონებში.
ქართული ხედვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტებზე
1990 წელს, სამხრეთ ოსეთში და 1992 წელს აფხაზეთში დაწყებული კონფლიქტების მიზეზები განსხვავებულია. რუსეთის გავლენები, ქაოსი, რომელიც საბჭოთა კავშირის ეტაპობრივმა რღვევამ გამოიწვია, პოლიტიკური ლიდერების ეთნონაციონალური მისწრაფებები ქართულ, აფხაზურ და სამხრეთ ოსურ საზოგადოებებში – ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო აფეთქებას.
ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ თავისი წვლილი შეიტანა აფხაზებისა და სამხრეთ ოსების გაუცხოებაში ახალი ქართული ეროვნული პროექტებიდან თავისი კონფრონტაციული რიტორიკითა და უმცირესობების მიმართ დისკურსით. მის პოლიტიკას აღწერენ, როგორც ნაციონალიზმის, პოპულიზმის, რელიგიურობისა და კონსერვატიზმის ნარევს. მაგრამ დღეს, ქართული საზოგადოება არ უკავშირებს მის სახელს ომის დაწყებას. 2020 წელს, Carnegie Europe-ისა და ლევან მიქელაძის ფონდისთვის (Carnegie/LMF) კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მხოლოდ რესპონდენტთა 20-მა პროცენტმა მიიჩნია ის კონფლიქტზე პასუხისმგებლად (იხ. სურათი 1).
ანალოგიურად განსჯიან გამსახურდიას მემკვიდრესაც. აფხაზეთში კონფლიქტის შეიარაღებული ფაზა 1992 წლის აგვისტოში დაიწყო, გამსახურდიას გადაგდებიდან 8 თვის შემდეგ, როდესაც ედუარდ შევარდნაძე უკვე საქართველოს ფაქტობრივი ლიდერი იყო. თუმცა, კითხვაზე, რა იყო შევარდნაძის პრეზიდენტობის მთავარი ჩავარდნა, რესპონდენტთა 21-მა პროცენტმა უპასუხა, რომ ეს იყო ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსი, როდესაც 11-მა პროცენტმა აღნიშნა მისი უუნარობა ომების თავიდან არიდებაში.
კონფლიქტი სამხრეთ ოსეთის გარშემო ცოტა ხნით განახლდა ქართულ-რუსული „ხუთდღიანი ომის“ დროს 2008 წელს, რომელსაც მოსკოვის მხრიდან ორივე სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება მოჰყვა. ამან ახლიდან მოახდინა საქართველოში ნარატივების რადიკალიზაცია. მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობდა რუსეთის დესტრუქციულ როლს კონფლიქტების გაჭიანურებაში. ამავდროულად, ბევრი ქართველი აკრიტიკებდა მის ხელისუფლებას ომის თავიდან ვერაცილებაში. დღეს, CRRC-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის რესპონდენტთა 25 პროცენტი მიიჩნევს ამას სააკაშვილის ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარუმატებლობად (იხ. სურათი 2).
2008 წლის ომმა, საფუძვლიანად შეცვალა დამოკიდებულებები ქართველებს, აფხაზებსა და სამხრეთ ოსებს შორის. ამან ასევე გაამარტივა ნარატივები 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტების ძირეული მიზეზების შესახებ.
კონფლიქტების ფორმატი კვლავინდებურად სრულიად განსხვავებული იყო თითოეული მხარისთვის. სოხუმი და ცხინვალი საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის ყოფნას წარმოადგენენ, როგორც უსაფრთხოების გარანტიას, იმ დროს, როდესაც თბილისი ხაზს უსვამს, რომ ორივე რეგიონი ზარალდება რუსული საოკუპაციო ძალების უკანონო განთავსებით, რომელიც იქ ეფექტიან პოლიტიკურ კონფლიქტს ახორციელებს. საქართველოში არსებული კიდევ ერთი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ მოსკოვი ამ ორ ტერიტორიასა და ორ სხვა ადგილზე მიისწრაფვის კონფლიქტების გამოყენებისკენ, რათა აღადგინოს კონტროლი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებზე. ამ იდეამ მხარდაჭერა მიიღო 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსირება მოახდინა და კონფლიქტი გააღვივა აღმოსავლეთ უკრაინაში. მთიან ყარაბაღში ცოტა ხნის წინანდელმა ომმაც გამოიწვია შიში, რომ 2020 წლის ნოემბერში, იქ რუსული სამშვიდობო მისიის განთავსების რეალური მიზანი, მთელ რეგიონში მოსკოვის სამხედრო პოზიციების განმტკიცება იყო.
რადიკალურმა ნარატივებმა კონფლიქტების ძირეულ მიზეზებსა და რუსეთთან ომზე, გააძლიერა მარტივი ნარატივები აფხაზებისა და სამხრეთ ოსების მოქმედების თავისუფლების არარსებობის შესახებ, რომლებიც უარყოფენ დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობას. ამასთან, მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტი, რომ გამოყოფილი რეგიონები სულ უფრო და უფრო მეტად შორდებიან არა მხოლოდ ძირითადი საქართველოს, არამედ ერთმანეთსაც.
2008 წლიდან, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები წარმატებით იმეორებენ რუსულ რეპრესიულ კანონმდებლობას. ისინი არასოდეს მალავდნენ საკუთარ ამბიციებს რუსეთში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, იქნება ეს მასთან პირდაპირი მიერთება თუ რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიასთან შეერთება. ამას აჩვენებს ის ფაქტიც, რომ შეთანხმება, რომელსაც მათ ხელი მოაწერეს ოფიციალურ მოსკოვთან 2015 წლის მარტში, იწოდება „შეთანხმება მოკავშირეობასა და ინტეგრაციაზე“.
ამის საპირისპიროდ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებები უფრო მეტი ავტონომიისკენ მიისწრაფვიან და აგრძელებენ წინააღმდეგობას კრემლის მოთხოვნისადმი, შეცვალოს საკუთარი კანონმდებლობა მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით, რათა რუსეთის მოქალაქეებს იქ საკუთრების ფლობის უფლება მიეცეთ. ხელშეკრულება, რომელსაც მათ ხელი მოაწერეს რუსეთთან 2014 წლის სექტემბერში, აღინიშნა, როგორც „ალიანსი და სტრატეგიული პარტნიორობა“ და არა ინტეგრაცია. თუმცა, მათმა 2020 წლის ნოემბრის შეთანხმებამ „ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის“ შექმნის შესახებ, გააძლიერა ქართული საზოგადოების სკეპტიკური დამოკიდებულება აფხაზეთის უნარისა და მზაობის მიმართ, მოითხოვოს რუსეთისგან რეალური ავტონომია.
საქართველოში უსაფრთხოების არარსებობა აგრეთვე ღრმავდება „ბორდერიზაციის“ გაგრძელებადი პროცესით – დე ფაქტო ხელისუფლებები აღმართავენ მავთულხლართების ღობეებს და აკავებენ ადამიანებს ადმინისტრაციულ საზღვრებთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და საქართველოს შორის. „ბორდერიზაცია“ ქართულ საზოგადოებრივ დისკურსს რუსეთის ოკუპაციისაკენ მიმართავს.
ქართულ დისკურსში აფხაზები და სამხრეთ ოსები ერთდროულად დემონიზდებიან, როგორც „უმადურები“ ან მარიონეტები და რომანტიზდებიან, როგორც „ძმები და დები“. მაგალითად, 2014 წელს, უკრაინის პარლამენტის დადგენილების პროექტში, რომელსაც მხარს უჭერდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, აფხაზი და ოსი დე ფაქტო ლიდერები მოხსენიებული იყვნენ „მარიონეტულ ლიდერებად“, რომლებსაც რუსეთი თავისი აგრესიის ლეგიტიმაციისთვის იყენებს. 2019 წელს, პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა: „მნიშვნელოვანია, რომ დადგენილებების სულისკვეთება ემთხვეოდეს მთავარ სტრატეგიულ მიზანს – მშვიდობიანი დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მე დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზ და ოს დებსა და ძმებთან ერთად, ჩვენ მალე ვიმუშავებთ კონსტიტუციის კანონზე, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეეხება“.
ქართული საზოგადოებრივი დისკურსი აფხაზებსა და სამხრეთ ოსებს წარმოადგენს, როგორც მოძმე ხალხებს, რომლებიც ძალით მოწყვიტეს საქართველოს. „ძმებისა და დების“ შესახებ ნარატივი ეფუძნება წარმოდგენას იმის შესახებ, რომ ქართველები და აფხაზები, ასევე სამხრეთ ოსები ჰარმონიაში ცხოვრობდნენ 1990-იან წლებამდე. უფრო მეტიც, კონფლიქტამდე, 1991 წელს, დაახლოებით, 100 000 ოსი საქართველოს სხვა რეგიონებში ცხოვრობდა, იმ დროს, როდესაც ცხინვალის რეგიონში – მხოლოდ 65 000. მეორე მხრივ, მათ ქართველები აღიქვამენ, როგორც „უმადურებს“. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამარტივებს აფხაზებისა და სამხრეთ ოსების იმიჯს, ნაწილობრივ ცნობს მათ მოქმედების თავისუფლებას, რადგან მათ შეუძლიათ უარყონ საქართველოს წინადადებები.
დისკურსი ნაწილობრივ შეიცვალა 2012 წელს, როდესაც პაატა ზაქარეიშვილმა, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტმა, რომელსაც აფხაზებსა და ოსებთან მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა, მთავრობაში თანამდებობა დაიკავა და თავის პოსტს რეინტეგრაციის ნაცვლად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი დაარქვა. პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, რომელიც 2012 წელს აირჩიეს, აფხაზებსა და სამხრეთ ოსებთან დაკავშირებული ნარატივების გადახედვა სცადა. მაშინ, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა „ჩვენს ძმებთან, აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგის“ მზაობის თაობაზე. თუმცა, ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის შემდეგ, მთავრობამ ვერ მიაღწია გარღვევას ამ პროცესში და ვერ შეცვალა საერთო რადიკალური დისკურსი. როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებს, „ქართულ ოცნებასაც“ არ ჰყოფნის კონფლიქტის გარდაქმნის ჯანსაღი და ალტერნატიული ხედვა.
მართალია, აფხაზებისა და სამხრეთ ოსების შესახებ რადიკალური ნარატივები კვლავ დომინირებს ქართულ პოლიტიკურ დისკურსში, 2013 წლიდან 2019 წლამდე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედარება აჩვენებს საზოგადოების აღქმის ნელ ტრანსფორმაციას კონფლიქტებსა და მათ შესაძლო გადაწყვეტის გზებთან დაკავშირებით. ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ქართველია მზად აფხაზებსა და სამხრეთ ოსებთან კომპრომისისთვის გადაწყვეტილების მისაღწევად. გამოკითხვაში, რომელიც 2020 წლის აპრილში ჩატარდა, რესპონდენტთა 69.7 პროცენტმა დაუჭირა მხარი მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის პირდაპირი დიალოგის იდეას. თუმცა, დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო იმის გასარკვევად, თუ რამდენად შეიცვალა საზოგადოების ნარატივები კონფლიქტების შესახებ საზოგადოებრივ დისკურსში.
საქართველოს მსხვერპლად ყოფნის ნარატივი ასევე ეხმარება აფხაზებისა და სამხრეთ ოსების გამარტივებული სახის შენარჩუნებას. ეს გამოწვეულია გულწრფელი უკმაყოფილებით, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ გამო და იძულებით გადაადგილებული პირების იმედის შემცირებით, რომ ისინი შინ დაბრუნების შანსს მიიღებენ. თუმცა, თუკი ქართველები მსხვერპლი არიან, უფრო სავარაუდოა, რომ დამნაშავეა რუსეთის ხელისუფლება და არა აუცილებლად აფხაზები და სამხრეთ ოსები. უფრო მეტიც, ეს სიტუაცია, შეიძლება, ასევე რუსეთის მსხვერპლად აქცევდეს ამ ორ უკანასკნელსაც, თუნდაც ისინი ამას ჯერ ვერ აცნობიერებდნენ. მსხვერპლობის ნარატივის რადიკალიზაცია მხოლოდ აძლიერებს სოციალურ საზღვრებს, რომელიც ქართულ, აფხაზურ და სამხრეთოსურ საზოგადოებებს ჰყოფს.
რატომ ნარჩუნდება სტერეოტიპები და რადიკალური ნარატივები?
გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც მხარს უჭერს და აძლიერებს სტერეოტიპებსა და რადიკალურ ნარატივებს კონფლიქტებით სულშეხუთულ საზოგადოებებში, არის შიდა და გარე ჯგუფებს შორის უშუალო ურთიერთობის არარსებობა. „ჯგუფებს შორის კონტაქტების თეორია“, რომელიც გორდონ ოლპორტმა შეიმუშავა, ვარაუდობს, რომ მუდმივ კონტაქტს გაუცხოებულ საზოგადოებებს შორის, სასურველია ინსტიტუტების მხარდაჭერით, შეუძლია შეამციროს სტერეოტიპები და მიკერძოებულობა. თუმცა, აფხაზური და სამხრეთოსური საზოგადოება ფაქტობრივად სრულად იზოლირებულია ქართულისგან – როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.
ქართველებს სხვა ჯგუფებთან პირადი ურთიერთობის შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, თუმცა, ცოტა უფრო მეტი აფხაზებთან, ვიდრე სამხრეთ ოსებთან. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული დიალოგისა და ნდობის განმტკიცების პროექტები, უზრუნველყოფს უსაფრთხო სივრცეს, სადაც გაყოფილი საზოგადოებების წარმომადგენელ ადამიანებს შეუძლიათ კონსტრუქციულად განიხილონ პრობლემები. ვაჭრობა გამყოფი ხაზის გავლით და რეფერალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ხელისუფლება უფასო სამედიცინო დახმარებას სთავაზობს სეპარატისტულ რეგიონებს, ქმნის პირდაპირი კავშირის სხვა შესაძლებლობებს. თუმცა, ჩართული ადამიანების რაოდენობა კვლავინდებურად არ არის დიდი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როდესაც მონაწილეებს შორის მყარდება პირადი ურთიერთობები, ისინი საზოგადოების ხედვის მიღმა რჩებიან პოლიტიკური და უსაფრთხოების მიზნით.
დისკურსში ქართული მედიის პირადი ჩართულობის არარსებობა, რომელიც ორიენტირებულია კონფლიქტზე და არა მშვიდობაზე, კიდევ უფრო აძლიერებს რადიკალურ წარმოდგენებს კონფლიქტზე. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული თემების სპორადული გაშუქება, რომელიც კონცენტრირებულია ფაქტობრივად მხოლოდ ნეგატიურ ინციდენტებზე ადმინისტრაციულ საზღვრებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც პოლიტიკოსები იღებენ სეპარატისტულ რეგიონებში. თუმცა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჰუმანიტარული კრიზისების გაშუქებასა და ადამიანების უფლებების დარღვევაში, ის, როგორ აქვეყნებენ ჟურნალისტები ახალ ამბებს, ასევე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, როგორ იგებს საზოგადოება ამ მოვლენას. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ეთნიკურად ქართველები „ბორდერიზაციის“ ერთადერთ მსხვერპლად არიან წარმოდგენილი, იმ დროს, როდესაც რეალურად, ის ასევე ეხება ეთნიკურ აფხაზებსა და ოსებსაც. მაგალითად, 2016 წელს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებული 549 ადამიანიდან, 325 „სამხრეთ ოსეთის მოქალაქე“ იყო, როგორც ცხინვალიდან Amnesty International-ი იტყობინება.
უფრო სრული კონტექსტისა და უფრო სრული ინფორმაციის მიწოდება „ბორდერიზაციის“ შედეგებზე კონფლიქტის ორივე მხარისთვის, ერთი მსხვერპლის თაობაზე თხრობას საერთო ინტერესების უკეთ გაგებით ჩაანაცვლებდა. უფრო მეტიც, კონფლიქტების გაშუქება მედიაში არ იძლევა საკმარის სივრცეს კრიტიკული და კონსტრუქციული დიალოგისათვის სამშვიდობო პროცესების შესახებ ან სეპარატისტული რეგიონებიდან პოლიტიკოსების პოზიტიური სიგნალების შესახებ, ისეთის, მაგალითად, როგორც 2020 წელს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობის მოწოდებაა თბილისთან დიალოგის შესახებ. რამდენიმე საინფორმაციო ონლაინარხი, როგორებიც არის, Open Caucasus Media , Netgazeti, „Эхо Кавказа“, „რადიო თავისუფლება“, JAMnews — ცდილობს ბრძოლა გამოუცხადოს ამ პრაქტიკას, მაგრამ მათ ძირითადი მედიადისკურსის შეცვლა არ შეუძლიათ.
მათი მიუღებლობა, ვინც ცდილობს კონფლიქტებისა და უახლესი ისტორიის კრიტიკულ ანალიზს, ისეთ პირობებს ქმნის, რომელშიც ნებისმიერი ქართველი, რომელიც ღიად გამოუცხადებს ბრძოლას გაბატონებულ ნარატივებსა და სტერეოტიპებს, რისკავს მიეწებოს ისეთი სახელი, როგორიც არის „გამყიდველი“ ან „რუსეთის აგენტი“. ეს თვითშეზღუდვა ხელს უშლის ჯგუფს შიგნით თვითრეფლექსიის პროცესს, რომელმაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს რადიკალური ნარატივები.
ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ქართველებს არ სურთ იდავონ ზოგიერთ რადიკალურ ნარატივზე, განსაკუთრებით მათზე, რომლებიც აფართოებს აფხაზებისა და სამხრეთ ოსების მოქმედების თავისუფლებას – ეს არის დაუძლეველი შიში, რომ ამან შეიძლება ამ ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად საერთაშორისოდ აღიარება გამოიწვიოს რუსეთისა და მისი მცირერიცხოვანი მოკავშირეების გარდა, სხვაგანაც. CRRC-ის კვლევის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ქართველებისთვის გაცილებით უფრო პრიორიტეტული ამოცანაა, ვიდრე ნატოსა და ევროკავშირის წევრობა (იხ. სურათი 3).
თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც კონფლიქტებს უკავშირდება და თბილისში მიიღება, ამ პრიზმაში განიხილება. ამრიგად, ტერმინოლოგიის ან გაბატონებული ნარატივების ნებისმიერი ცვლილება, საქართველოს ეროვნული ინტერესებისადმი საფრთხის შემქმნელად მიიჩნევა.
როგორც ერთ კვლევაშია ნათქვამი, „აფხაზური პერსპექტივებით სერიოზულად დაკავება, დისკუსიის დაწყება, ნიშნავს რუსი აგრესორის სასარგებლოდ თამაშს და საქართველოს დასუსტებას“.
დასკვნა
შეუთავსებელი სტერეოტიპები და რადიკალური ნარატივები, რომლებიც ფესგვადგმულია კონფლიქტებით გაყოფილ აფხაზურ, სამხრეთოსურ და თვითონ ქართულ საზოგადოებებში, არა მხოლოდ ხელს უშლის სამშვიდობო პროცესის შენების უფრო ფართო პერსპექტივებს, არამედ მალავს მნიშვნელოვან პრობლემებს, რომლებსაც ეჯახებიან საზოგადოებები კონფლიქტის ზონებში. მაგალითად, ეთნიკური ქართველების ყოველდღიური პრობლემები, რომლებიც კონფლიქტის მეორე მხარეს ცხოვრობენ, იფარება ძლიერი აქცენტით რუსულ ოკუპაციასა და „ბორდერიზაციაზე“.
ეთნიკური ქართველები აფხაზეთის გალის რაიონსა და სამხრეთ ოსეთის ახალგორის რაიონში, მოკლებული არიან ადამიანის ძირითად უფლებებს, ისეთებს, როგორებიცაა, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, მიწის ფლობის უფლება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე წვდომა, რაც არაერთხელ დაიგმო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. მართალია, რუსეთია პასუხისმგებელი ნებისმიერ დარღვევაზე, რომელიც სეპარატისტულ ტერიტორიებზე მისი ეფექტიანი კონტროლის დროს ხდება, სოხუმისა და ცხინვალის გავლენის შემცირება და მათთან დიალოგზე უარი, ზღუდავს ამ პრობლემების არსებითად და კონსტრუქციულად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
ნარატივები, რომლებიც კონფლიქტებს ქართულ-რუსული კონტექსტის ერთადერთ განზომილებამდე ამარტივებენ, მხედველობის მიღმა ტოვებენ არცთუ მარტივ საკითხებს. ასეთებია: „როგორია აფხაზური და სამხრეთოსური მხარეების როლი „ბორდერიზაციის“ პროცესსა და ადმინისტრაციულ საზღვრებთან დაკავებებში?“ და „გარე იზოლაცია რამდენადაა თავსმოხვეული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე და რამდენად ნებაყოფლობითია მისი მიღება ამ ადგილების დე ფაქტო ლიდერების მიერ?“
რადიკალური ნარატივები ქმნის დაურწმუნებლობისა და უნდობლობის განცდას მშვიდობის მშენებლობის ძალისხმევის მიმართ, რაც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ამასწინანდელ ანგარიშში სახელდებულია, როგორც „გაჭიანურებული კონფლიქტის სინდრომი“ ან მდგომარეობა, როდესაც „ყველა მხარე მოელის, რომ მათი კონფლიქტი უახლოეს მომავალში ვერ გადაწყდება, და ამ მოლოდინის მიმართ ადაპტირდნენ“. ეს თვითწარმომქმნელი რადიკალური ნარატივები აყალიბებენ თითოეული საზოგადოების კომფორტის ზონას, მაშინ როდესაც მათი გადახედვა და მათდამი კრიტიკული მიდგომა „ეროვნული ინტერესების“ კომპრომეტაციის შიშს იწვევს. გაბატონებული ნარატივების კრიტიკულად გაანალიზებისა და მათზე დაფიქრების სურვილის არქონის საერთო ეფექტი ამცირებს მშვიდობის მშენებლობის შანსებს ქართველებს, აფხაზებსა და სამხრეთ ოსებს შორის.
პროექტი „საქართველოს მომავალი“ ხორციელდება Carnegie Europe-ისა და ლევან მიქელაძის ფონდის მიერ, შვედეთის მთავრობისა და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ნატალია ჭანკვეტაძე – ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის, კარტერის მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების სკოლის ასპირანტი. მისი საკვლევი ინტერესები მოიცავს კონფლიქტების ტრანსფორმაციას, საზოგადოებრივ მშვიდობისმყოფელობას, იდენტობის ფორმირებას, სოციალურ და სიმბოლურ საზღვრებსა და მშვიდობის ყოველდღიურ ინდიკატორებს.
ქეთევან მურუსიძე – მშვიდობის საკითხების მკვლევარი და პრაქტიკოსი თბილისიდან. მისი საკვლევი ინტერესები მოიცავს მშვიდობისმყოფლობას, კონფლიქტების ტრანსფორმაციას, ადგილობრივ შესაძლებლობებს მშვიდობის შესანარჩუნებლად, მშვიდობის შენების მონიტორინგისა და შეფასების პროგრამებს, მშვიდობის შენარჩუნებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და მშვიდობის ყოველდღიურ ინდიკატორებს.