გამოკითხვა: ქართველები მზად არიან აფხაზებთან პირდაპირი დიალოგისთვის?
2020 წლის აპრილში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (70.9%) თვლის, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია შემდგომი ნაბიჯები გადადგას ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
გამოკითხულთა უმეტესობა კონფლიქტის მოგვარების მთავარ გზად მიიჩნევს პირდაპირ დიალოგს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან.
გამოკითხვის შედეგები მიუთითებს საქართველოს მოსახლეობის მზადყოფნაზე, გადადგას ნაბიჯები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოსაგვარებლად.
კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრის მიერ 2020 წლის აპრილში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 1,351 ადამიანმა მიიღო.
ქალები გამოკითხულთა 46%-ს, ხოლო კაცები 54%-ს შეადგენდნენ. გამოკითხვამ თანაბრად დაფარა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორია. ანკეტა მოიცავდა შეკითხვებს იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას და როგორ აფასებენ ისინი წარსულს.
ნაბიჯები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის
როდესაც რესპონდენტებს კონფლიქტის გადაჭრის სხვადასხვა შესაძლო გზას შორის არჩევანის გაკეთება შესთავაზეს, უმრავლესობამ (69.7%) აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირი დიალოგი ამჯობინა.
კვლევაში მონაწილე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს კვლევის ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებაა იმ ფონზე, რომ საქართველოში, საზოგადოების სხვადასხვა ფენაში გავრცელებულია ნარატივი, თითქოს პრობლემა მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპაციაშია, ხოლო აფხაზეთის ხელისუფლება დამოკიდებულია მოსკოვზე და მას არ აქვს დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა ან ეს შესაძლებლობა ძალიან მწირია.
თუ გამოკითხვის შედეგებს განვაზოგადებთ, აღმოჩნდება, რომ საქართველოს საზოგადოების თითქმის სამი მეოთხედი დადებითად აფასებს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას.
კონფლიქტის მოგვარების შეთავაზებული ვარიანტებიდან მეორე, ყველაზე პოპულარული გზა (48.4%) იყო საერთო ინტერესებისა და პრობლემების ერთობლივი განსაზღვრა და მოგვარება, რის შემდეგაც მოდიოდა აფხაზეთში რიგი სფეროების განვითარების ხელშეწყობა: ჯანდაცვა (45.1%), განათლება (40.3%), ეკონომიკა და ვაჭრობა (32.7%).
საქართველოს მთავრობის სიფრთხილისა და პროცესის გაჭიანურების ფონზე, საზოგადოების მხრიდან ასეთი მაღალი მხარდაჭერა მიუთითებს იმაზე, რომ კონფლიქტის მოგვარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს.
როგორც გამოკითხვამ აჩვენა, საქართველოს მოსახლეობა მზად არის კონფლიქტის მოსაგვარებლად ახალი მიდგომებისთვის, მიუხედავად საზოგადოებაში გავრცელებული შიშისა, რომ სისტემური რეფორმები შესაძლოა „მცოცავი აღიარების“ ტოლფასი იყოს.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ყოველი მეხუთე ქართველი მხარს უჭერს აფხაზეთში სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების იდეას, როგორც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესების საშუალებას. ეს იყო ჩამოთვლილთა შორის ყველაზე ნაკლებად პოპულარული ვარიანტი (21.7%), აფხაზეთის მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის უფრო მჭიდრო კონტაქტის დამყარების შემდეგ (23.9%).
არსებული კონფლიქტური სიტუაციის გათვალისწინებით, მსგავსი ვარიანტების განხილვაც კი უკვე ბევრს ნიშნავს.
ეს მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოება მზად არის საჯარო დისკუსიისთვის და მთავრობის მხრიდან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მეტი ინიციატივის მოლოდინი არსებობს.
სხვაობები რეგიონისა და სქესის მიხედვით
გამოკითხვის შედეგები განსხვავდებოდა რესპონდენტის სქესის, საცხოვრებელი ადგილისა და განათლების მიხედვით.
ყველაზე მეტად ცვლილებებისკენ ისწრაფვიან ქალები, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები, რეგიონულ ქალაქებში მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული პირები.
ქალების ოდნავ უფრო დიდმა ნაწილმა (71.4%) ვიდრე მამაკაცებში (70.5%) დადებითად უპასუხა კითხვაზე, შეუძლია თუ არა საქართველოს მთავრობას გადადგას გარკვეული ნაბიჯები ქართული და აფხაზური საზოგადოების ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ქალების მხოლოდ 8.8%-ს (მამაკაცთა 14.4%-თან შედარებით) მიაჩნია, რომ მთავრობას არ შეუძლია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი დაახლოებით მსგავსია, ხოლო უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს შორის უფრო დიდი ნაწილი არის დარწმუნებული, რომ მთავრობას მეტის გაკეთება შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ მოსაზრებები ასევე განსხვავდებოდა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აღმოჩნდა, რომ დედაქალაქის მოსახლეობა ამ საკითხს (შეუძლია თუ არა საქართველოს მთავრობას გადადგას გარკვეული ნაბიჯები ქართული და აფხაზური საზოგადოების ურთიერთობის გასაუმჯობესებლად) ყველაზე სკეპტიკურად უყურებს – თბილისში გამოკითხულთა 69.6%-მა დადებითად უპასუხა ზემოთმოყვანილ კითხვას, ხოლო 13.1%-მა უარყოფითად. რაც შეეხება რეგიონულ ქალაქებს, დადებითი პასუხი გასცა 75.7%-მა, ხოლო უარყოფითი – 8.6%მა. სოფლად მცხოვრები რესპონდენტების შეხედულებები უფრო ახლოს აღმოჩნდა თბილისელების მოსაზრებასთან: 68.5% დადებითი და 12.1% უარყოფითი.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ კონფლიქტის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ადამიანები, იძულებით გადაადგილებული პირები, ყველაზე პოზიტიურად ეხმიანებიან მთავრობის მხრიდან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით ახალი ნაბიჯების გადადგმას. ამ ჯგუფის 78.2%-მა დადებითად უპასუხა ამ კითხვას და მხოლოდ 9.2% წინააღმდეგი იყო.
რას ფიქრობს საზოგადოება წარსულის გადაფასებაზე?
გამოკითხვამ ასევე შეამოწმა რამდენად მზად არის ქართული საზოგადოება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაფასებისთვის. როგორც წესი, ეს საკითხი საზოგადოებაში განსაკუთრებით მწვავე დისკუსიას იწვევს.
ეს დაკვირვება გამოკითხვის შედეგებშიც მართლდება.
რესპონდენტთა თითქმის მესამედმა (31.1%) დადებითად უპასუხა კითხვას „ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია 1990-იან წლებში ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის ხელახალი შეფასება?“ ოდნავ მეტმა (32.3%) უარყოფითად უპასუხა, ხოლო ყველაზე დიდ რაოდენობას (36.1%) პასუხის გაცემა გაუჭირდა.
ქალები, ახალგაზრდები და ქალაქში მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებით მხარს უჭერენ წარსულის გადაფასებას, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის (38.0%).
პრობლემის სირთულისა და ემოციურობის გათვალისწინებით, ის ფაქტი, რომ მოსახლეობის თითქმის მესამედი მხარს უჭერს 90-იანი წლების მოვლენების გადაფასებას, ტოვებს იმედს, რომ ამ თემაზე საჯარო დისკუსია შესაძლებელია. გადაუწყვეტელთა რაოდენობა შესაძლოა მიუთითებდეს გარკვეულ დაბნეულობაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს შეიარაღებული კონფლიქტის გადაფასება ან რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას.
წარსულის გადაფასების სხვადასხვა შეთავაზებული ვარიანტებიდან ყველაზე პოპულარული იყო ქართული საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ დისკუსიის ხელშეწყობა (47.2%), ხოლო მეორე ადგილზე იყო 1990-იანი წლების ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ პირდაპირი დიალოგი ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან (45.3%). რესპონდენტთა მესამედზე მეტი ემხრობა კონფლიქტის დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტული შეფასების ჩატარებას და კონფლიქტის მოწმეთა და მონაწილეთა გამოცდილების ფართო საზოგადოებისთვის მიწოდება. მეოთხედზე მეტი თანახმა არის ისეთი საგანმანათლებლო მასალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, რომელიც წარმოაჩენს ქართულ და აფხაზურ საზოგადოებაში კონფლიქტის შესახებ არსებულ სხვადასხვა ხედვებს.
ამ კითხვებმა ასევე გამოააშკარავა ქართულ საზოგადოებაში ყველაზე გავრცელებული მოსაზრებები. კვლევის დახმარებით, ჩვენ შევამოწმეთ რამდენიმე ვარაუდი, რომელიც სხვადასხვა ადამიანთან კომუნიკაციის შედეგად ჩამოგვიყალიბდა, მათ შორის ორმხრივი კონსულტაციების დროს, რომელშიც მონაწილეობა იღებდა კონფლიქტის ორივე მხარე ან ისეთ ღონისძიებებზე, როგორიც იყო თბილისში 2019 წელს ჩატარებული გამოფენა „კონფლიქტის დერეფნები“.
ამ კვლევის შეზღუდვების მიუხედავად, შედეგები ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. გამოკითხულთა თითქმის მესამედი თანხმდება იმაზე, რომ მნიშვნელოვანია 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის გადაფასება, ასევე მათი უმრავლესობა მხარს უჭერს მხარეებს შორის დიალოგს და ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. ეს იმედს იძლევა, რომ მუდმივი ძალისხმევით შესაძლებელია ამ კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაცია.
_____________________________________________________________________________
კვლევის მეთოდოლოგია
COVID-19 პანდემიის პირობების გათვალისწინებით, კვლევა ჩატარდა სატელეფონო საუბრების გზით, 2020 წლის 2-7 აპრილს. მასში მონაწილეობა მიიღო 1,351 ადამიანმა, მათგან 46,2%-ს შეადგენდნენ ქალები, ხოლო 53,8%-ს კაცები. რესპონდენტები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს დაახლოებით ერთნაირი პროპორციით წარმოადგენდნენ: 18-34 წლის (31.4%); 34-54 წლის (35.9%); 55 წელზე მეტი (32.7%).
გამოკითხვა ტარდებოდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, თუმცა კვლევა არ მოიცავდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს. გამოკითხულთა 90.7% ეთნიკური ქართველია, 3.5% სომეხი და 4.1% აზერბაიჯანელი. საშუალო სტატისტიკური შეცდომა შეადგენს არაუმეტეს 2.67%, შედეგები გაანალიზებულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით: თბილისში, რაიონულ ქალაქებში და სოფლად მცხოვრები ადამიანები.
გათვალისწინებულ იქნა ასევე დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები: სქესი, ასაკი, განათლების დონე, ეთნიკური კუთვნილება, პროფესია, შემოსავალი და კონფლიქტის პირადი გამოცდილება.
მადლობას ვუხდით მარინა ელბაქიძეს, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტს, კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრის მიერ მოწოდებული მონაცემების ანალიზისთვის.
ამ სტატიაში მოცემულია კითხვარში გამოყენებული კითხვები და სავარაუდო პასუხები. ანკეტის ბევრ ნაწილში გამოიყენება ტერმინი „დე ფაქტო“ აფხაზეთის ინსტიტუტებსა და ხელისუფლებასთან მიმართებით. ამ სტატიაში კითხვების სიტყვასიტყვით გადმოცემა არ გულისხმობს სტატუსთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაციის პოზიციის დაფიქსირებას.