სომხები აფხაზეთში
ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა
სომხები – რიცხობრივად აფხაზეთის რიგით მეორე თემს წარმოადგენენ. 2011 წელს ჩატარებული მოსახლეობის ბოლო აღწერის თანახმად, აფხაზეთში დაახლოებით 45 ათასი სომეხი ცხოვრობს, და ისინი რესპუბლიკის მთლიანი მოსახლეობის თითქმის 20 პროცენტს შეადგენენ. ასეთ დიდ და საკმაოდ შეკრულ თემს, რასაკვირველია, ლიდერიც ჰყავს. და იანვარში აფხაზეთის სომეხთა კავშირის ლიდერის პოზიცია დაიკავა გალუსტ ტრაპიზონიანმა.
გალუსტ ტრაპიზონიანი – გაგრის პანსიონატ „გაგრიფშის“ დირექტორი, მიჩნეულია სომხური თემის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად,რომელსაც კარგი ურთიერთობები აქვს სომხეთის სამთავრობო წრეებთან. მას „აფხაზეთის გმირის“ წოდება აქვს; აფხაზურ-ქართული ომის დროს 1992-1993 წლებში ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონის დანაყოფს მეთაურობდა, დაკარგა ფეხი.
აფხაზეთის ხელისუფლებაში სხვადასხვა მაღალ პოზიციებს იკავებდა, ორჯერ იყო არჩეული პარლამენტის დეპუტატად, იყო ქალაქ გაგრის სომხური სკოლის დირექტორი, დაკავებული იყო ბიზნესით, აფხაზეთის სომხურ თემში იკავებდა მაღალ ხელმძღვანელ თანამდებობებს.
ყრილობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ახალი ხელმძღვანელის არჩევა, და ეს აფხაზეთში ფრიად თვალსაჩინო მოვლენად იქცა.
სასტუმრო „ინტერ-სოხუმის“ საკონფერენციო დარბაზში, სადაც ყრილობა ტარდებოდა, დარეგისტრირების მსურველთა რიგები იდგა. ჩამოვიდა 217 დელეგატი რესპუბლიკის ყველა რაიონიდან, გარადა გალისა, სადაც სომხები პრაქტიკულად არ არინ – დღესდღეობით აფხაზეთში სომხები კომპაქტურად არინ დასახლებულები ძირითადად გულრიფშის, სოხუმის და გაგრის რაიონებში.
სტუმრებს შორის იყვნენ არამარტო სომხური თემის წევრები, არამედ დეპუტატები და მინისტრებიც, სხვადასხვა პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები – აფხაზეთში ამგვარი ღონისძიებების მიმართ ყოველთვის არსებობს ელიტების მხრიდან სერიოზული ინტერესი.
აფხაზეთის სომეხთა ახალი ლიდერის პოზიციაზე ორი კანდიდატურა იყო წარდგენილი – გალუსტ ტრაპიზონიანის და ხაჩიკ მინასიანის.
მინასიანი, გაგრის ერთ-ერთი პანსიონატის ყოფილი დირექტორი და აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის მოქმედი წევრი, ბოლო ექვის წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თემს. 2016 წლის მაისში მან მოულოდნელად დაწერა გადადგომის შესახებ განცხდება. მაგრამ, სწორედ ყრილობის წინ ისევ გადაწყვიტა კენჭი ეყარა ორგანიზაციის ლიდერის თანამდებობაზე.
თითოეული კანდიდატის უკან სოხური თემის ფრიად გავლენიანი წარმომადგენლები იდგნენ. კენჭისყრას ყურადღებით ადევნებდა თვალს რამდენიმე დამკვირვებელი. საბოლოოდ, ხაჩიკ მინასიანს ხმა მისცა 82-მა დელეგატმა, გალუსტ ტრაპიზონიანს კი – 124-მა.
კითხვა – რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სომხურ თემს თავის საბჭო ჰყავდეს – ეს შეკითხვა რამდენიმე ისეთ ადამიანს დავუსვით, ვინც თავს თემის ნაწილად მიიჩნევს.
მასწავლებელი
აფხაზეთში მოქმედებს 26 სომხური სკოლა, სადაც სომხურ ენას, ლიტერატურას და ისტორიას სომხურ ენაზევე ასწავლიან, დანარჩენ საგნებს კი – რუსულ ენაზე.
მასწავლებლების უმეტესობა საპენსიო ასაკისაა, ახალგაზრდების რაოდენობა ნაკლებია.
გვიამბობს სოხუმის მეცხრე საშუალო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანაიდ ოკსუზიანი:
„მე პედაგოგიური ინსტიტუტი ერევანში დავამთავრე, 1988 წელს ზემო ეშერის სკოლაში დავიწყე დაწყებითი კლასების მასწვლებლად მუშაობა. ომის შემდეგ სოხუმის მეცხრე საშუალო სკოლაში გადმოვედი, და აი, უკვე 23 წელია, აქ ვმუშაობ.
ჩვენს ბავშვებს გარკვეული სიძნელეები ექმნებათ სალიტერატურო სომხურ ენასთან დაკავშირებით, რადგან სკოლის გარეთ ისინი, ძირითადად, ან სომხური ენის აშმენურ დიალეტქზე ლაპარაკობენ, ან – რუსულად.
სახელმძღვანელოებს სომხეთიდან ვიღებთ, ყველა კლასისთვის გვაქვს 2005-2007 წლების გამოცემა. გაგონილი მაქვს, რომ რაიონებში სახელმძღავანელოების პრობლემა აქვთ. კარგი, იქნებოდა, სომეთიდან მეთოდურ გეგმებსაც რომ ვიღებდეთ.
ახალგაზრდობა სასწავლებლად სომხეთში მიემგზავრება, მაგრამ შემდეგ ზოგი ბრუნდება.
რად გვინდა თემი? ჩვენი ისტორიული სამშობლოს გარეთ იმიტომ ვერთიანდებით, რომ ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ, დავეხმაროთ. თემის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია. ჩვენთან სომხეთიდან სპეციალისტები იყვნენ ჩამოსულები, რომლებიც სომხური სკოლების მასწავლებლებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს უტარებდნენ. პროგრამა „არი ტუნ“-ის ფარგლებში, ბავშვები სომხეთში გაემგზავრნენ. ეს ყველაფერი თემის მიერ არის ორგანიზებული. ჩემი მეზობელი, დანიელ ასატურიანი, საბერძნეთში ევროპის ახლაგზრდულ ჩემპიონატზე გაემგზავრა, და მასაც თემი დაეხმარა – მგზავრობა დაუფინანსა.“
ბიზნესმენი
ედუარდი (მთხოვა, გვარი არ დამესახელებინა), 34 წლის, სოხუმის პროდუქტების ერთ-ერთი მაღაზიის დირექტორი:
„ყველაფერი რაღაცნაირად შემთხვევით მოხდა. უბრალოდ, ამ სფეროში დავიწყე მუშაობა, შემდეგ თავი კარგად გამოვავლინე და თანდათან აეწყო კარიერა. დღეს აფხაზეთში არც ისე კარგი ეკონომიკური მდგომარეობაა, მყიდველი ბევრად ცოტაა, ვიდრე ორი-სამი წლის წინათ. მაგრამ ეს ბიზნესს შეიძლება წაადგეს კიდეც. როდესაც ყველაფერი კარგადაა, დუნდები. ხოლო როდესაც სიძნელეები იწყება – ინიციატივიანი ხდები.
სომხებისთვის აფხაზეთში საკუთარი კავშირის ქონა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საშუალებაა. და ეს მხოლოდ დაეხმარება რესპუბლიკის, საზოგადოების, ეროვნებათაშორისი ურთიერთობების განვითარებას.
სომხეთში ბიზნესთან ან იქაურ სომხურ თემთან კავშირი არ მაქვს. საქონელი სომხეთიდან პირდაპირი გზით ვერ ხვდება, რუსეთის გავლით, ტრანზიტით შემოდის. ძირითადად ეს დაკონსერვებული ბოსტნეული და ხილია. მაგრამ ეს ყველაფერი აფხაზეთში განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობს – აქ თითოეულ ოჯახში შინ, თავადვე ამზადებენ ამ პროდუქტებს შესანახად. ასე რომ, „სომხური“ პროდუქტი უფრო ასორტიმენტისთვის შემოგვაქვს“.
პოლიტიკოსი
სურენ კერესელიანი მათ რიცხვში იყო, ვინც ომის შემდეგ ფაქტობრივად ახლიდან შექმნა და ორგანიზება გაუწია აფხაზეთში „გოსსტანდარტის“ საქმიანობას.
„ყოველთვის მაინტერესებდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. 2004 წლიდან სოხუმის სომხურ თემს ვხელმძღვანელობ, სხვადასხვა დროს ვიყავი აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი, მინისტრი და მთავრობის ვიცე-პრემიერი. ახლა პენისაზე ვარ.
სომხური თემები, როგორც ორგანიზაციები, მთელ მსოფლიოში არსებობს. სადაც სომხები კომპაქტურად არიან დასახლებულები – თემი ყველგან არის. თემი სომხური საზაოგადოებრიობის კონსოლიდირებას ცდილობს, მისი განვითრებისთვის პირობებს ქმნის. მაგრამ, ჩვენი ორგანიზაციის წესდების პირველივე პუნქტში წერია -აფხაზური სახელმწიფოებრიობის გამყარებაში თანადგომა.
არსებობს აფხაზეთის კონსტიტუციის 49-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტად შეიძლება აირჩიონ რესპუბლიკის არა ნებისმიერი მოქალაქე, არამედ, მხოლოდ – ეთნიკურად აფხაზი. მაგრამ ეს კანონი ჩვენ – აფხაზებს, არანაირად არ გვეჩოთირება – რა თქმა უნდა, ყველასთვის გასაგებია, რატომაც არის ეს მუხლი შეტანილი. იყო დრო, როდესაც აფხაზები საკუთარ ტერიტორიაზე მოსახლეობის 17 პროცენტს შეადგენდნენ, აქ ქართველებს ძალით ასახლებდნენ. და აფხაზებს საფრთხის ასაცილებლად ზომების მიღება მოუხდათ.
აფხაზეთში არანაირი სხვა, სომეხი ან რომელიმე სხვა ეთნიკური ჯგუფის შემზღუდველი კანონი არ არსებობს. ჩემი მაგალითითაც ჩანს, რომ ეროვნება აფხაზეთში კარიერას ხელს არ უშლის“.
დიასახლისი
დიასახლისი აზნივ სარეციანი სოხუმში დაიბადა, ახლა 54 წლისაა.
„მე რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ დავამთავრე ტექნიკური სასწავლებელი ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების ოპერატორის სპეციალობით. საერთოდ, მომღერლობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ჩემი ცუდი დიქციის გამო, არაფერი გამოვიდა. შემდეგ პეტერბურგში დაუსწრებლად ვსწავლობდი საინჟინრო ელექტრომექანიკოსობის განხრით, მაგრამ სპეციალობით მუშაობამ არ მომიწია.
მყავს ოჯახი, დიდი შვილები, გვაქვს საკუთარი სახლი, მეურნეობა: ძროხები, ფუტკრები, ბოსტანი.
ომამდე, საბჭოთა დროს ხვალინდელი დღის იმედი გვქონდა. ადამიანებს თუ სამსახური არ ჰქონდათ, ან ავად გახდებოდნენ – მაინც დარწმუნებულები იყვნენ, რომ არ დაიკარგებოდნენ. ახლა ეს განწყობა არ არის. ალბათ მთელ პოსტსაბჭოტა სივრცეში ასეა.
წინათ ერთმანეთთან მეტი ურთიერთობა გვქონდა, ახლა კი ყველა საკუთარი კეთილმოწყობითაა დაკავებული. ცდილობენ, ერთმანეთს აჯობონ.
ამიტომაც, თემი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თორემ ალბათ საერთოდ დაგვავიწყდებოდა ჩვენი კულტურა. კარგი იქნებოდა გაიხსნას კერძო სომხური სკოლა იმ სომეხი ბავშვებისთვის, რომლებიც რუსულ სკოლებში სწავლობენ – მშობლიურ ენაზე წერა-კითხვა რომ ესწავლათ. მაგალითად, მე სომხურად არც წერა ვიცი და არც -კითხვა. მხოლოდ ლაპარაკი შემიძლია, და ისიც – ამშენის დიალექტზე; იმის წყალობით, რომ სოფელში დეიდასთან ჩავდიოდი ხოლმე სტუმრად და იქ ვისწავლე“.
როგორც თემის წევრი, პარლამენტის დეპუტატი რობერტ აილიანი ამბობს, ჩატრებული ყრილობის მთავარ მიღწევად მიიჩნევა, რომ როგორც იქნა, გადაიჭრა – თემის შიგნით არსებული ძველისძველი, „პერმანენტული კონფლიქტის“ პრობლემა
ყრილობის მთავარ გადაწყვეტილებებს შორისაა – თავდაპირველი სახელწოდების დაბრუნება „აფხაზეთის სომხური თემი“ , და ხელმძღვანელის თავმჯდომარეობის ვადის სამ წლამდე შემცირება.
ორგანიზაციის ოფიციალური მისიის დეკლარირება მოახდინა სოხუმის სომხური თემის ხელმძღვანელმა სურენ კერესელიანმა:
„ჩვენ აფხაზეთის მოქალაქეები ვართ,და ჩვენი უპირველესი ამოცანაა – აფხაზური სახელმწიფოებრიობის გამყარების ხელშეწყობა… არსებობს კოლოსალური შესაძლებლობები, რასაც ჩვენი ერი გვაძლევს. ეს უკავშირდება ისტორიულ სამშობლოს – სომხეთს, ყარაბაღსა და რუსეთს, მსოფლიოში არსებულ დიასპორას. თემის უზარმაზარი პოტენციალი ჯერ გამოუყენებელია. ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დახმარების გაწევა შეგვიძლია“.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო