მოსაზრება: წახვიდე, რომ დაბრუნდე? რას ნიშნავს ფაშინიანის გადადგომა
სომხეთში აქტიურად განიხილავენ პრემიერ-მინისტრის გადადგომასა და მის გადაწყვეტილებას, ამავდროულად გააგრძელოს საკუთარი მოვალეობების შესრულება. ნიკოლ ფაშინიანმა 25 აპრილს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.
კონსტიტუციის თანახმად, ეს აუცილებელი პირობაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც 20 ივნისს არის დანიშნული. ახლა პარლამენტის თვითდაშლისთვის აუცილებელია, რომ საკანონმდებლო ორგანომ ორჯერ არ აირჩიოს მთავრობის ახალი მეთაური.
რიგგარეშე არჩევნები იმისათვის იმართება, რომ ბოლოს და ბოლოს, გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ შეიქმნა. სომხური მხარის დამარცხებისთანავე, ოპოზიციამ პრემიერის გადადგომა მოითხოვა. მაგრამ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის ქვეყნის მთელი მოსახლეობის ნებით არის არჩეული და მხოლოდ ოპოზიციის მომხრეების მოთხოვნით არ წავა. საბოლოოდ, ის საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმდა.
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გახდება.
„თუკი ხალხი გადაწყვეტს, რომ მე პრემიერის პოსტი უნდა დავტოვო, მე მათ სურვილს შევასრულებ. თუკი ხალხი გადაწყვეტს, რომ პრემიერი უნდა ვიყო, მათ ამ სურვილსაც შევასრულებ“, – პირობა დადო მან.
მოქალაქეებისადმი მიმართვაში ფაშინიანმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.
ოპოზიციონერები ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათ განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრს ნებაყოფლობითი გადადგომის შემდეგ, არ შეუძლია მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულების გაგრძელება.
რას ფიქრობს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაზე სომხური ოპოზიცია და ექსპრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი.
- სომხეთში საარჩევნო კოდექსი შეცვალეს
- თარიღი გამოცხადებულია: სომხეთში რიგგარეშე არჩევნები 20 ივნისს გაიმართება
ოპოზიციის მოსაზრება
ოპოზიციური პარტიის, „ერთი სომხეთის“ ლიდერი, იურისტი არტურ კაზინიანი მიიჩნევს:
„ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა, შესაბამისად, ის უკვე აღარ არის სომხეთის პრემიერ-მინისტრი. შექმნილ ვითარებაში, ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა უნდა მოიწვიოს მთავრობის რიგგარეშე სხდომა, მოახდინოს იმის კონსტატირება, რომ შეუძლებელია პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოვალეობები შეასრულოს და დროებით თავის თავზე აიღოს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შესრულება“.
კაზინიანმა მოუწოდა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს, შეუწყვიტოს ფაშინიანს სახელმწიფო დაცვით მომსახურება, მთავრობის საქმეთა მმართველს კი – მიიღოს ზომები, მისი კაბინეტისა და სამთავრობო რეზიდენციის გასათავისუფლებლად, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
პარტია „განათებული სომხეთის“ დეპუტატი ტარონ სიმონიანიც ასევე ფიქრობს, რომ ნიკოლ ფაშინიანს არ შეუძლია მოვალეობის შესრულება, როდესაც თანამდებობიდან გადადგა:
„კანონში ზუსტი ფორმულირება არ არის. და, ბუნებრივია, ვისაც როგორ უნდა, ისე კითხულობს. მაგრამ თუკი საკითხს პროფესიონალურად მივუდგებით, მაშინ, როდესაც ადამიანი ტოვებს თანამდებობას, მან აღარ უნდა შეასრულოს ის ფუნქციები, რასაც მანამდე ასრულებდა. გადადგომის აზრი ამაში მდგომარეობს“.
ადვოკატი ტიგრან ატანესიანი, რომელიც ოპოზიციური შეხედულებების მხარდამჭერია, მიიჩნევს:
„პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, მისი მოვალეობის შესრულების ვალდებულება საკუთარ თავზე ერთ-ერთმა ვიცე-პრემიერმა უნდა აიღოს. მაგალითად, როდესაც რომელიმე მინისტრი მიდის პოსტიდან, ის აღარ აგრძელებს საკუთარი მოვალეობების შესრულებას, ამას მინისტრის მოადგილე აკეთებს“.
მისი თქმით, მმართველი ბლოკის „ჩემი ნაბიჯის“ იურისტების მიერ მოფიქრებული მიდგომა უკანონოა და სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენელ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს (ხელისუფლების უზურპაცია).
„კონსტიტუციის დებულება, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, მთავრობის წევრები აგრძელებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, არ შეიძლება ეხებოდეს საკუთარი ნებით პრემიერ-მინისტრის გადადგომას. მაგალითად, სერჟ სარგსიანი გადადგომის შემდეგ (2018 წლის აპრილში, „ხავერდოვანი“ რევოლუციის დროს) აღარ აგრძელებდა პრემიერის მოვალეობის შესრულებას და საკუთარი უფლებამოსილებები ვიცე-პრემიერს, კარენ კარაპეტიანს გადასცა“.
ექსპრეზიდენტის მოსაზრება
სომხეთის პირველმა პრეზიდენტმა, პარტია „სომხეთის ეროვნული კონგრესის“ ლიდერმა, ლევონ ტერ-პეტროსიანმა მოუწოდა საპარლამენტო პარტიებს, არ წავიდნენ არალეგიტიმურ არჩევნებზე. მან ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალას მიმართა, სერიოზულად მოეპყრან საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის ყოფილი ხელმძღვანელის, ედგარ კაზარიანის არგუმენტებს.
Facebook-ის საკუთარ გვერდზე კაზარიანმა წარმოადგინა არგუმენტები, თუ რატომ არ შეუძლია პრემიერ-მინისტრს მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულება გადადგომის შემდეგ:
„სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრს გადადგომის შემდეგ, მოვალეობის შესრულების უფლება არ აქვს. კონსტიტუციის 158-ე მუხლის მიხედვით, „მთავრობა გადადგომის თხოვნით მიმართავს რესპუბლიკის პრეზიდენტს ახლად არჩეული ეროვნული კრების პირველი სესიის დღეს (…). მთავრობის წევრები მოვალეობის შესრულებას აგრძელებენ ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებამდე“.
მაგრამ, კაზარიანის თქმით, პრემიერ-მინისტრი, როგორც მთავრობის წევრი, სხვა საკონსტიტუციო სტატუსით არის აღჭურვილი, ამიტომ, მას არ შეუძლია მოვალეობის შემსრულებლად დარჩენა.
ედგარ კაზარიანი წერს, რომ ყველა სახელმწიფო სუბიექტს დაეკისრება პასუხისმგებლობა არჩევნების ჩატარებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
უფრო მეტიც, წინა არჩევნებსაც, რომელიც 2018 წლის 9 დეკემბერს, „რევოლუციის შემდგომი ეიფორიის ტალღაზე“ ჩატარდა, ის ანტიკონსტიტუციურად აცხადებს და მიაჩნია, რომ ის არ შეიძლება პრეცედენტი იყოს მოახლოებული არჩევნების ჩასატარებლად – იმავე სქემით.
ყოფილი პრეზიდენტი სრულად იზიარებს ამ მოსაზრებას. ლევონ ტერ-პეტროსიანი აცხადებს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, სომხეთის პრეზიდენტი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და, განსაკუთრებით, საპარლამენტო ფრაქციების „აყვავებული სომხეთისა“ და „განათებული სომხეთის“ დეპუტატები განიხილებიან პასუხისმგებლებად მოახლოებული ანტიკონსტიტუციური არჩევნების ჩატარებაზე.