სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო
2021 წლის 21 იანვარს ევროპულმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა საქმეზე, რომელიც უკვე 12 წელია სტრასბურგშია.
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ″ – ასე ჰქვია საქმეს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში რუსეთის მიერ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს ეხება.
სტრასბურგმა დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეების მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე – მათ შორისაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება, კერძო საკუთრების დაწვა და განადგურება.
საქართველოში სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებას უკვე უწოდეს “ისტორიული დოკუმენტი”.
რა ეწერა საქართველოს სარჩელში?
აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში დაარღვია სიცოცხლის უფლება, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართა წამებას და არაადამიანურ და ღირსების შემლახავ ზომებს, დაარღვია თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, სამართლებრივი დაცვის უფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება და მიმოსვლის თავისუფლება.
საქართველოს პოზიცია ასეთი იყო: ომისა და ომისშემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე პასუხიმგებლობა მთლიანად რუსეთს ეკისრება, რადგან კონფლიქტურ რეგიონებზე რუსეთის იურისდიქცია ვრცელდება.
რა გადაწყვიტა სტრასბურგმა?
სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ განასხვავა აქტიური საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც მიმდინარეობდა 8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში და მოვლენები, რომლებიც განვითარდა უკვე 12 აგვისტოდან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერიდან.
სტრასბურგის სასამართლომ თითქმის სრულად დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც 12 აგვისტოს შემდგომ რუსეთის მოქმედებებს ეხება.
სტრასბურგმა დაადგინა, რომ 12 აგვისტოს შემდგომ კონფლიქტურ ზონაზე “ეფექტურ კონტროლს” რუსეთი ახორციელებდა და სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი ადამიანის უფლებათა კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაში, რომელთა შორისაა სიცოცხლის უფლება, წამება და არაადამიანური მოპყრობა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეებისათვის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დაბრუნების აკრძალვაზე;
მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, ასევე ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში და „ბუფერულ ზონაში“ სახლების დაწვასა და ძარცვასთან დაკავშირებით;
სასამართლომ დაადგინა, რომ მოხდა 160 სამოქალაქო პირის, ეთნიკური ქართველის დაკავება, მათ წინააღმდეგ დამამცირებელი მოპყრობა, რამაც გამოიწვია მათი ტანჯვა;
სასამართლომ ასევე ერთხმად დადგინდა, რომ ცხინვალის რეგიონში, ე.წ სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ 8-17 აგვისტოს ქართველი ჯარისკაცების ტყვედ აყვანაზე ვრცელდებოდა რუსეთის იურისდიქცია;
სასამართლომ დაადგინა, რომ რომ ხდებოდა ქართველი ტყვეების წამება;
დაადგინა, რომ რუსეთმა, როგორც “ეფექტური კონტროლის განმხორციელებლმა” არ გამოიძია ომის პერიოდში და შემდეგ საქართველოს მოსახლეობის მკვლელობები;
სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია რუსეთის შეიარაღებული ძალები ფორმალურად კონფლიქტში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის მიზნით ჩაერივნენ, თუმცა სინამდვილეში, ბევრ შემთხვევაში რუსული ძალები განზე გადგნენ, როდესაც ოსური დანაყოფები ეთნიკური ქართველების სახლებს წვავდნენ.
სტრასბურგმა აღნიშნა, რომ 12 აგვისტოს შემდეგ, ანუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განვითარებული მოვლენები, სრულად რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის ქვეშაა, რადგან ამ ტერიტორიაზე კონტროლს რუსეთი ახორციელებს.
რა არ დააკმაყოფილა სტრასბურგის სასამართლომ?
სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი, რომელიც საომარი მოქმედებების აქტიურ ეტაპზე (2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე) მომხდარ მოვლენებს უკავშირდება, რადგან ვერ დაადგინა ე.წ. “ეფექტური კონტროლი” რუსეთის მხრიდან ამ კონკრეტულ პერიოდში.
“სამხედრო ძალებს შორის კონფრონტაცია და ბრძოლა მიმართული იყო კონტროლი დაემყარებინათ ტერიტორიაზე, ქაოსის გათვალისწინებით იქ კონტროლი არავის ჰქონდა დამყარებული”, – მიიჩნია სასამართლომ.
12 წელი, 33 მოწმე და 700 მტკიცებულება
სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.
ევროპულმა სასამართლომ ჯამში მოუსმინა 33 მოწმეს, გაეცნო ქართული მხარის მიერ წარდგენილ 700-მდე მტკიცებულებას, მათ შორის, ვიდეო და ფოტომასალებს, რადარის მონაცემებს, ექსპერტების დასკვნებს, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებს, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელ ჩანაწერებს, მოწმეთა ჩვენებებს, სატელიტურ სურათებს, მედიის მიერ გავრცელებულ მასალებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერებს, განაღმვის ანგარიშებს.
საქმეს მთავარ მტკიცებულებად ასევე ერთვის გორში, 12 აგვისტოს, დასახლებულ პუნქტთან აფეთქებული რაკეტის – „ისკანდერის“ ნაწილებიც და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც. სწორედ ამ ისკანდერის აფეთქებას ემსხვერპლა ჰოლანდიელი ოპერატორი სტან სტორიმანსი, რომელიც აგვისტოს ომს აშუქებდა.
________________________________
● როგორი უნდა იყოს აფხაზურ-ქართული დიალოგი და უნდა იყოს თუ არა საერთოდ
● თბილისი: კრემლის მიერ სოხუმთან გაფორმებული ეკონომიკური შეთანხმება ანექსიის მორიგი ნაბიჯია
● აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ საქართველომ რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის ცა გახსნა
_________________________________
რა გამოხმაურება მოჰყვა ამ გადაწყვეტილებას
დასტურდება, რომ ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს ცნობით:
- სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.
- სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.
- სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.
- სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, ეს არის მათი ხელისუფლების მეორე გამარჯვებაა წასვლის შემდეგ:
“ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ. პირველი არის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, შუალედური, ეს არის გაეროს სასამართლო, რომელიც წულუკიანის მცდელობით, მეორე ეტაპზე დავკარგეთ. მიუხედავად ყველა განცხადებებისა [ბიძინა] ივანიშვილის, რომ საქართველო იყო დამნაშავე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველა მცდელობა ჰქონდათ ჩვენ ეს არ მოგვეპოვებინა, ამას მაინც მივაღწიეთ.”
დღევანდელ დღეს გამოეხმაურა მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც:
“მე მინდა, კერძოდ, დიდი მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს, რამეთუ ძალიან დიდი წვლილი მათ ეკუთვნით ამ გამარჯვებისა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი არის მთელი საქართველოს გამარჯვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა.”
პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო არის აღიარებული, როგორც მსხვერპლი ამ ომის და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და მომავლისთვის.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია. მისი თქმით, ეს ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა და ეს საერთო გამარჯვებაა:
“დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო გამარჯვებაა!“
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ფეისბუქზე წერს, რომ 8-12 აგვისტო “დააიგნორა” სტრასბურგმა, მაგრამ სახელმძღვანელო შექმნა ჰააგისთვის.
“გამოაქვეყნა სტრასბურგმა გადაწყვეტილება! რა თქმა უნდა, მოვიგეთ! გადაწყვეტილებაში დადასტურებულია: რუსეთი კლავს, რუსეთი აწამებს, რუსეთი ხელყოფს ადამიანის თავისუფლებას, რუსეთი ხელყოფს საკუთრების უფლებას და სხვ. მაგრამ იცით რა არის მთავარი, სტრასბურგმა ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ ეფექტური კონტროლი 12 აგვისტოს შემდეგ იყო რუსეთის ფედერაციისო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰააგაში მიმდინარე გამოძიებისთვის, რადგან იქ იმას გვიმტკიცებენ ჩვენ რა შუაში ვართ, ოსებს ედავეთო. ცუდია, რომ 8-12 აგვისტო “დააიგნორა” სტრასბურგმა მაგრამ მშვენიერი სახელმძღვანელო შექმნა ჰააგის გამოძიებისთვის!”, – წერს ხიდაშელი.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება დაზარალებულთა უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია:
“ვულოცავ ჩვენ ქვეყანას ევროპის ყველაზე სამართლიანი მსაჯულის მიერ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღიარებას! ეს გადაწყვეტილება იქნება კონფლიქტით დაზარალებული ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი!“