აფხაზეთში ოპოზიცია ახალი პოლიტიკური შეთანხმების ინიციატივით გამოდის
უარი ვთქვათ გადატრიალებებზე – ოპოზიციის გეგმები აფხაზეთში
აფხაზეთში ოპოზიცია პრეზიდენტს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას სთავაზობს გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილების პრაქტიკის შესაწყვეტად, რომელიც უკანასკნელ ათწლეულებში აქ ტრადიციად ჩამოყალიბდა.
გეგმა სამი კონკრეტული ქმედებისგან შედგება – ის შეიმუშავა და პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ოპოზიციურმა ორგანიზაცია „აიდგილარამ“ გადასცა, რომელსაც სოხუმის ყოფილი მერი, კან კვარჩია უდგას სათავეში.
აფხაზურ პოლიტიკურ ელიტაში, ხელისუფლებისთვის ბრძოლა უკვე დიდი ხანია ქრონიკულად იქცა. ამის აპოგეა გახდა წინა ორი პრეზიდენტის – ალექსანდრ ანქვაბისა და რაულ ხაჯიმბას გადადგომები.
- მოსაზრება: აფხაზეთის ეკონომიკას ძნელბედობის ჟამი დაუდგა
- მოსაზრება: აფხაზეთში კრიზისი გარდაუვალია – მნიშვნელოვანია, როგორ შეხვდება მას ხელისუფლება
- აფხაზეთის ახალი პრეზიდენტის გამოწვევები
პირველი ნაბიჯი – ყველა გადატრიალების პოლიტიკური შეფასება
„აიდგილარა“ ინიციატივით გამოდის, ობიექტური პოლიტიკური შეფასება მიეცეს ყველა მოვლენას, რომელიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებას უკავშირდება, 2004 წლიდან მოყოლებული. პირველ რიგში, შემდეგ სამ ინციდენტს:
გადატრიალებების ქრონიკა აფხაზეთში
2004 წელი
2004 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად ოპოზიციონერი კანდიდატი, სერგეი ბაღაფში გამოაცხადა. თუმცა, პროტესტით გამოვიდა ცესკოს თავმჯდომარე. ის თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ბაღაფშის მხარდამჭერების ზეწოლის შედეგად მიიღეს. არჩევნების შედეგები არ აღიარა არც სერგეი ბაღაფშის მთავარმა კონკურენტმა – რაულ ხაჯიმბამ, რომელსაც მხარს უჭერდა მოქმედი პრეზიდენტი, ვლადისლავ არძინბა.
კრიზისმა ბაღაფშის მომხრეების მიერ საპრეზიდენტო სასახლის ხელში ჩაგდება გამოიწვია. შტურმის დროს დაიღუპა ცნობილი აფხაზი უფლებადამცველი, თამარა შაკრილი.
კონფლიქტის გადაჭრა კომპრომისის საშუალებით მოხერხდა, რომელსაც პრეზიდენტობის ორმა კანდიდატმა, რუსი პოლიტიკოსების შუამავლობით მიაღწია. მოლაპარაკებების შედეგად, ახალი არჩევნების ჩატარება 2005 წლის იანვარში გადაწყდა, რომელშიც ბაღაფშს პრეზიდენტად უნდა ეყარა კენჭი, ხაჯიმბას კი – ვიცე-პრეზიდენტად. ეს ისტორია ასე დასრულდა.
2014 წელი
2014 წლის 27 მაისს, ოპოზიციამ, რაულ ხაჯიმბას მეთაურობით, საპროტესტო აქციები დაიწყო. მთავარი მიზეზი, გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველებზე აფხაზეთის მოქალაქეობის მასობრივი გაცემა გახდა, რომლებსაც უკვე ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეობა.
აქციები მთავრობის სახლის ხელში ჩაგდებასა და მაშინდელი პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის გადადგომაში გადაიზარდა. 2014 წლის აგვისტოში, ვადამდელი არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგადაც, პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გახდა.
2019 წელი
2019 წლის სექტემბერში, რაულ ხაჯიმბა კვლავ აირჩიეს პრეზიდენტად. თუმცა, ოპოზიციამ მისი გამარჯვება არ აღირა და განაცხადა, რომ მას ხმების ნახევარზე მეტი არ მიუღია, როგორც ამას პრეზიდენტის არჩევის შესახებ კონსტიტუციური კანონი ითვალისწინებს.
კრიზისი 22 ნოემბერს, სოხუმის სანაპიროზე მომხდარმა სამმაგმა მკვლელობამ გააღრმავა, რომელში ჩართულიც პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები აღმოჩნდნენ.
2015 წლის 9 ნოემბერს, ახალი დაპირისპირება ოპოზიციის მომხრეების მიერ პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდებით დასრულდა. რამდენიმე დღის შემდეგ, რაულ ხაჯიმბამ გადადგომის შესახებ განაცხადა. ვადამდელი არჩევნების შედეგად, პრეზიდენტი ოპოზიციის იმდროინდელი ლიდერი, ასლან ბჟანია გახდა, რომელიც ახლაც აგრძელებს აფხაზეთის ხელმძღვანელობას.
მეორე ნაბიჯი – პოლიტიკური ამნისტია (ახრა ავიძბასთვის?)
მოძრაობა „აიდგილარას“ მეორე წინადადებაა – გამოცხადდეს პოლიტიკური ამნისტია და ამით ხელი შეეწყოს შიდაპოლიტიკური სტაბილურობის დამყარებას.
ჯერჯერობით, ერთადერთი ადამიანი აფხაზეთში, რომელიც, გარკვეული დათქმებით, შეიძლება პოლიტიკურ პატიმრად ჩაითვალოს, ახრა ავიძბაა.
ახრა ავიძბა, იგივე „აფხაზი“, დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო მეთაური იყო აღმოსავლეთ უკრაინაში, 2014-2015 წლებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას. ის აფხაზეთის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თანაშემწე იყო 2020 წლის ივნისიდან ნოემბრამდე. შემდეგ კი გადადგა და განაცხადა, რომ „საერთო საქმისადმი ნდობა დაკარგა“. 2021 წლის მარტში დააპატიმრეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას სამთავრობო გადატრიალების ორგანიზების მცდელობაში ადანაშაულებს.
მესამე ნაბიჯი – შემუშავდეს ყველა პოლიტიკური ძალისთვის ქცევის წესები
„აიდგილარას“ მესამე წინადადება – დაიწყოს შიდაპოლიტიკური დიალოგი, რომელიც ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანებისკენ იქნება მიმართული. მიზეზი – არ დაუშვან ანტიკონსტიტუციური ქმედებები და მოხერხდეს ხალხის რეალური გაერთიანების მიღწევა.
რა ნაბიჯების გადადგმაა კონკრეტულად აუცილებელი, „აიდგილარა“ არ ამბობს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საუბარია ყველა პოლიტიკურ ძალას შორის ერთგვარ შეთანხმებაზე ახალი ქცევის წესების შესახებ, რომელიც კონფლიქტის გადაწყვეტის ძალადობრივ ვარიანტს გამორიცხავს.
მიმართვის ავტორების აზრით, ეს სამი ქმედება აფხაზეთს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება და საფუძველს დაუდებს ახალ პოლიტიკურ-სამართლებრივ კულტურას.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო