როგორ ჩამოვიდეთ საქართველოში. დეტალური გიდი უცხოელი ვიზიტორებისთვის
1 ივნისს საქართველო ხსნის სახმელეთო საზღვრებს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლის წინ, 2020 წლის 15 მარტიდან ჩაკეტა.
ეს იმას ნიშნავს, რომ 1 ივნისიდან უცხოელი ვიზიტორები – მათ შორის ტურისტები – რომლებიც აქამდე მხოლოდ საჰაერო გზით ჩამოდიოდნენ, უკვე ხმელეთიდანაც შეძლებენ შემოსვლას.
ტურიზმის სექტორი, რომელსაც მწვავე კრიზისი აქვს, დიდი ხანია ითხოვდა სახმელეთო საზღვრების გახსნას, რადგან საქართველოში ტურისტების უმეტესობა სწორედ ხმელეთით შემოდიოდა.
JAMnews-ი არკვევდა თუ რა კონკრეტული წესები და პირობები უნდა გაითვალისწინონ სახმელეთო გზით ქვეყანაში შემოსვლის მსურველებმა და აღმოაჩინა, რომ:
1 ივნისამდე სამი დღით ადრე ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი ინფორმაცია და პროტოკოლი, თუ როგორ შემოვლენ საქართველოში უცხოელი ვიზიტორები ხმელეთით.
ჩვენ სამ სხვადასხვა უწყებას დავუკავშირდით – სამთავრობო ცხელ ხაზს (144), საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზს და ასევე სასაზღვრო პოლიციის ცხელ ხაზს. სამივე ადგილას სხვადასხვა ინფორმაცია მოგვაწოდეს.
რა ვიცით ამ დროისთვის:
რა დოკუმენტებია საჭირო საზღვრის გადმოკვეთისას?
ქვეყანაში შემოსვლის წესები ვაქცინირებული და არავაქცინირებული პირებისთვის განსხვავებულია.
ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის:
ვაქცინირებულ ვიზიტორად ითვლება ის ადამიანი, რომელსაც ექნება სრულად აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი ე.წ. კოვიდ-პასპორტი.
თუმცა იმისათვის, რომ ქართველმა მებაჟემ ეს დოკუმენტი აღიაროს, ის უნდა იყოს ინგლისურ ან ქართულ ენაზე (სასაზღვრო პოლიციაში გვითხრეს, რომ შეიძლება იყოს რუსულ ენაზეც). იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის დედანი სხვა ენაზეა, ის უნდა ითარგმნოს და ნოტარიულად დამოწმდეს ქვეყანაში შემოსვლამდე.
__________________________________________________________________________
● საქართველოს მთავრობამ უცხოელი ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის ახალი წესები შეიმუშავა
● ზაფხული ახლოვდება. ჩამოვლენ თუ არა ტურისტები საქართველოში?
● პანდემიის გამო საქართველოში ტურიზმი 83,4 პროცენტით შემცირდა
● ხუთი პუნქტი ქართული ტურიზმის გადასარჩენად. ტურიზმის სექტორი ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს
__________________________________________________________________________
თუმცა, მხოლოდ კოვიდ-პასპორტი საქართველოში შემოსასვლელად საკმარისი არ არის.
სრულად აცრის დოკუმენტთან ერთად, ვიზიტორს თან უნდა ჰქონდეს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი.
როდესაც ვიზიტორი საზღვარზე ამ ორ დოკუმენტს წარადგენს, მას აღარ მოუწევს სხვა არანაირი პირობის დაკმაყოფილება – არც კარანტინის გავლა და არც თვითიზოლაციის.
არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის:
საქართველოში შემოსვლა არავაქცინირებულებსაც შეეძლებათ, თუმცა უფრო მეტი პირობის დაკმაყოფილება მოუწევთ.
სახმელეთო საზღვრით ქვეყანაში შემოსვლის მსურველმა არავაქცინირებულმა პირმა ქვეყანაში შემოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიაროს.
რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზეა შესაძლებელი (stopcov.ge-ს აპლიკაციაში). სასაზღვრო პოლიციის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ მსგავსი რეგისტრაცია სჭირდება ვაქცინირებულ პირებსაც. 144-ზე გვითხრეს, რომ რეგისტრაცია ვაქცინირებულებს არ სჭირდებათ.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოქალაქე მიიღებს კოდს, რომელიც მას აუცილებლად დასჭირდება საზღვარზე წარსადგენად.
გარდა ამ კოდისა, არავაქცინირებულმა ვიზიტორმა ქვეყანაში შემოსვლისას თან უნდა იქონიოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. ამ პასუხით მას ქვეყანაში შემოუშვებენ, თუმცა ეს ვიზიტორი ვალდებულია მომდევნო 72 საათის განმავლობაში ქვეყანაში განმეორებითი ტესტი ჩაიტაროს. ამ ტესტს ის საკუთარი ხარჯით იკეთებს და თავად უნდა მოიძიოს, თუ სად გაიკეთებს ტესტს. საქართველოში PCR ტესტები დაახლოებით 20-დან 50 დოლარამდე მერყეობს.
ქვეყანაში შემოსვლიდან განმეორებითი ტესტის გაკეთებამდე პერიოდში ვიზიტორი ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდება.
მას არ ეხება არც კარანტინი და არც თვითიზოლაცია.
თუმცა, განმეორებითი PCR ტესტის უარყოფითი პასუხი აუცილებლად უნდა ჰქონდეს თან, რადგან შესაძლოა გადაამოწმონ. თუ ეს დოკუმენტი არ ექნება, 2 ათასი ლარით დაჯარიმდება. ამ დოკუმენტს აუცილებლად მოსთხოვენ ქვეყნის დატოვების დროსაც.
როგორც საქართველოს მთავრობასთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, საქართველო ასევე გასცემს რეკომენდაციას, რომლის მიხედვით, ყველა ვიზიტორს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც კოვიდთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს. თუმცა, ეს არის რეკომენდაცია და არ აქვს სავალდებულო ხასიათი.
რომელი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ საქართველოში ხმელეთით შემოსვლას
საქართველოში შემოსვლა შეუძლია ყველა ქვეყნის მოქალაქეს, თუკი იგი არის სრულად ვაქცინირებული.
ხოლო, არავაქცინირებული მოქალაქეების შემთხვევაში მოქმედებს შეზღუდვები ქვეყნების მიხედვით.
მაგალითად, არავაქცინირებულ ნიგერიის ან ინდოეთის მოქალაქეს არ შეუძლია საქართველოს სახმელეთო საზღვრით სარგებლობა თუკი ის არ ჩამოდის ბიზნეს-მოწვევით ან არ იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
საქართველოში შემოვლენ მხოლოდ იმ ქვეყნების არავაქცინირებული მოქალაქეები, რომლებთანაც საქართველოს გამარტივებული მიმოსვლის რეჟიმი აქვს.
მსგავსი რეჟიმი აქვს საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასევე ყველა მეზობელ ქვეყანასთან, აშშ-სთან, დიდი ბრიტანეთთან, უკრაინასთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან და სხვა.
-
სია იმ ქვეყნების, რომელთა არავაქცინირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისრაელი, თურქეთი, შვეიცარია, ნორვეგია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, საუდის არაბეთი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, რუსეთი, ბელარუსი, კანადა, ქუვეითი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ომანი, მოლდოვა და ჩინეთი.
სად შეიძლება დამატებითი ინფორმაციის გაგება?
საქართველოს მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე, 144-ზე, რომელიც COVID-19 პანდემიის დროს მოსახლეობის დასახმარებლად შეიქმნა, გვითხრეს, რომ ვერ მიგვითითებენ ბმულს ან საიტს, სადაც უცხოელი შეძლებს წაიკითხოს საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
ცხელ ხაზზე მიგვითითეს, რომ ქვეყანაში გამარტივებული შემოსვლის წესები 322-ე დადგენილების 164-ე განკარგულებაშია გაწერილი.
ეს ორივე ბმული ქართულ ენაზეა და იურიდიული ენითაა დაწერილი, რომლის გაგება არათუ უცხოელს, ქართველსაც შეიძლება გაუჭირდეს.
ცხელ ხაზზე ასევე გვითხრეს, რომ მათთან დარეკვა უცხო ქვეყნიდან შეუძლებელია.
JAMnews-ი შეეცადა სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე მოეძებნა ინგლისურ ენაზე დაწერილი ინფორმაცია ქვეყანაში შემოსვლის წესებზე, თუმცა მსგავსი რამ, ვერც იქ ვნახეთ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე, სადაც ინფორმაციის გასარკვევად როგორც მოქალაქემ ისე დავრეკეთ, გვითხრეს, რომ სახმელეთო საზღვრები იხსნება 1 ივნისს (ანუ სამ დღეში) და მათ ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მათ საქართველოს სასაზღვრო სამსახურში გადაგვამისამართეს.
“ზოგადად კი, საქართველოში შემოსვლის მსურველს ინფორმაციის მიღება შეუძლია საიტზე, განყოფილებაში – Covid-19,” – გვითხრეს სამინისტროს ცხელ ხაზზე. ამ განყოფილებაში ჯერ სახმელეთო საზღვრით შემოსვლის შესახებ ინფორმაცია განახლებული არ არის.
____________________________________________________________________________
კორონავირუსის პანდემიის გამო სახმელეთო საზღვრები საქართველომ ერთი წლის წინ, 2020 წლის 15 მარტიდან ჩაკეტა. ჩაკეტილ საზღვრებს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნევდნენ ტურიზმის სექტორში დასაქმებულები, რადგან ამბობდნენ, რომ საქართველოში ტურისტების უმეტესობა სახმელეთო საზღვრებით შემოდის.
ტურიზმის სექტორი, რომელსაც მწვავე კრიზისი აქვს, სხვა ტიპის შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, დიდი ხანია ითხოვდა სახმელეთო საზღვრების გახსნასაც.
„საქართველო ერთ-ერთია პირველ ქვეყნებს შორის, რომელმაც პანდემიის დროს გახსნა საზღვრები“, – თქვა გუშინ, 27 მაისს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა შატო-მუხრანში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ტურიზმის სექტორსა და საქართველოში ჩამოსულ ე.წ. ინფლუენსერებს მასპინძლობდა და დაამატა, რომ ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის სწრაფ აღდგენას.
როგორც ტურიზმის სექტორში დასაქმებულები ამბობენ, ჯერჯერობით ბუნდოვანია, თუ რა პერსპექტივა აქვს ტურიზმს ზაფხულში.
ამ ეტაპზე საქართველოში ჯერ ისევ დაბალია ვაქცინაციის ტემპი (რასაც ასევე გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევენ ტურიზმის სექტორში). 28 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1056 შემთხვევა გამოვლინდა და 28 ადამიანი გარდაიცვალა.