ხუთი პუნქტი ქართული ტურიზმის გადასარჩენად. ტურიზმის სექტორი ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს
საქართველოს ტურიზმის სექტორი ხელისუფლებას ტურიზმის გადარჩენისა და აღდგენის ხუთპუნქტიან გეგმას სთავაზობს.
მთავრობის ადმინისტრაციისადმი მიწერილ ღია წერილში ინდუსტრიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათი რეკომენდაციები სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე დაყრდნობით არის შემუშავებული და ეკონომიკური აქტივობის უსაფრთხო გახსნას გულისხმობს.
პუნქტი პირველი: 1-ლი თებერვლიდან უნდა გაიხსნას ზამთრის კურორტები
არგუმენტები: მობილობა მაღალი უკვე ვეღარ იქნება, ეკიპირებული ადამიანი არ არის ვირუსის გადატანის საფრთხე, სამთო კურორტების სასტუმროებსაც ისევე შეუძლია კოვიდ უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა, როგორც კახეთის ან სხვა რეგიონის სასტუმროებს, სადაც საკმაოდ მაღალი მობილობა შეიმჩნეოდა, მაგრამ ამით ეპიდ-მდგომარეობა არ გაუარესებულა.
პუნქტი მეორე: საზღვრების გახსნა, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო
საზღვრების გახსნას ტურიზმის სექტორი არა უპირობოდ, არამედ შემდეგი რეგულაციებით ითხოვს:
ა) ქვეყანაში მივიღოთ ის უცხოელი ვიზიტორები, ვინც საზღვარზე წარმოადგენს: ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელ საბუთს; PCR ტესტს, გამოფრენამდე არა უგვიანეს 72 საათისა; ან წარმოადგენს საბუთს, რომ აქვს ანტისხეულები, ანუ არის უკვე კოვიდ გადატანილი.
ბ) თუ ვიზიტორს, არ აქვს ზემოთ აღნიშნული რომელიმე დოკუმენტი, მას საზღვარზე გაუკეთდეს სწრაფი ტესტი. (ტესტის თანხას გადაიხდის ან მოგზაური ან ტურისტული კომპანია);
25 იანვრის მონაცემებით:
● სულ საქართველოში დადასტურებულია 253 816 შემთხვევა
აქედან:
● გარდაცვლილი –3 071
● გამოჯანმრთელებული – 243 396
● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 7 349
გ) იგივე პრინციპით მოხდეს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. (ამ დრომდე საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები ექვემდებარებიან თვითიზოლაციას);
დ) აღდგეს სახმელეთო მიმოსვლა მეზობელ ქვეყნებთან იგივე რეგულაციებით საზღვარზე.
პუნქტი მესამე: სასწრაფოდ შემუშავდეს კოვიდ დაზღვევის პროგრამა უცხოელი ვიზიტორებისთვის
ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში ვიზიტორი უნდა ჩაერთოს სადაზღვევო პროგრამაში და ამაში თავად გადაიხდის თანხას. დაზღვევის პაკეტები შესაძლებელია იყოს განსხვავებული ფასის შესაბამისად განსხვავებული დაფინანსებით.
არგუმენტები: ეს დამატებით შემოსავალს გაუჩენს სადაზღვევო კომპანიებს, ასევე დამატებითი შემოსავალი გაჩნდება ქვეყნისთვისაც, ასევე მოაგვარებს პრობლემას ვინ და რა სახსრებით მკურნალობს ვიზიტორს, თუ საქართველოში ყოფნის დროს დაუდგინდა კოვიდ ვირუსი.
პუნქტი მეოთხე: გაიხსნას რესტორნები, მუზეუმები და სხვა ღირსშესანიშნაობები
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ითხოვენ, რომ რეგულარული რეისების აღდგენისთანავე გაიხსნას საზკვების ობიექტები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც იმოქმედებს მკაცრი რეგულაციები და მკაცრი კონტროლი.
არგუმენტი: თუ ეს ყველაფერი არ გაიხსნება, ტურისტი ქვეყანაში უბრალოდ არ ჩამოვლენ და სხვა რეგულაციების მოხსნასაც აზრი ეკარგება.
პუნქტი მეხუთე: შემუშავდეს 2012 წლის ტურიზმის სტრატეგია
ტურიზმის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ უახლოეს მომავალში შედგეს სამუშაო ჯგუფი კერძო სექტორის ჩართულობით, რათა “სწრაფად, სწორად, უსაფრთხოდ და ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს 2021 წლის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება“, – წერია ტურიზმის სექტორის მიერ შემუშავებულ ღია წერილში.
______________________________________
28 ნოემბრიდან საქართველოში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. არ მუშაობს სკოლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კაფე-რესტორნები, სხვა რაიმე ტიპის მაღაზიები სურსათის გარდა, ასევე დაკეტილია ყველანაირი გასართობი ობიქტი და ღირსშესანიშნაობები. ასევე, საღამოს ცხრა საათიდან მოქმედებს კომენდანტის საათი.
შეზღუდვების დიდი ნაწილი იანვრის ბოლოს უნდა მოხსნილიყო, თუმცა ხელისუფლებამ მათი გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან მხოლოდ მაღაზიები ამუშავდება. სხვა ყველაფერი კვლავ დაკეტილი დარჩება.
______________________________________________________________________________
- თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. ძალაში რჩება კომენდანტის საათი
- თბილისში ტრანსპორტის, სკოლებისა და ბაღების გახსნის მოთხოვნით აქციები დაიგეგმა
______________________________________________________________________________