თბილისი: კრემლის მიერ სოხუმთან გაფორმებული ეკონომიკური შეთანხმება ანექსიის მორიგი ნაბიჯია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს გაცხადებას, სადაც გმობს შეთანხმებას, რომელსაც სოხუმმა და მოსკოვმა მოაწერეს ხელი.
12 ნოემბერს, მოსკოვში ვიზიტის დროს, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსეთსა და აფხაზეთს შორის დამტკიცდა საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის პროგრამა.
აფხაზური მხარის ცნობით, ეს დოკუმენტი იმ სამოკავშირეო და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაგრძელებაა, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შორის 2014 წელს გაფორმდა.
ამ პროგრამის მიზანია რაც შეიძლება მეტად მოხდეს აფხაზეთის ინტეგრირება რუსეთის სამართლებრივ და ეკონომიკურ სივრცეში.
“რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის შესახებ პროგრამა, წარმოადგენს დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს,” – წერია საქართველოს საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2014 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. „ხელშეკრულება“ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ისევე, როგორც მის ფარგლებში შემუშავებული სხვა ყველა ე.წ. „შეთანხმება“, „მემორანდუმი“ თუ „პროგრამა“ უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს.
„მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯებითა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
![](https://jam-news.net/app/uploads/2020/11/70122292_2406927172730337_1140407266986426368_o-1-1024x681.jpg)
თბილისი მოუწოდებს მოსკოვს, შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია.
ასევე, მოუწოდებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანონ თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
● მოსაზრება: რატომ გართულდა საქონლის ექსპორტი აფხაზეთიდან რუსეთში
● აფხაზეთს რუსული ფული სჭირდება, მაგრამ ის შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს
● რატომ გარბიან აფხაზი ყაჩაღები საქართველოში, ქართველები კი – აფხაზეთში
სოხუმის ინფორმაციით, მოსკოვთან დადებული შეთანხმების საფუძველზე უახლოეს 2-3 წელიწადში იგეგმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მრავალ სფეროში (ფინანსები, საბაჟო სფერო, ენერგეტიკა, მედიცინა, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა).