სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტის ერთი ჩვეულებრივი დილის ამბავი - 9 აპრილის არჩევნებამდე ხელისუფლების ბოლო სააგიტაციო მცდელობა
ხვალ, 9 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება სამხრეთ ოსეთში, რომელმაც ყველა პროცესში აქტიურად ჩააბა ჩრდილოეთი ოსეთიც (რუსეთის ფედერაციის სუბიექტი), სადაც სამი საარჩევნო უბანი იქნება გახსნილი იმ სამხრეთელი ოსებისთვის, რომლებიც კვირას სხვადასხვა მიზეზით ჩრდილოეთის მხარეს იქნებიან.
სამხრეთი ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები და რესპუბლიკისთვის სახელის შეცვლის თაობაზე რეფერენდუმი 9 აპრილს არის დანიშნული.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატებად დაარეგისტრირა – რესპუბლიკის მოქმედი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი, პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი, და КГБ-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი.
ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად, ბოლო დღეებში 2017 წლიდან დაწყებული წინასაარჩევნო აქციების, ლოზუნგებისა და მიმართვების კიდევ უფრო მეტად გასააქტიურებლად მოქმედმა ხელისუფლებამ, როგორც ეს ტრადიციულად კავკასიის ბევრ რეგიონში ხდება, მის ხელთ არსებული ბევრი ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა.
კერძოდ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა პეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, მოქმედი პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის სარეკლამო ფილმს.
ლეონიდ თიბილოვი
რის შესახებ არის დოკუმენტური ფილმი?
ფილმის სახელწოდებაა „პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის ერთი ჩვეულებრივი დილა“, და შესაბამისად, პრეზიდენტის სამუშაო დღეების შესახებ უნდა მოგვითხროს. ფილმი იწყება იმ კადრებით, თუ როგორც გამოდის ადრინი დილით პრეზიდენტი ჩვეულებრივი რვასართულიანი სახლის სადარბაზოდან და დაჯავშნულ ჯიპში ჯდება. საპრეზიდენტო კორტეჟი ადგილიდან იძვრება.
შემდეგ თიბილოვი გვიამბობს, რომ მისი სამუშაო დღე უთენია იწყება და შუაღამის შემდეგ სრულდება. სამსახურისკენ მიმავალ გზაზე თიბილოვი ასწრებს ქუჩების დათვალიერებას, რომლებიც, მისი კომენტარის მიხედვით, სრულიად შეიცვალა; თან ამოწმებს დაგვილია თუ არა ქუჩები, და საერთოდ, კომუნალური სამსახურების მუშაობას აფასებს.
ფილმის ავტორები შეეცადნენ, ამომრჩეველი დაერწმუნებინათ, რომ პრეზიდენტი ხალხისთვის გახსნილია და სამხრეთი ოსეთის ნებისმიერ მაცხოვრებელს ჩვეულებრივად შეუძლია მასთან არაფორმალურ გარემოში ურთიერთობა. კერძოდ, ფილმში არის ასეთი ეპიზოდი: ძვირფასი უცხოური მანქანიდან გადმოსულ პრეზიდენტთან მიდის საყვარელი, ხნიერი ქალი, რომელსაც დანაოჭებულ ხელში პროდუქტების ცარიელი ჩანთა უკავია, და თიბილოვს ეხუტება.
ამის შემდეგ სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტის ადმინისრაციის ხელმძღვანელი ალან ტეხოვი მაყურებელს იმის შესახებ უამბობს, თუ როგორი განათლებული ხელმძღვანელია ლეონიდ ხარიტინოვიჩი. ტეხოვი მრავალმნიშვნელოვან პაუზებს აკეთებს, და ამბობს (ეს სიტყვასიტყვით გადმოცემული ციტატებია):
[yes_list]
- „თიბილოვს თავის ხელით შეუძლია დოკუმენტების გაკორექტირება“;
- „ის ძალიან აკურატული და მომთხოვნია პუნქტუაციის მიმართ“;
- “მას… შეუძლია სწრაფად ჩაწვდეს არსს, და მკაფიო რეზოლუციები დაწეროს“.
[/yes_list]
„ერთი სიტყვით, ჩვენი პრეზიდენტი წერტილს მძიმისგან არჩევს“, – ნათქვამია ამის შესახებ Facebook-ის ერთ კომენტარში.
პრეზიდენტთან დაახლოებული ჩინოვნიკები ფილმში „მძიმე მემკვიდრეობის“ და „პასუხისმგებლობის ტვირთის“ შესახებ საუბრობენ. თავად თიბილოვი ამბობს, რომ ხელისუფლებაში მის მოსვლამდე სამხრეთი ოსეთი „დანგრეული იყო“.
ამგვარად, ფილმის ავტორებს მაყურებელი იმ დასკვნამდე მიჰყავს, რომ სამხრეთ ოსეთში ბოლო წლების „სამშენებლო ბუმი“ – პრეზიდენტ თიბილოვის პირადი დამსახურებაა.
ამ თეზისის ვიდეოდასტურად მაყურებელს სთავაზობენ კადრებს, რომლებშიც „სარმატსპეცსტროის“ მუშებს ცხინვალის ქუჩებში მილები გაჰყავთ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს სწორედ ის „სარმატსპეცსტროია“ – არმენ ბეგლარიანის კომპანია, რომელსაც 2013 წლიდან შესრულებული სამუშაოებისთვის სამხრეთი ოსეთის ხელისუფლებამ 23 მილიონი რუბლი არ გადაუხადა .
ამის ირგვლივ ატეხილი დიდი სკანდალი სამხრეთ ოსეთში კარგად არის ცნობილი. ბეგლარიანმა ამ პრობლემით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსაც მიმართა. თუმცა საპასუხოდ, სამხრეთი ოსეთის გენერალურმა პროკურორმა რუსი მშენებელი „რესპუბლიკისა და პრეზიდენტ თიბილოვის დისკრედიტაციაში“ დაადანაშაულა. „სარმაცსპეცსტროსთან“ ანგარიში დღემდე არ გაუსწორებაით.
ტელეეკრანზე კადრები იცვლება.
აი, ვიცე-პრეზიდენტი და შეთავსებით ვლადიკავკაზის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დმიტრი კოზაევი ეკონომიკაში გარღვევის პირობას დებს და ბიზნეს-პროექტების შესახებ ჰყვება.
2011 წელს არჩეული, მაგრამ მაშინ პრეზიდენტად ვერშემდგარი, ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე კოზაევის წინამორბედი – ალა ჯიოევა საკმაოდ ქედმაღლურად კიცხავს იმ მოქალაქეებს, რომლებიც „უმადურები“ არიან, და თიბილოვის „ხუთწლეულის მიღწევების დანახვა არ სურთ“.
„ჩვენი ხალხი ისეა მოწყობილი, რომ პრეზიდენტისგან პირად გამორჩენას მოელიან! არადა, პრეზიდენტი – უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობაა“. და ამერიკელი პრეზიდენტის ჯონ კენედის სიტყვების ოსურად პერეფრაზირებით ჯიოევა ეკრანიდან აცხადებს:
„ხალხი თავად უნდა მიმართავდეს პრეზიდენტს, და ეკითხებოდეს: აბა, გვითხარით, ლეონიდ ხარიტონოვიჩ, რით დაგეხმაროთ?“
დოკუმენტური ფილმი 2008 წლის ქრონიკით გრძელდება, ცეცხლში გახვეული ცხინვალის კადრებით. 2008 წლის ომის ერთ-ერთი უშუალო მონაწილე, პრეზიდენტთან დაახლოებული ჩინოვნიკი ბალა ბესტაუტი თიბილოვის პატრიოტიზმზე ლაპარაკობს. თიბილოვი ცხინვალის დაცვაში არ მონაწილეობდა, ამიტომ ბესტაუტის კომენტარს გასდევს ვიდეოკადრები სამხრეთი ოსეთის თავდაცვის სამინისტროს სასროლეთიდან, რომლებშიც თიბილოვი, КГБ-ს ყოფილი თანამშრომელი, ცეცხსასროლი იარაღის ფლობის უნარების დემონსტრირებას ახდენს.
კადრში გამუდმებით გაიელვებს ხოლმე სამხრეთი ოსეთის თავდაცვის მინისტრის იბრაგიმ გასეევის სახე, რომელმაც ახლახან სამხრეთი ოსეთის ჯარის ნაწილების რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
სოციალური ქსელების რექცია ფილმზე
სოციალური ქსელების მთავარი რექცია იმაზე მეტყველებს, რომ ლეონიდ თიბილოვზე, როგორც მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატზე, მაჟორული ნოტებისა და აქცენტების დასმა უფრო იმ ამომრჩევლებზეა გათვლილი, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობენ და ამიტომ, ძალიან ჩართულები არ არიან ცხინვალის შიდაპოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებში.
„ნუთუ იქ (ჩრდილოეთ ოსეთში“ ამ ბოდვას ვინმე წამოეგება? ის (თიბილოვი) 2012 წელს სულ ორ თვეს ხვდებოდა ადამიანებს, და მას შემდეგ ხალხისგან ყრუ კედელი აშორებს, და უბრალო ადამიანებს აღარასდროს შეხვედრია.
„და ინგუშებითვის ნაჩუქარ იარაღზე არაფერი უთქვამთ?“
ეს საკითხი ოსეთში ბევრს აინტერესებს. საქმე ისაა, რომ ოპოზიციამ ახლახან გამოაქვეყნა პრეზიდენტის ბრძანებულებები რამდენიმე პოლიტიკური მოღვაწის სახელობითი იარაღებით დაჯილდოების შესახებ; მათ შორის აღმოჩნდნენ ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტები, ასევე ინგუში პოლიტიკოსები და ბიზნესმენები – რუსლან აუშევი და მიხაილ გუცერიევი, რომელიც ოსებისადმი თავისი არერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებით არის ცნობილი.