აფხაზი ოპოზიციონერი: თბილისთან მოლაპარაკება ილუზიაა
ტრანზიტი საქართველოს გავლით აფხაზეთისთვის წამგებიანია. ყოველ შემთხვევაში დღეს. მის განხილვას და ასევე თბილისთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს – ამბობს ასლან ბარციცი, აფხაზეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პარტია “სახალხო ერთიანობის ფორუმის” თავმჯდომარე. JAMnews- თან ინტერვიუში ის აცხადებს, რომ დღეს აფხაზეთში საკმარისი პრობლემებია, რომლებიც ყურადღებას და ნებას საჭიროებს, რომლებიც არასწორი მიმართულებით იხარჯება.
ასლან ბარციცი 2018 წელს პარტია “აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმს” ჩაუდგა სათავეში. 2019 წლის სექტემბერში მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. 2020 წლის იანვარში, არეულობისა და სამთავრობო შენობების შტურმის შემდეგ ხაჯიმბამ თანამდებობა დატოვა, რასაც ბარციცის გადადგომაც მოჰყვა.
ტრნზიტი მნიშვნელობით მეხუთე საკითხია
დღეს ჩვენი დეპუტატები აქტიურად განიხილავენ რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთისა და საქართველოს გავლით სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის შესაძლებლობას. მაგრამ ეს საკითხი ჩვენს დღის წესრიგში დიდი ხანია დგას. მას ხან უკან გადაწევენ, ხან მის განხილვას კვლავ იწყებენ. ახლა მას ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან და ახალ გზებთან დაკავშირებით დაუბრუნდნენ.
მაგრამ თუ სახელმწიფოსთვის მის მნიშვნელობას ხუთბალიანი შკალით გავზომავთ, დღეს რკინიგზის გახსნის საკითხი მნიშვნელობით მეოთხე, ან სულაც მეხუთე იქნება.
დღეს პირველ რიგში ჩვენი შიდა პრობლემები დგას, ხალხს უფრო მეტად COVID-19 პანდემია აინტერესებს: როგორ დავიცვათ ახლობლები, როგორ ვიშოვოთ მედიკამენტები, სად ვიშოვოთ ფული სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის, გვექნება თუ არა ელექტროენერგია სახლებში. ქსელში ძაბვა 120 ვოლტამდე ვარდება, შუქი დღეში 5-7 ჯერ ითიშება, წყალი წყდება – ეს ყველაზე მწვავე პრობლემებია.
- ქართულ-აფხაზური კონფლიქტი: გამოსავალი არ ჩანს, არც დიალოგის სურვილი. ხედვა სოხუმიდან
- თბილისი: “მზად ვართ არაფორმალური დიალოგისთვის”. სოხუმი: “დიალოგი არ შედგება”
- გაივლიან თუ არა რუსეთ-საქართველოს ტრანზიტული ტვირთები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას?
გეოპოლიტიკის საკითხი
ბოლოს და ბოლოს სარკინიგზო მიმოსვლის პროექტს უფრო გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რუსეთის ფედერაცია, ქვეყანა, რომელმაც პირველმა აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა, როგორც ყველამ იცის, მსოფლიო სუპერსახელმწიფოა.
როგორც არ უნდა უყურებდეს ვინმე რუსეთს, დღეს ეს უდავო ფაქტია და, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის გეოპოლიტიკური ინტერესები ვრცელდება მსოფლიოს მრავალ რეგიონში, სამხრეთ კავკასიის ჩათვლით.
დღეს ჩვენი დეპუტატები ცდილობენ ხელიდან არ გაუშვან სიტუაცია. მოსკოვს აზერბაიჯანთან უკვე აქვს გარკვეული შეთანხმებები. დაღესტნისა და აზერბაიჯანის გავლით სომხეთთან და ირანთან სარკინიგზო კავშირის პროექტი უკვე მუშავდება. შეიძლება მათ ჩვენი გზა აღარც აინტერესებთ.
ჩვენთვის სატრანზიტო კავშირი სასარგებლო იქნებოდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორები, რომლებიც ამ პროექტს დღეს ფანტასტიურს ხდის.
ხელისშემშლელი ფაქტორები
პირველი ხელისშემშლელი ფაქტორი არის ეკონომიკური. თითოეულ პროექტი უნდა იყოს ეკონომიკურად დასაბუთებული. აფხაზეთის რკინიგზას გარკვეული დატვირთვა უნდა ჰქონდეს, მომგებიანი რომ იყოს, ექსპერტების აზრით, მასზე წელიწადში მილიონობით ტონამ უნდა გაიაროს. მაგრამ რას ვხედავთ ახლა მსოფლიოში? პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა, რომელმაც პლანეტა მოიცვა, საქონლის გადაადგილება ყველგან შეაჩერა!
ამ დრომდე ვიხდით “სარკინიგზო სესხს” (რუსეთისგან აღებული სესხი რკინიგზის აღსადგენად), რომელიც მთავრობამ 2009 წელს აიღო. მაშინაც ოქროს კოშკებს გვპირდებოდნენ. რომ ქვა-ღორღით ვაჭრობა დაიწყება და ბიზნესი ამ ორი მილიარდი რუბლის ოდენობის სესხს ორიოდ წელიწადში დაფარავს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ისევ ვიხდით 500 მილიონ რუბლს (6,6 მილიონი დოლარი) წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
იმისათვის, რომ რკინიგზამ იმუშაოს, საჭიროა სტაბილური ელექტროენერგია, მაგრამ ის არ იქნება. დღეს ჩვენს ენერგეტიკის სექტორში სრული კოლაფსია.
მეორე ხელისშემშლელი ფაქტორი – პოლიტიკური
გავიხსენოთ თუნდაც 2004 წელი. მაშინ მოლაპარაკებების პროცესში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელზეც იყო აფხაზური მხარის ხელმოწერა, მაგრამ ეს იყო არათანაბარსუბიექტიანი ხელმოწერა, ანუ აფხაზეთი წარმოდგენილი იყო როგორც მხარე, მაგრამ არა სახელმწიფო.
თუკი კვლავ წამოიჭრება მიმოსვლის აღდგენის პროცესი, მაშინ ეს თემაც წამოიჭრება. თავად საქართველო მზად არის მის ტერიტორიაზე ამ მოძრაობისთვის?
საჭირო იქნება შესაბამისი დოკუმენტების, შესაბამისი ხელშეკრულებების ხელმოწერა, სადაც აფხაზეთი, როგორც თანასწორი პარტნიორი, ხელს მოაწერს ამ დოკუმენტებს.
დღეს საქართველო, დარწმუნებული ვარ ამაში, ამაზე არ წავა. მე ვხედავ მათ საქციელს, რიტორიკას, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ნაბიჯებს, ქართული საზოგადოების რეაქციებს.
ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი აფხაზეთს აღიქვამენ მხოლოდ როგორც ოკუპირებულ ტერიტორიას. ანუ, ამ ასე ვთქვათ პარტნიორთან სასაუბროდ საფუძველი არ არსებობს. და ის ილუზიები, რაც ზოგიერთ ჩვენს მაღალჩინოსანს აქვს იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან ურთიერთობა შეიძლება გაუმჯობესდეს, არარეალურია.
საქართველოს უკან დგას დასავლეთი, შეერთებული შტატები. მას არ მისცემენ საშუალებას რაიმე გააკეთოს დასავლეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ჩვენ, პირველ რიგში, რუსეთს ვენდობით. როგორც მოგეხსენებათ, შეერთებული შტატების, თუნდაც ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის არჩევისთანავე, დამოკიდებულება რუსეთის მიმართ კიდევ უფრო მკაცრდება, არის სანქციები, დაბრკოლებები, სადაც ეს შესაძლებელია.
ამიტომ, სრულიად არასწორი და საზიანოა მოსაზრება, რომ საქართველოს შეუძლია რაიმე სახის პოზიტიური დიალოგის წარმოება, მას ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერაც კი არ შეუძლია.
რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ისინი მზად იქნებიან ხელი მოაწერონ რაიმე სხვა დოკუმენტს. ამიტომ, ყველა ეს მოლაპარაკება, რომელიც მიმდინარეობს ჟენევის ფორმატში, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხში სტატუს კვოს შენარჩუნებისთვის.
ყველა სხვა წინადადება საქართველოსთან პირდაპირი დიალოგის შესახებ განწირულია. ეს არ არის დღევანდელი და არც ხვალინდელი საკითხი, ამიტომ ამ საქმეში ძალიან გონივრული და ძალიან ფრთხილი მიდგომა უნდა გვქონდეს.
საგარეო პოლიტიკა არ უნდა იყოს დისკუსიის საგანი აფხაზეთის შიგნით
საგარეო ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის საკითხების გადასაჭრელად, აფხაზეთში საზოგადოების აბსოლუტური კონსოლიდაციაა აუცილებელი. ანუ, აქ არ შეიძლება გავიყოთ, ყველა პოზიცია უნდა იყოს შეთანხმებული.
ფაქტობრივად, ჩვენ საქართველოსთან საომარ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ არ გვაქვს სამშვიდობო ხელშეკრულება. საქართველოს რიტორიკა აფხაზეთის მიმართ იოტისოდენადაც არ შეცვლილა. მათ ძილშიც ის ესიზმრებათ, როგორ დაგვიბრუნონ, როგორც იტყვიან, “მშობლიურ წიაღში”. ეს ჩვენთვის მიუღებელია.
გარდა ამისა, საქართველო ჩვენი პირდაპირი კონკურენტია იმავე რუსულ ბაზარზე. ვგულისხმობ ჩვენს ღვინოს და წყალს. ახლა ჩვენს ბაზარზე, რატომ უნდა დავმალოთ, ქართული საქონელი შემოდის, მაგრამ მისი შემოდინების დაშვება არ შეიძლება. ფიგურალურად რომ ვთქვათ, თუ პატარა სარკმლიდან ძალიან ძლიერი ცივი ქარი უბერავს და მას ვერ ვხურავთ და ამავე დროს ფანჯარასაც გავხსნით, ეს ქარი წაგვლეკავს.
ამის გაგება, სამწუხაროდ, დღეს არ არსებობს. გალის რაიონში თქვენ გახსოვთ დაახლოებით ათი წლის წინ რა სიტუაცია იყო, კონტრაბანდა შემოდიოდა ყველა ოფიციალური თუ არაოფიციალური გზებით. ჩვენ სახელმწიფო საზღვარი ეტაპობრივად გავაფორმეთ, როგორც უნდა იყოს. დაიხურა ყველა უკონტროლო გადასასვლელი, გაკეთდა ასფალტიანი გზა. სინამდვილეში, ჩვენ, დიდწილად, გალის რაიონი ჩვენი გავლენის ქვეშ დავუბრუნეთ.
თუ ახლა ოფიციალურად დავიწყებთ ვაჭრობას საქართველოსთან, მოვკლავთ ადგილობრივ მწარმოებელს, ადგილობრივ ეკონომიკას. ჩვენ ხომ კონკურენციას ვერ შევძლებთ – იქ ფასები განსხვავებულია. იქ საბანკო განაკვეთები განსხვავებულია, ეს ის რეალობებია, რასაც ვერ გაექცევი.
ენერგეტიკის საკითხის გადაჭრის გარეშე ვერ ვისაუბრებთ განვითარებაზე
იმისათვის, რომ რკინიგზამ და სხვა მძლავრმა კომპლექსებმა იმუშაოს, იქნება ეს სასტუმროები თუ სამრეწველო ობიექტები, საჭიროა სტაბილური ელექტროენერგია, მაგრამ ეს არ მოხდება. დღეს ჩვენს ენერგეტიკის სექტორში სრული კოლაფსია.
კრიპტოვალუტის მაინინგზე ნებართვის გაცემით ჩვენ ბოთლიდან ჯინი გამოვუშვით. ზოგი კრიპტოფერმა იკეტება, სხვა ადგილებში ჩნდება ახლები, რადგან ბიტკოინის ფასი ორმოცდაათ ათას დოლარზე მეტია და ეს საქმიანობა არავის ეთმობა.
ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ შეძლებს ხელისუფლება ამასთან გამკლავებას. მაგრამ მაინინგმა დარტყმა მიაყენა ენერგეტიკულ სექტორს. თუ ადრე, 2019 წელს, მოხმარება დღეში 7 მილიონი კილოვატსაათს შეადგენდა, დღეს 11 მილიონია. ზაფხულის სეზონი წინაა, თუ ამ მხრივ სიტუაცია არ გამოსწორდა, ზაფხულში ენერგიის მოხმარება კვლავ გაიზრდება .
ხალხი ჩამოვა, კაფეები გაიხსნება და თუ სიტუაცია იგივე იქნება ან კიდევ გაუარესდება, გარწმუნებთ, სერიოზულ სოციალურ აფეთქებას მივიღებთ.
და ამ ფონზე მიდის საუბრები ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე. ჩემი აზრით, დღეს ტარიფების მომატება ძალიან არასწორი გადაწყვეტილება იქნება. არ გაზრდილა ხელფასები, პენსიები, როგორ უნდა გადარჩეს ხალხი?
პანდემიის გამო 200-მდე ადამიანი დაიღუპა. ჯერ დახურეს საზღვარი და ყველაფერი, რაც შეეძლოთ, ბაზრების ჩათვლით. ხალხი საარსებო ფულს ვეღარ შოულობს. შემდეგ კი, როდესაც COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი გაიზარდა, საზღვარი გახსნეს.
ამ არასწორმა ნაბიჯებმა გამოიწვია ის, რომ ჩვენი მედიცინა იხრჩობა. საბედნიეროდ, შემთხვევები შემცირდა, მაგრამ ეს არ არის ხელისუფლების დამსახურება. ხალხი თავად მკურნალობს, ხშირად დიდ ვალებს იღებს. სახელმწიფოს დახმარების იმედი აღარავის აქვს. ხელისუფლება თავისთვისაა და ხალხი თავისთვის. სახელმწიფო ასე არ შენდება. და თუ ხელისუფლებას ეს არ ესმის, მაშინ არცთუ საამაყო მომავალი ელის.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო