პანდემიამ აზერბაიჯანელი სპორტსმენები ტაქსის მძღოლებად და ფოსტალიონებად აქცია
2021 მაისს 7 მაისს, საქართველოში, ფრენბურთში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი უნდა გაიმართოს აზერბაიჯანისა და მონტენეგროს ნაკრებებს შორის. მაგრამ ბედისწერამ ისე განსაზღვრა, რომ მეზობელ ქვეყანაში აზერბაიჯანიდან ტაქსისტებისა და ფოსტალიონებისგან შემდგარი გუნდი ჩავა. რა არის ასეთი კაზუსის მიზეზი?
- ფეხბურთელები – პირველი “უსახლკაროები” ყარაბაღის ახალ ომში
- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ვერ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე
კორონავირუსმა უზარმაზარი დარტყმა მიაყენა სპორტს. სპორტსმენები ფაქტობრივად უსაქმოდ დარჩნენ. სიტუაციას აზერბაიჯანში ისიც ართულებს, რომ სპორტული ღონისძიებები მხოლოდ ღია ცის ქვეშ არის ნებადართული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ, ვინც დარბაზებში უნდა ივარჯიშონ და იასპარეზონ, ისღა დარჩენიათ, კარანტინის დასრულებას დაელოდონ.
ჟურნალისტის სულის ძახილი
სპორტსმენების გამოუვალ მდგომარეობაზე საუბრობს აზერბაიჯანელი სპორტული ჟურნალისტი, საბუხი მუსა. მისი თქმით, დარბაზებში ვარჯიშის აკრძალვა, ტრავმიანობის მაღალ მაჩვენებელს იწვევს:
„ევროპის ჩემპიონი მძლეოსნობაში (დარბაზში), ნაზიმ ბაბაევი ჩვენს ქვეყანას ტოკიოს ოლიმპიადაზე წარმოადგენს. მაგრამ მას შეჯიბრებისთვის მომზადება არ შეუძლია. შუა ზამთარში, ბაბაევი იძულებულია სტარტისთვის ღია ცის ქვეშ მოემზადოს და შედეგიც სახეზეა: მან ტრავმა მიიღო ორივე შეჯიბრებაზე, რომლებიც სტამბოლში გაიმართა. ახლა კითხვის ქვეშ დგას მისი მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე“, – ამბობს ჟურნალისტი.
მან ასევე დასძინა, რომ დღეისათვის, ფარიკაობის ნაკრების წევრები მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტული, რათა დარბაზებში ვარჯიშის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
„ასე ვავითარებთ აზერბაიჯანში სპორტს?“, – კითხულობს საბუხი მუსა.
პანდემიამ აზერბაიჯანელი სპორტსმენები ტაქსისტებად და ფოსტალიონებად აქცია
აზერბაიჯანის ფრენბურთის ნაკრების წევრებმა ფულის საშოვნელად სხვა გზა ვერ ნახეს გარდა იმისა, რომ ტაქსისტებად და ფოსტალიონებად დაეწყოთ მუშაობა.
ფინანსური პრობლემების გამო, ნაკრების კაპიტანი ალექსეი ჩერვიაკოვი ქვეყნიდან გაემგზავრა. არა იმიტომ, რომ სხვა გუნდში მიიწვიეს – ფრენბურთელი ნებისმიერ ხელსაყრელ სამუშაოს ეძებს საარსებო წყაროს საშოვნელად.
აზერბაიჯანის ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, თურალ ჰასანლიმ თავდაპირველად წინდების სამკერვალო ცეხში დაიწყო მუშაობა, მაგრამ შემდეგ საფოსტო სამსახურში მოეწყო და ახლა წერილებს არიგებს. მისი თანაგუნდელი ელმინ ალიშანოვი საკურიერო სამსახურში მუშაობის ხარჯზე ცხოვრობს.
ფრენბურთელი ასიფ ალიევი საერთოდ მშობლიურ ჯალილაბადის რაიონს დაუბრუნდა და სოფლის მეურნეობას ეწევა. მაგრამ ის ფერმერიც კი არ არის – თანასოფლელების ნახირს მწყემსავს.
ტაქსისტის სამსახური იშოვა აღილ აღაზადემ – აზერბაიჯანის ფრენბურთის მამაკაცთა ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა – წერს apasport-ი.
ექსპერტის კომენტარი
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აზერბაიჯანელი სპორტული ჟურნალისტი, პორტალი azerisport-ის დამფუძნებელი, ვუგარ ზეინალოვი JAMnews-თან ინტერვიუში ბევრი თანამემამულე სპორტსმენის გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ საუბრობს:
„დიახ, ჩემთვის ცნობილია, რომ ბევრ ფედერაციაში უკიდურესად რთული ვითარებაა. სპორტსმენებს არსად არ შეუძლიათ ივარჯიშონ, იასპარეზონ, შესაბამისად, ფული გამოიმუშაონ.
ბევრმა მათგანმა ტაქსისტობა დაიწყო – თუკი საკუთარი ავტომობილი ჰყავს, ეს ახლა ოჯახის უზრუნველყოფის ყველაზე მარტივი გზაა. მაგრამ უმრავლესობას ურჩევნია ასეთი მდგომარეობა დამალოს, რადგან ეს დამამცირებლად მიაჩნიათ“, – ამბობს ვუგარ ზეინალოვი.
„მაგრამ არა მხოლოდ სპორტშია ასეთი ვითარება. ამ რამდენიმე დღის წინ, ტაქსი გამოვიძახე ცნობილი საერთაშორისო აპლიკაციით. გავარკვიე, რომ მძღოლი ბაქოში ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროს მთავარი მენეჯერია. რა გააკეთოს. ყველა ისე ცდილობს გადარჩენას, როგორც შეუძლია“, – დასძინა მან.